ნათია თურნავა: ევროკავშირი არის N1 სავაჭრო პარტნიორი, დაახლოებით 23-24% სავაჭრო ბრუნვის მოდის ევროკავშირზე.
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნათია თურნავას განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე:
სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან 2018-2019 წლებში მართლაც მთლიანი ბრუნვის 23-24%-ს შეადგენდა, 2020 წლის დაუზუსტებელი მონაცემებით კი 22.4%-ს გაუტოლდა. თუმცა, სამწუხაროდ, აღნიშნულ მაჩვენებელში 2012-2020 წლებში ზრდადი დინამიკა არ აღინიშნებოდა და მაჩვენებელი, საშუალოდ 25%-ის დონეზე ფიქსირდებოდა.
ეკონომიკის მინისტრმა, სავაჭრო სფეროზე მსჯელობისას, ევროკავშირი ერთიან ბაზრად განიხილა. მსგავსი ერთიანი ბაზარი, რომელთანაც შედარება რელევანტურია, არის ევრაზიული კავშირი, რომელშიც რუსეთი, სომხეთი, ყაზახეთი, ბელარუსი და ყირგიზეთი შედის. ბოლო წლებში, ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვა, ევრაზიულ კავშირთან სავაჭრო ბრუნვას, მუდმივად აღემატებოდა.
ანალიზი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, მთავრობის ბრიფინგზე განაცხადა: „ევროკავშირი არის N1 სავაჭრო პარტნიორი, დაახლოებით 23-24% სავაჭრო ბრუნვის მოდის ევროკავშირზე“. მინისტრმა, განცხადება ასოცირების საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც საქართველოს მხარდაჭერა - შავ ზღვაში კავშირ-ურთიერთობების, ე.წ „ქონექთივითის“ სფეროსთან დაკავშირებით გამოუცხადეს (განსაკუთრებით კი საბორნე მიმოსვლის განვითარების საჭიროებიდან გამომდინარე, ძირითადად საქართველოსა და რუმინეთის, უკრაინის ბულგარეთისა და უკრაინის პორტებს შორის).
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, ქვეყნის სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ხელი 2014 წელს მოაწერა. სავაჭრო ბრუნვა, ექსპორტისა და იმპორტის ჯამს წარმოადგენს. ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვის სტატისტიკა ცხრილ 1-შია წარმოდგენილი. სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან 2018-2019 წლებში მართლაც მთლიანი ბრუნვის 23-24%-ს შეადგენდა. თუმცა, სამწუხაროდ, აღნიშნულ მაჩვენებელში 2012-2020 წლებში ზრდადი დინამიკა არ აღინიშნებოდა და მაჩვენებელი, საშუალოდ 25%-ს დონეზე ფიქსირდებოდა. უფრო მეტიც, 2019-2020 წლებში სავაჭრო ბრუნვის ფარდობითი მაჩვენებელი, წინა წლებთან შედარებით, შემცირდა კიდევაც. ევროკავშირიდან იმპორტის მაჩვენებელი 2012-2019 წლებში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და დაახლოებით 2.2 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო ევროკავშირში ექსპორტის მაჩვენებელი 137%-ით გაიზარდა, რაც დადებით ფაქტს წარმოადგენს.
ცხრილი 1: ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვის სტატისტიკა 2012-2020 წლებში, მლნ აშშ დოლარი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ეკონომიკის მინისტრმა, სავაჭრო სფეროზე მსჯელობის მიზნისთვის, ევროკავშირი ერთიან ბაზრად განიხილა. არსით მსგავსი ერთიან ბაზარი, რომელთანაც შედარება რელევანტურია, არის ევრაზიული კავშირი, რომელშიც რუსეთი, სომხეთი, ყაზახეთი, ბელარუსი და ყირგიზეთი შედის.
გრაფიკი 2: საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირთან, 2012-2020 წლებში, მლნ აშშ დოლარი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ევროკავშირთან და ევრაზიულ კავშირთან, საქართველოს სავაჭრო ბრუნვის სტატისტიკა გრაფიკ 2-ზეა წარმოდგენილი. ბოლო წლებში, სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან, ევრაზიულ კავშირთან სავაჭრო ბრუნვას მართლაც აღემატებოდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ევრაზიულ კავშირთან სავაჭრო ბრუნვის სტატისტიკა ზრდადია და 2020 წელს, 2012 წელთან შედარებით, ბრუნვა 90%-ით არის გაზრდილი , ხოლო ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვა, 2012 წელთან შედარებით 4%-ით არის შემცირებული. 2020 წელს, ზოგადად, მთლიანი სავაჭრო ბრუნვის შემცირება, ბუნებრივია, პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისით არის გამოწვეული.