იტვირთება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2016-2019 წლებს მოიცავს.

აჭარაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის პროგრამებს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს, რომლის სისტემაშიც ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და მის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ „ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო“ შედის. აუდიტის ანგარიშით, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 2016-2019 წლებში 34 595 600 ლარი დაიხარჯა.

სამინისტროს მიერ „მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა“ ხორციელდება, რომლის მიზანსაც მცირე და საშუალო ობიექტების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ტურისტული ობიექტების მომსახურების გაუმჯობესება წარმოადგენს. შერჩეული ბანკები სესხს მცირე და საშუალო ბიზნესსუბიექტებზე გასცემენ, რომელთა საქმიანობაც საზოგადოებრივი კვებისა და გასართობი ობიექტების, ასევე, არა უმეტეს 50-ნომრიანი სასტუმროსა და სხვა ტურისტული ობიექტების ფუნქციონირებას უკავშირდება.

2014 წელს აჭარის მთავრობამ აღნიშნული პროგრამის მსესხებელთა რეესტრის შემდგენი კომისია შექმნა. თავის მხრივ, კომისიამ მოქალაქეთა განცხადებები განიხილა და 188 სუბიექტისგან შემდგარი მსესხებელთა რეესტრი შეადგინა.

როგორც ირკვევა, პროგრამის ფარგლებში, სესხის მომსახურების თანადაფინანსების სახით, ჯამში 610 600 ლარი 40 ბენეფიციარზე გაიცა.

აღსანიშნავია, რომ „ფაქტ-მეტრმა“ პროგრამის შესახებ ინფორმაცია 2020 წლის დასაწყისში გამოითხოვა. სამინისტროსგან მიღებული პასუხის თანახმად, სესხის აღებისას უწყება მსესხებელს 15%-დან 12%-ს უფინანსებს. 2014 წელს ხელშეკრულება სს „ლიბერთი ბანკსა“ და სამინისტროს შორის არის გაფორმებული. წარდგენილი 188 სუბიექტიდან, ბანკმა სესხი მხოლოდ 25 ბენეფიციარზე გასცა.

2016 წელს პროგრამა გაგრძელდა. ამჯერად ხელშეკრულება სს „საქართველოს ბანკთან გაფორმდა“, რომელმაც დარჩენილი 163 სუბიექტიდან, დაფინანსების თანხმობა 25 სუბიექტზე გამოთქვა, თუმცა, 2020 წლის თებერვლის მდგომარეობით, სესხი 16 სუბიექტზე გაიცა. ჯამში, 2014 წლიდან მიმდინარე წლის თებერვლის ჩათვლით, დაფინანსება 41 ბენეფიციარმა მიიღო.

საბოლოოდ, ბათუმში რეგისტრირებული სუბიექტებისთვის 2019 წელს თანადაფინანსების თანხის მოცულობა 23 173 ლარს შეადგენს, ხოლო ქობულეთში - 24 948 ლარს.

2014-2019 წლების მონაცემებით კი, ჯამურად, „ლიბერთი ბანკის“ მიმართულებით, თანადაფინანსების მოცულობა 338 529 ლარია, „საქართველოს ბანკის მიმართულებით“ კი - 268 435 ლარი. (დანართი 1) შეგახსენებთ, ეს 2020 წლის დასაწყისისთვის არსებული მონაცემებია.

„მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის“ მოსალოდნელი საბოლოო შედეგი ტურიზმის სექტორში სამეწარმეო აქტიურობის გაზრდა და ბიზნესსუბიექტების რაოდენობის მატებაა. თუმცა აუდიტის მიერ მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გაცემული სესხები 2007-2013 წლებში სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან/კომერციული ბანკიდან ან/და კერძო გამსესხებლისგან აღებული სესხების რეფინანსირებას წარმოადგენს. ამ სესხების გადახდა ბენეფიციარებმა ვერ შეძლეს და იპოთეკით დატვირთული ქონების დაკარგვის საფრთხე გაჩნდა. აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი რესურსი ამ მოვალეებისთვის სესხის წნეხის შემცირებას მოხმარდა და არა - ტურისტული ობიექტების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ან ტურისტული მომსახურების გაუმჯობესებას. ამასთანავე, სამინისტრომ არ განსაზღვრა სათანადო კონტროლის მექანიზმები, ამიტომ არ აქვს ინფორმაცია, რამდენად შეასრულა დანიშნულება პროგრამამ და დაეხმარა, თუ - არა ბენეფიციარებს.

აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ პროგრამა მნიშვნელოვანი ხარვეზებით განხორციელდა და სამინისტროს ურჩევს, მსესხებელთა რეესტრის შემდგენმა კომისიამ დეტალურად გამოიკვლიოს თითოეული შემთხვევა, პრობლემის წარმოქმნის მიზეზები და რეკომენდაცია მხოლოდ სათანადო კრიტერიუმებისა და მიზნობრიობის დაკმაყოფილების შემთხვევაში გასცეს. გარდა ამისა, სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს ეფექტიანი მონიტორინგის სისტემა. კონტროლის სწორად განხორციელება შესაძლებელს გახდის, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბენეფიციარმა ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯი უკან დააბრუნოს.

კიდევ ერთი მიგნება, რომლის შესახებაც აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში, საპიკნიკე ადგილებისა და გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სადგურის მოწყობას ეხება.

2018 წელს სამინისტრომ, ამ მიზნით, არაერთი ხელშეკრულება გააფორმა. მათ შორის, საპიკნიკე ადგილების მშენებლობა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს ხიდთან და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზამლეთში. აუდიტის დასკვნით, სამუშაოები არასათანადოდ დაიგეგმა. კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტენდერში (SPA180005281) გამარჯვებული კომპანიაა შპს „ალიგატორი 1“, რომელთანაც 398 987-ლარიანი ხელშეკრულება 2018 წლის 8 აგვისტოს გაფორმდა. სამუშაოები იმავე წლის ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. თუმცა ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა და საბოლოო მიღება-ჩაბარება 2019 წლის 7 ივნისს შედგა. აუდიტის სამსახურის შეფასებით, უწყებამ არ გაითვალისწინა ადგილობრივი მოსახლეობის პრეტენზიები სამშენებლო ტერიტორიასთან მიმართებით, რაც პროექტის გაჭიანურების მიზეზი გახდა. თუმცა ინფრასტრუქტურა დასრულების შემდეგაც უფუნქციოა. ერთ მათგანს წყალი და ელექტროენერგია არ მიეწოდება, რაც მას უსარგებლოს ხდის.

სამინისტრომ იმავე კომპანიასთან, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოში საპიკნიკე ადგილისა და გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სადგურის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე, კიდევ ერთი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ღირებულებაც 169 140 ლარს შეადგენს. სამუშაოები 2018 წლის 11 ივლისს დაიწყო და 20 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო. თუმცა შემსყიდველმა პროექტი 2019 წლის 27 ივნისს ჩაიბარა. აუდიტის სამსახურის მიერ სამუშაოების ფიზიკური დათვალიერებისას გამოვლინდა, რომ ობიექტს წყალი არ მიეწოდება, გაუმართავია საკანალიზაციო სისტემა, არ არსებობს საჩრდილობელი, მისასვლელი კიბე მოწყობილი არ არის. გარდა ამისა, ობიექტის სათანადო მოვლა-პატრონობა არ ხორციელდებოდა და დაზიანდა. არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, სამინისტრომ კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა. ამჯერად სამუშაოები შპს „იმპექსისგან“ 29 999 ლარად შეისყიდა. პროექტის განხორციელების ვადად 2020 წლის 12 მარტიდან 2020 წლის 11 მაისის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა. თუმცა სახელშეკრულებო პირობები ამ შემთხვევაშიც შეიცვალა და პროექტი რამდენიმე თვით გახანგრძლივდა.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში გამოვლენილი ხარვეზები აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ პროექტების ადმინისტრირებაში არსებულ სისტემურ ხარვეზებზე მიუთითებს. ამავე შეფასებით, სამინისტროს, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით, ჩამოყალიბებული მიდგომები და კონცეფცია არ აქვს. პრობლემაა ასევე მიღებული პროდუქტის სათანადო მოვლა-პატრონობაც. ეს გარემოებები კი განაპირობებს იმას, რომ განხორციელებული პროექტებისგან ვერც სახელმწიფო ბიუჯეტი და ვერც მოსახლეობა მოსალოდნელ სარგებელს ვერ იღებს.

ფოტო:publika.ge

თეგები:

მსგავსი სიახლეები

2847 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
26%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
13%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი