მიმდინარე წლის 25 მარტს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალი გაიხსნა. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა. მედიასთან სხვადასხვა საკითხის კომენტირებისას მან განაცხადა, რომ აჭარა ტურისტების მისაღებად მზადაა.

ეს ინფორმაცია არ შეიძლება, იმედისმომცემი არ იყოს. მით უფრო, იმ რეგიონისთვის, რომლის მოსახლეობაც ტურისტების ნაკადის შემცირებამ მნიშვნელოვნად დააზარალა.

„ფაქტ-მეტრმა“ გადაწყვიტა, მკითხველს აჭარაში დღეისთვის არსებული მდგომარეობა გააცნოს და დაანახოს, არის, თუ - არა რეალურად რეგიონი მზად ტურისტების მისაღებად.

როგორ მიმდინარეობს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აჭარაში

მართალია, ამ ეტაპზე აჭარაში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, თუმცა კომენდანტის საათი კვლავ ძალაშია და სავარაუდოდ, ჯერ კიდევ დიდხანს დარჩება, რადგან შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ იმატა. მაგალითად: 23 მარტს რეგიონში ინფიცირების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, შემდეგ დღეებში რაოდენობამ იკლო, მაგრამ ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად 20 ადამიანზე მეტია. გამონაკლისია შაბათი და კვირა, როცა ტესტირების რაოდენობა ნაკლებია.

აჭარაში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო და 20 მარტის მონაცემებით, 389 მედიკოსი იყო აცრილი. დასაწყისში ვაქცინაციის პროცესი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ქობულეთის სამედიცინო ცენტრში ხორციელდებოდა, 18 მარტს კი სხვა მუნიციპალიტეტების სამედიცინო ცენტრებიც ჩაერთვნენ. თუმცა, ახალქალაქში მომხდარი შემთხვევის შემდეგ, ვაქცინის გაკეთების მსურველი მედპერსონალის რიცხვი შემცირდა. აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 25 მარტის მონაცემებით, რეგიონში ვაქცინაცია 405 მედიკოსს ჩაუტარდა. ე. ი., ხუთი დღის განმავლობაში, ვაქცინირებული პერსონალის რიცხვი მხოლოდ 16 ადამიანით გაიზარდა. აჭარაში კი მედპერსონალის რაოდენობა 5 200-ს აღწევს. გამოდის, რომ ამ ეტაპზე მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 7,8%-ია აცრილი. ცნობილია, რომ ეფექტის მისაღწევად, მოსახლეობის 60% მაინც უნდა აიცრას. თუმცა, თუ ვაქცინაცია ასეთი ტემპებით გაგრძელდა, რეგიონისთვის გამოგზავნილი 4 000 დოზა ვაქცინის ათვისებას საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდება. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში შემოტანილი ბრიტანულ-შვედური AstraZeneca/Oxford-ის 43 200 დოზა ვაქცინა, პირველ ეტაპზე, სამდიცინო პერსონალის აცრისთვის უნდა გაიხარჯოს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის ნაწილი ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი.

ამასთანავე, გადაწყდა, რომ 20 მარტიდან ვაქცინის გაკეთება აჭარის მხოლოდ ორ კლინიკაში იქნებოდა შესაძლებელი, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ქობულეთის სამედიცინო ცენტრში, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში პროცესი შეჩერდა. „ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი. რეგიონის იმუნიზაციის მენეჯერმა ნანა ჯინჭარაძემ განგვიმარტა, რომ ეს მეტი სიფრთხილის, საიმედოობის გამო გაკეთდა და გადაწყვეტილების საფუძველი ქვეყანაში დაფიქსირებული აცრისშემდგომი მეტად მტკივნეული ტრაგიკული შემთხვევა გახდა. მისივე ინფორმაციით, ყველა დაწესებულება, რომლებიც ჩართულია იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში, მათ შორის, ზემო აჭარის კლინიკები, წლებია, ქვეყანაში დანერგილ ბავშვთა ვაქცინაციას საკმაოდ წარმატებულად ახორციელებენ. „რაც შეეხება კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებას, თითოეული რგოლი არაერთხელ გადამზადდა და შესაბამისი მზაობა გააჩნია. ვაქცინაციის პროგრამაში მონაწილე ყველა დაწესებულება წლების მანძილზე იცავს ანაფილაქსიური შოკისთვის მზაობის მოთხოვნებს. ყველგანაა ის აუცილებელი მედიკამენტები, რომელთა გამოყენება ვაქცინაციის შემდგომი ალერგიული რეაქციების დროს შეიძლება გახდეს საჭირო. მაღალმთიანი აჭარის კლინიკებში გადაუდებელი სერვისის მიწოდების შესაძლებლობაა, თუმცა შემდეგი მართვის თვალსაზრისით, ნებისმიერი მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი რეფერირდება ბათუმის კლინიკებში“, - გვითხრა ნანა ჯინჭარაძემ.

