თორნიკე რიჟვაძე: ჩვენ ბათუმში დავიწყეთ „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა და ყოველკვირეულად ხდება ხარისხის შემოწმება.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ თორნიკე რიჟვაძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.

რეზიუმე: ე. წ. ოცნების ქალაქის, იგივე „მუყაოს ქალაქის“ დასახლება ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში, 2012 წლიდან არსებობს, როცა რამდენიმე ოჯახი იქ თვითნებურად დასახლდა. მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდებოდა და 2 000 ოჯახს გადააჭარბა. ადამიანები, მათ შორის, ბავშვები, მოხუცები, შშმ პირები წლებია, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ და სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ. აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ოცნების ქალაქში ბინების მშენებლობის გადაწყვეტილება 2018 წელს დააანონსა.

2020 წლის 13 თებერვალს მთავრობამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან 38 745 999-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა. ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში, აჭარის ა/რ საკუთრებაში არსებულ 9 327 კვ. მ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ხელშეკრულების თანახმად, ჩვიდმეტ თვეში ანუ 2021 წლის 13 ივლისს უნდა დასრულდეს.

სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ვადა გახანგრძლივდა. როგორც აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან მოგვწერეს, ამის მიზეზი კომპანიის მიმართვა გახდა, რომელმაც ვადის გახანგრძლივება პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო მოითხოვა.

პროექტში უკვე გადახდილია 14 140 740 ლარი ანუ მთლიანი ღირებულების 37%, აქედან 5 811899,90 ლარი - ავანსის სახით. რაც შეეხება შესრულებული სამუშაოების მოცულობას, პასუხი ამ კითხვაზე სამინისტრომ არ მოგვწერა, თუმცა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, რომ კომპანიას თანხა პროექტის კონსტრუქციული ნაწილის განხორციელებისთვის დაერიცხა.

სამუშაოების ხარისხს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ამოწმებს. თუმცა მას ფარული სამუშაოების აქტებს მშენებელი კომპანია წარუდგენს. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნებში წერია, რომ არმატურისა და ბეტონის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევების თანახმად, შესრულებული სამუშაოების ხარისხი საქართველოში მოქმედ სამშენებლო წესებსა და ნორმებს შეესაბამება.

მიუხედავად ამისა, როგორც იმ ტერიტორიაზე დასახლებულები აცხადებდნენ, „ოცნების ქალაქში“ მშენებარე სამი კორპუსიდან, ერთ-ერთის კედელი ჩამოიშალა. სამინისტრომ გვაცნობა, რომ ბეტონის მარკის საპროექტო მონაცემებთან შეუსაბამობის გამო, წუნდებული ნაწილის დემონტაჟი განხორციელდა. თუმცა რატომ და როგორ მოხდა, რომ კომპანიამ პროექტთან შეუსაბამო ბეტონის მარკა გამოიყენა, როცა ხარისხის ზედამხედველობა და ექსპერტიზა ხორციელდება, ჩვენთვის უცნობია. უწყებამ მხოლოდ ის მოგვწერა, რომ პასუხისმგებლობა მზა ბეტონის მომწოდებელ შპს „ჰაიდელბერგცემენტს“ დაეკისრა.

ანალიზი: აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა: ზუსტად ერთი წლის წინ ჩვენ ბათუმში დავიწყეთ „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა. დღეს უკვე 70%-ზე მეტი სამუშაოები შესრულებულია კარკასის ნაწილში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყოველკვირეულად ხდება ხარისხის შემოწმება შესაბამისი უწყებების მხრიდან“.

„ოცნების ქალაქში“ თვითნებურად დასახლებულებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა 2020 წელს დაიწყო. განხორციელდა მოსახლეობის აღწერა და მონაცემთა ბაზა შეიქმნა. დაიწყო მუშაობა კრიტერიუმებზე, რომლებიც აპლიკანტმა ოჯახმა უნდა დააკმაყოფილოს. კრიტერიუმები ჯერ დაზუსტებული არ არის. სამუშაო პროცესში, მთავრობასთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციებიც არიან ჩართული. ჯერ უცნობია, ვინ მიიღებს ბინას ახალაშენებულ კორპუსებში. საუბარია 582 ოჯახზე, რომლებსაც მას შემდეგ შეარჩევენ, რაც კრიტერიუმებზე საბოლოოდ შეთანხმდებიან.

აღნიშნულმა ინფორმაციამ „ოცნების ქალაქში“ დასახლებულების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ნაწილმა რამდენიმე აქციაც გამართა და მთავრობისგან მოითხოვა, რომ კრიტერიუმებზე დროულად ჩამოყალიბდეს. გაუსაძლის პირობებში მცხოვრები ადამიანები ეჭვობენ, რომ მათი უმეტესობა ბინას ვერ მიიღებს. დასახლებაში მართლაც უამრავი პრობლემაა, მათ შორის, გაუმართავი ელექტროგაყვანილობები, რაც ხშირად ხანძრის მიზეზი ხდება და არაერთი ოჯახი საცხოვრებელის გარეშე დარჩა. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა საჭიროებებზე „ფაქტ-მეტრმა“ ადრეც დაწერა.

მეჯინისწყალზე სამი კორპუსის მშენებლობის პროექტს შპს „დაგი“ ახორციელებს (ტენდერი NAT190025735). ამ კომპანიის მიერ შესრულებული პროექტების ხარისხი არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია). მიუხედავად კომპანიის შესახებ არსებული ინფორმაციისა, მთავრობამ ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში, აჭარის ა/რ საკუთრებაში არსებულ 9 327 კვ. მ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე 38 745 999-ლარიანი ხელშეკრულება სწორედ მასთან გააფორმა. პროექტი 2023 წლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. მომდევნო ეტაპზე კიდევ 1 000-მდე ოჯახის დაკმაყოფილება იგეგმება. თუმცა „ოცნების ქალაქში“ ჩასახლებული ოჯახების რაოდენობა 2 000-სს აჭარბებს.

ხელშეკრულების თანახმად, მშენებლობა 2021 წლის 13 ივლისს უნდა დასრულდეს, თუმცა კომპანიამ ვადის გახანგრძლივება 25 ოქტომბრამდე ითხოვა. კომპანიის დირექტორმა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მისწერა, რომ პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო, დასაქმებულების ტრანსპორტირების პრობლემა შეიქმნა და მათ სამუშაო დღის დასრულება უფრო ადრე უწევთ. ჩვენს კითხვაზე, რამ გამოიწვია სახელშეკრულებო ვადის გახანგრძლივება, სამინისტრომ სწორედ ეს წერილი გამოგვიგზავნა. ( დანართი 1 )

მთავრობის თავმჯდომარის განცხადების თანახმად, სამუშაოების ხარისხი ყოველკვირეულად მოწმდება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ექსპერტიზას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურო ახორციელებს. მის დასკვნებში აღნიშნულია, რომ შესრულებული სამუშაოების ხარისხი საქართველოში მოქმედ სამშენებლო წესებსა და ნორმებს შეესაბამება. მაგალითად, 2020 წლის 24 დეკემბრის დასკვნაში ექსპერტი წერს: „ექსპერტიზაზე წარმოდგენილია არმატურის ლაბორატორიული გამოცდის ოქმები, არმატურის სერთიფიკატები და ბეტონის ნიმუშების სიმტკიცის გამოცდის ოქმი, რომლის თანახმადაც შესაძლებელია, ითქვას, რომ შესრულებული სამუშაოების ხარისხი შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედ წესებთან და ნორმებთან“.

ამ დასკვნის მიღებიდან ორი თვეც არ იყო გასული, რომ „ოცნების ქალაქში“ მშენებარე სამი კორპუსიდან ერთ-ერთის კედელი ჩამოიშალა. „ფაქტ-მეტრი“ მიზეზით დაინტერესდა. უწყებამ მოგვწერა, რომ სამუშაოების მონიტორინგისას №1 კორპუსის +17,7 ნიშნულზე, გადახურვის ფილის ნაწილზე, დაფიქსირდა ბეტონის მარკის შეუსაბამობა საპროექტო მონაცემებთან. ხარვეზის გამოსწორების მიზნით განხორციელდა გადახურვის ფილისა და რიგელების წუნდებული ნაწილის დემონტაჟი. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ გარემოებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრა ობიექტზე მზა ბეტონის მომწოდებელ კომპანია შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“, რომელიც ხარვეზის გამოსწორებას სრულად აფინანსებს.

როგორ მოხდა, რომ კომპანიამ პროექტთან შეუსაბამო ბეტონის მარკა გამოიყენა, როცა ხარისხის ზედამხედველობა და ექსპერტიზა ხორციელდება, ამაზე პასუხში არაფერია ნათქვამი. რაც შეეხება დემონტაჟს, ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებდა, რომ მშენებარე კორპუსის კედელი თვითონ ჩამოიშალა. ინციდენტის შემდეგ, არც შემსყიდველმა და არც განმახორციელებელმა კომპანიამ „ბათუმელებთან“ მომხდარზე კომენტარი არ გააკეთა.

ინციდენტი რომ არ მომხდარიყო, ბეტონის ხარისხის შეუსაბამობაზე ინფორმაცია საზოგადოებისთვის უცნობი იქნებოდა. აქედან გამომდინარე, ცალსახად იმის თქმა, რომ ეს „შეუსაბამობის“ ერთადერთი შემთხვევა იყო, შეუძლებელია.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე, ამ ეტაპისთვის, ექსპერტიზის თერთმეტი დასკვნაა გამოქვეყნებული. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ამოწმებს შპს „დაგის“ მიერ წარდგენილ ფორმა №2-ში ნაჩვენებ სამუშაოებს, რომელთა დიდი ნაწილი ფარულ სამუშაოებს მიეკუთვნება. ექსპერტიზის ბიურო წერს, რომ ფარული სამუშაოების ნაწილში, ის წარდგენილ აქტებში დაფიქსირებულ მონაცემებს იზიარებს. გარდა ამისა, თუ გავიხსენებთ, რომ მშენებლობა 2020 წლის 23 თებერვალს დაიწყო, დღემდე, სულ მცირე, ორმოცდაათი კვირა მაინც გავიდა. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნა კი მხოლოდ თერთმეტია. ჩვენთვის უცნობია, რა სიხშირით მოწმდება სამუშაოების ხარისხი და რამდენად სანდოა კომპანიის მიერ წარდგენილი ინფორმაცია ფარული სამუშაოების შესახებ. ფაქტია, რომ შემთხვევამდე ხარისხის შესაბამისობაზე დასკვნა არსებობდა.

ამ ეტაპზე უკვე გადახდილია 14 140 740 ლარი ანუ მთლიანი ღირებულების 37%, აქედან 5 811899,90 ლარი - ავანსის სახით. რაც შეეხება უკვე შესრულებული სამუშაოების მოცულობას, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, რომ კომპანიას თანხა პროექტის კონსტრუქციული ნაწილის განხორციელებისთვის დაერიცხა. მას ასევე ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი აქვს 26 100 ლარი პირგასამტეხლოს სახით, ფინანსური გეგმა-გრაფიკის მეორე ეტაპის დაგვიანებით შესრულების გამო. (დანართი 2)

კიდევ ერთი ტენდერი (NAT210002760), რომელშიც შპს „დაგი“ ერთადერთი მონაწილე იყო, „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსის ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინების (582 ბინა) გაზმომარაგების, შიდა წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. სამინისტრომ „დაგთან“ 1 569 664-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა. სამუშაოები მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.

„ფაქტ-მეტრი“ „ოცნების ქალაქში“ მიმდინარე პროცესებს კვლავ აკვირდება და შესაბამის კვლევებს მომავალშიც შემოგთავაზებთ.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი