ნუგზარ წიკლაური: საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტოა, როდესაც პარლამენტის 50-მა წევრმა მანდატზე უარი თქვა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნუგზარ წიკლაურის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, არცერთი მოწვევის პარლამენტში პარლამენტის წევრთა 1/3-ზე მეტს, პარლამენტისთვის არჩევნების გაყალბების მოტივით, ბოიკოტი არ გამოუცხადებია.
ანალიზი:
2021 წლის 22 მარტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა: „საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ამბავი მოხდა, როდესაც 50-მა პარლამენტის წევრმა უარი თქვა თავის საპარლამენტო მანდატზე, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს იყო გაყალბებული არჩევნები და არ გამოხატავდა ხალხის ნებას“.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საპარლამენტო მანდატი 9 საარჩევნო სუბიექტმა მოიპოვა.
ცხრილი 1: 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად განაწილებული მანდატები.
წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია
საპარლამენტო არჩევნების პროცესში გამოვლენილმა დარღვევებმა საზოგადოების ნაწილში კენჭისყრის შედეგების მიმართ უნდობლობა გააჩინა. არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად მიიჩნიეს და პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს. 2020 წლის 3 ნოემბერს ოპოზიციამ პარლამენტის მანდატებზე უარის თქმის შესახებ შეთანხმება გააფორმა. ოპოზიცია მმართველი გუნდისგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაყენებას, „პოლიტპატიმართა გათავისუფლებასა“ და ხელახალი/რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს და მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. ამასთან, 2020 წლის დეკემბერში, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნით მიმართეს. [1]
31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, შექმნილი მძიმე ვითარების განმუხტვის მიზნით, ევროპელი და ამერიკელი დიპლომატების ჩართულობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მრავალი რაუნდი გაუმართა, თუმცა მხარეებს შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ. შესაბამისად, ამ დრომდე, პარლამენტის წევრობაზე 54 ოპოზიციონერი დეპუტატი უარს აცხადებს.
აღსანიშნავია, რომ ეს არჩევნების გაყალბების მიზეზით საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის პირველი შემთხვევა არ არის. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში საპარლამენტო მანდატი ოთხმა საარჩევნო სუბიექტმა მოიპოვა.[2]
ცხრილი 2: 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შედეგად განაწილებული მანდატები.
წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია
2008 წლის 21 მაისს არჩეული პარლამენტის ოპოზიციური სპექტრი, გარდა „ქრისტიან-დემოკრატებისა“, არჩევნების შედეგების გაყალბების მოტივით, საკანონმდებლო ორგანოს მთლიანად გაემიჯნა და ახალი არჩევნების დანიშვნა მოითხოვა. „ლეიბორისტულმა პარტიის“ 6-მა და „გაერთიანებულმა ოპოზიციის“ 13-მა წარმომადგენელმა დეპუტატობაზე უარი თქვა და 2008 წლის 7 ივნისს, მე-7 მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს, მანდატები დაჭრა. აღსანიშნავია, რომ ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებმა, რომლებმაც საპარლამენტო მანდატი მოიპოვეს, მასზე ოფიციალური უარი არ თქვეს. თუმცა, პოლიტიკური მოტივით - 4 წლის განმავლობაში, არცერთ პლენარულ სხდომას არ დასწრებიან. ამასთან, მოგვიანებით, „გაერთიანებული ოპოზიციის“ 4 წარმომადგენელი პარლამენტში შევიდა. საბოლოო ჯამში, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებულ მანდატზე, ოფიციალური უარი 5-მა პარლამენტის წევრმა განაცხადა.
ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნუგზარ წიკლაურის განცხადება არის სიმართლე. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, არცერთი მოწვევის პარლამენტში პარლამენტის წევრთა 1/3-ზე მეტს, არჩევნების გაყალბების მოტივით, პარლამენტისთვის ბოიკოტი არ გამოუცხადებია.
[1]„ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ“, საარჩევნო ბლოკმა „ძალა ერთობაშია“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ლელომ“, „საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ“, „ევროპული საქართველომ“ და ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ პარლამენტს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნით მიმართეს. უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა პარტია „მოქალაქეებმაც“ მოითხოვა, თუმცა 2021 წლის 29 იანვარს „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღეს.
[2]2008 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით (75 დეპუტატი მაჟორიტარული წესით და 75 დეპუტატი პროპორციული წესით ირჩეოდა) და 5 %-იანი ბარიერით ჩატარდა.