რეგიონის იმუნიზაციის მენეჯერს ლოგიკურად მიაჩნია ის ფაქტიც, რომ ცნობილი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელიც უშუალოდ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას არ უკავშირდება და შესაძლოა, ვაქცინის გვერდითი მოვლენის არასწორად მართვით იყოს გამოწვეული, ვაქცინის გაკეთების მსურველთა რაოდენობა შემცირებულია.

აქ ჩნდება მეორე კითხვაც: რატომ არ მიმდინარეობდა რეგიონში (და ქვეყანაში) ვაქცინაციის მხარდამჭერი კამპანია, მაშინ, როცა ანტივაქსერების მიერ სოცქსელებში სხვადასხვა სახის დეზინფორმაცია და ყალბი ამბები აქტიურად ვრცელდებოდა?

ამ კითხვაზე ნანა ჯინჭარაძემ გვიპასუხა: „სამედიცინო პერსონალმა და მოსახლეობამ უნდა აწონ-დაწონოს დაავადების მიერ მიყენებული ზიანი და ვაქცინაციის სარგებელი, ამ რისკების თანაფარდობით უნდა განახლდეს და უფრო ინტენსიური გახდეს პროცესი. მსოფლიო გამოცდილებას როდესაც ვუყურებთ, ვხედავთ, რომ ევროპის რიგ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია მიმდინარეობს, პარალელურად ისევ საჭირო გახდა შემზღუდავი ღონისძიებების გახანგრძლივება. ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ამის საშუალებას ვერ მოგვცემს და პირველ რიგში, ვსაუბრობთ ადამიანთა სიცოცხლეზე, კოვიდით ყოველდღიურ დანაკარგზე“.

სოციალურ-ეკონომიკური ფონი კი მართლაც მძიმეა და აჭარაში შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით არაერთი ხალხმრავალი აქცია გაიმართა. ბუნებრივია, ტურიზმის აღდგენა ამ ადამიანების მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, რადგან მათი სამუშაო ადგილებზე დაბრუნება სწორედ ტურიზმზეა მიბმული. ოღონდ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2020 წლის ტურისტული სეზონი აღმოჩნდა ის გარდამტეხი მომენტი, რომელმაც „მწვანე ზონად“ წოდებული აჭარა „წითელ ზონაში“ გადაისროლა.

2020 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონის შედეგი

თუ ქრონოლოგიურად მივყვებით, შარშან პირველი მასშტაბური ღონისძიება, რომელიც ძალიან ხალხმრავალი იყო და რეგულაციების სრული დაცვით ვერ განხორციელდა, 15 ივლისს დენდროლოგიური პარკის გახსნა იყო. ამას მოჰყვა ღამის კლუბებში, რესტორნებსა და კაფეებში ადამიანების სიმრავლე, სიმჭიდროვე რეგულაციების დაუცველად. ქობულეთსა და ბათუმში ახალი ძალით იფეთქა ვირუსმა და უკვე სექტემბერში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად 100 ადამიანზე მეტი იყო. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

კლინიკებში, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის პარალელურად, იზრდებოდა საწოლების რაოდენობა. მედპერსონალი პაციენტების მიღებას ვერ აუდიოდა, აგვიანებდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და გადავსებული იყო არა მხოლოდ კლინიკები, არამედ კოვიდსასტუმროებიც. ის, რომ ხელისუფლებასა და ეპიდემიოლოგებს შარშან ზაფხულში კოვიდსიტუაცია ხელიდან გაექცათ და აჭარაში უსაფრთხოების წესებს არ იცავდნენ, მაშინ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემაც აღიარა. ამას კი შედეგად ის მოჰყვა, რომ ბოლო (25 მარტის) მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით - 3 732 ადამიანია გარდაცვლილი, აქედან აჭარაში - 700-მდე ადამიანი.

და მაინც, ადამიანების არც თუ ისე მცირე ნაწილს ვაქცინის გაკეთება არ უნდა, რაც არა მხოლოდ ანტივაქსერების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის ბრალია, არამედ იმისიც, რომ სახელმწიფომ საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად არანაირი ზომები არ მიიღო, არავითარი მასობრივი კამპანია არ აწარმოა.

რა კრიტერიუმებით ფასდება აჭარის მზაობა ტურისტული სეზონისთვის

ერთადერთი საშუალება, რომელიც აჭარას (და მთლიანად ქვეყანას) ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის საფუძველს შეუქმნის, ვაქცინაციაა. „ასტრა ზენეკას“ შემდეგ, საქართველომ, გაეროს მიერ მხარდაჭერილი პლატფორმა COVAX-ის მეშვეობით, 29 250 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა მიიღო. „ფაიზერით“ ვაქცინაცია 30 მარტიდან შესაძლებელი იქნება ექვს კლინიკაში, საიდანაც ოთხი - თბილისში, ერთი - ქუთაისსა და ერთიც ბათუმში იმუშავებს. რეგისტრაცია დაწყებულია. მსურველებს დაჯავშნა შესაბამის საიტზე ელექტრონული რეგისტრაციის გავლით შეუძლიათ. გადაწყდა, რომ მედპერსონალის შემდეგ, 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები აიცრებიან.

რომ გადაწყდა, კარგია. ცუდი ისაა, რომ მსურველების რაოდენობა იკლებს. მაგალითად: NDI-ის მიერ მიმდინარე წლის იანვარში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კითხვას, გაიკეთებდა, თუ - არა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინას, 41%-მა დადებითად და ამდენივემ უარყოფითად უპასუხა. უკვე მარტში კი ამავე კითხვაზე უარყოფითი პასუხი 53%-მა გასცა, ხოლო 35%-მა თქვა, რომ ვაქცინას გაიკეთებს. მარტის გამოკითხვა კი ტრაგიკულ შემთხვევამდე ჩატარდა და, სავარაუდოა, რომ ვაქცინისადმი სკეპტიკურად განწყობილ ადამიანთა რიცხვი ექთნის დაღუპვის შემდეგ კიდევ გაიზრდება.

გამოდის, რომ საქართველოში ვაქცინის საჭირო დოზაც რომ შემოვიდეს, მოსახლეობის 60%-ის აცრა მაინც ეჭვის ქვეშ დგას. ეს ნიშნავს, რომ შესაბამისმა უწყებამ სათანადოდ ვერ იმუშავა. ტურისტული სეზონისთვის მზადყოფნა კი, პირველ რიგში, ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის უსაფრთხო გარემოს გულისხმობს და რამდენად იქნება ამის მიღწევა შესაძლებელი? ქვეყანაში სულ, ორივე დასახელების ვაქცინის გათვალისწინებით, 72 450 დოზაა შემოტანილი და გასათვალისწინებელია, რომ ერთ ადამიანს, გარკვეული შუალედის დაცვით, ორი ვაქცინა უნდა გაუკეთდეს. ამ ეტაპზე, საქართველოში 4 152 ადამიანია აცრილი. არც ის დაგვავიწყდეს, რომ კორონავირუსის რამდენიმე ახალი შტამია აღმოჩენილი და საქართველოში უკვე ბრიტანული შტამით ინფიცირების 50-მდე შემთხვევა გამოვლინდა.

მოკლედ, რეალობა ასეთია: 21:00-დან 05:00 საათებში გადაადგილება მხოლოდ საშვით შეიძლება; ვაქცინაციის პროცესი იმდენად ნელი ტემპით მიმდინარეობს, რომ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რეგიონებში ჩასვლას და მიზეზების ადგილზე გარკვევას აპირებს; მოქალაქეებში პირბადის სწორად გამოყენება შემცირებულია; გამორიცხული არაა კოვიდგადატანილის რეინფიცირება; შარშანდელი ზაფხულის მწარე გამოცდილება სახეზეა და პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამბობს, რომ აჭარა ტურისტების მისაღებად მზადაა, რამდენიმე დღის წინ თვითონვე აცხადებდა, რომ შესაძლოა, გარკვეული შეზღუდვები კვლავ ამოქმედდეს.

ამ ფონზე ჩვენ კიდევ ერთხელ და დაბეჯითებით გავიმეორებთ, რომ ეკონომიკის, ტურიზმის გასახსნელად ერთადერთი და უმოკლესი გზა ვაქცინაციაა. სხვა შემთხვევაში, ვირუსი ახალი ძალით იფეთქებს, რასაც მკაცრი შეზღუდვები მოჰყვება და მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.

ამის თქმის საფუძველს გვაძლევს სწორედ ზემოთ აღწერილი რეალობა. შარშან, ტურისტული სეზონის შემდეგ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის კატასტროფული სისწრაფით ზრდა, თვითონ ეპიდემიოლოგების აზრით, აჭარაში შეზღუდვების ერთბაშად შემსუბუქების შედეგი იყო. ამირან გამყრელიძის თქმით, ახლა პირბადის ტარების მაჩვენებელიც ძალიან დაბალია და შარშან ზაფხულში დაშვებული შეცდომების გამეორების საფრთხე კვლავაც არსებობს. სწორედ ამ შეცდომებისა და ინფიცირებულთა ზრდის შესაჩერებლად, ხელისუფლებამ სასწრაფოდ ახალი აკრძალვები დააწესა. ამ ერთი წლის განმავლობაში, კოვიდით ინფიცირების რიცხვმა სწორედ ამ შეზღუდვების წყალობით მოიკლო. ვაქცინა, რომელიც კრიზისიდან გამოსვლის საუკეთესო საშუალებაა, მთავრობამ დროულად ვერ შემოგვთავაზა. ის მცირე დოზა, რომელიც უკვე ქვეყანაშია, სიტუაციას ვერ შეცვლის. თუ გავითვალისწინებთ, რომ ადამიანს ვაქცინის ორი დოზა უკეთდება, დაახლოებით ორი კვირის შუალედით, გამოდის, რომ აჭარა ტურისტების მისაღებად ზაფხულშიც არ იქნება მზად. თავად პაატა იმნაძეც ადასტურებს, რომ მოსახლეობის ფართო ფენისთვის ვაქცინა ხელმისაწვდომი ზაფხულში ან შემოდგომაზე იქნება. რა მოჰყვება ტურისტულ სეზონს, თუ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა არ აიცრება, ადვილი წარმოსადგენია და ისიც ცხადია, რა ელოდება ქვეყანას, თუ შეზღუდვები კიდევ გაგრძელდება და ეკონომიკა არ გაიხსნება. ამ დილემის წინაშე ვაქცინის დაგვიანებით შემოტანის გამო აღმოვჩნდით და კიდევ იმიტომ, რომ ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ მოქალაქეებს, ამ ერთი წლის განმავლობაში, შესაბამისი ინფორმაცია არ მიეწოდებოდათ.

დეტალურ მონაცემებს ვაქცინის შესახებ და ლიფლეტს, რომელიც ვაქცინაციის თაობაზე საჭირო ინფორმაციას შეიცავს, გაეცანით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გვერდზე.

შენიშვნა: დღევანდელი, 27 მარტის მონაცემებით, აჭარაში ვაქცინაცია 430-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. რაც შეეხება ჯავშანს, სპეციალურ საიტზე დარეგისტრირდა „ასტრა ზენეკათი“ აცრის 26 და „ფაიზერით“ აცრის 900-ზე მეტი მსურველი.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი