მამუკა მდინარაძე: საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების [ჰერითიჯის ფონდის] უკლებლივ ყველა ასპექტში წინსვლა აქვს.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მამუკა მდინარაძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

რეზიუმე:

პოლიტიკოსი ორგანიზაცია „Heritage Foundation“-ის ეკონომიკური თავისუფლების კვლევაზე საუბრობს. ორგანიზაცია ყოველწლიურად 180-ზე მეტი ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ხარისხს ზომავს (ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი), რომელიც დღეისათვის 12 კომპონენტის შეფასებით დგინდება. საქართველოს საერთო ქულა, 2012-2021 წლებში, ზრდადი ტენდენციით ხასიათდებოდა. 2021 წლის რეიტინგში, წინა პერიოდთან შედარებით, მაჩვენებლები საკუთრების უფლების, მთავრობის კეთილსინდისიერების, ბიზნესის თავისუფლების, მონეტარული თავისუფლების და ვაჭრობის თავისუფლების კომპონენტებში გაუარესებულია, ხოლო საინვესტიციო თავისუფლებისა და ფინანსური თავისუფლების კომპონენტები არ შეცვლილა. 2021 წლის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, ბიზნესის თავისუფლების, შრომის თავისუფლების და ვაჭრობის თავისუფლების კომპონენტებში უარესი მაჩვენებელი აქვს. აღსანიშნავია, რომ შეფასება ასევე სასამართლოს ეფექტიანობის კომპონენტშიც გაუარესებულია, რომელიც 2017 წლიდან ფასდება. შესაბამისად, დადებითი ზოგადი დინამიკის მიუხედავად, რეიტინგის ყველა ასპექტში, ზრდა არ ფიქსირდება. შესაბამისად, პოლიტიკოსის მტკიცება, რომ უკლებლივ ყველა კომპონენტში წინსვლაა, ტყუილია.

თავისთავად, ჯამური რეიტინგის მიხედვით, საქართველო, მეტწილად თავისუფალი ქვეყნების ჯგუფში ხვდება. 2021 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, საქართველო 77.2 საერთო ქულით, მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპის რეგიონის 45 სახელმწიფოს შორის მე-7 ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად არის დასახელებული. 2012 წელს, საქართველო მსოფლიოში 21-ე პოზიციაზე იმყოფებოდა, შესაბამისად, მსოფლიოსთან შედარებით, ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელში პროგრესი ფიქსირდება, თუმცა ცალკეულ კომპონენტებში მონაცემები გაუარესებულია. მამუკა მდინარაძის განცადებაში მოცემული მტკიცება, რომ საქართველოს ამ კვლევაში ყველა მიმართულებით წინსვლა აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს მაჩვენებლების ნაწილი გაუარესებულია არათუ წინა წლებთან, არამედ 2012-თან შედარებითაც კი. შესაბამისად, მამუკა მდინარაძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

ანალიზი:

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ განაცხადა: „საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების უკლებლივ ყველა ასპექტში წინსვლა აქვს. 2021 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, საქართველო 77.2 საერთო ქულით, მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპის რეგიონის 45 სახელმწიფოს შორის მე-7 ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად არის დასახელებული. საქართველო მოთავსებულია ინდექსის უმეტესწილად თავისუფალი ეკონომიკების ჯგუფში“.

Heritage Foundation, რომელიც 1973 წელს დაარსდა, ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კვლევითი და საგანმანათლებლო ინსტიტუტია. მისი ძირითადი მისია მთავარ ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებზე კვალიფიციური კვლევების ჩატარება და მათი მიზნობრივი მომხმარებლისთვის მიწოდებაა. 1995 წლიდან მოყოლებული აღნიშნული ორგანიზაცია ყოველწლიურად 180-მდე მეტი ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ხარისხს ზომავს (ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი), რომელიც დღეისათვის 12 კომპონენტის შეფასებით დგინდება. აღნიშნული კომპონენტები 4 ძირითად ჯგუფშია გაერთიანებული:

• კანონის უზენაესობა (საკუთრების უფლება, სასამართლოს ეფექტიანობა, მთავრობის კეთილსინდისიერება);

• მთავრობის ზომა (ფისკალური სიჯანსაღე, საბიუჯეტო დანახარჯები, საგადასახადო ტვირთი);

• რეგულირების ეფექტიანობა (ბიზნესის თავისუფლება, შრომის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება);

• ბაზრის ღიაობა (ვაჭრობის თავისუფლება, ინვესტირების თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება).

თითოეული პარამეტრი 100-ქულიან შკალაზე ფასდება (0 - ეკონომიკური თავისუფლების ყველაზე დაბალი დონე, 100 - ეკონომიკური თავისუფლების ყველაზე მაღალი დონე) და შედეგები პროცენტებში გამოისახება. აღსანიშნავია, რომ საერთო ქულის მისაღებად თითოეულ კომპონენტს, თუ ქვე-კომპონენტს, თანაბარი წონა გააჩნია და არცერთი მათგანი უპირატესი არ არის. აღსანიშნავია, რომ Heritage Foundation-ის წლიური შედეგები 1-1.5 წლით ადრინდელ ინფორმაციას ეყრდნობა. შესაბამისად, 2021 წლის ინდექსისთვის, მონაცემები 2019 წლის მეორე ნახევრიდან 2020 წლის პირველ ნახევრამდე პერიოდს ფარავს.

საერთო ჯამში, როგორც პოლიტიკოსმა განაცხადა, 2021 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, საქართველო 77.2 საერთო ქულით, მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპის რეგიონის 45 სახელმწიფოს შორის მე-7 ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად არის დასახელებული. 2012 წელს, საქართველო მსოფლიოში 21-ე პოზიციაზე იმყოფებოდა. შესაბამისად, მსოფლიოსთან შედარებით ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელში პროგრესი ფიქსირდება. ქვეყნების დაჯგუფება, პირობითად შემდეგ ქვე-ჯგუფებში ხდება: თავისუფალი, მეტწილად თავისუფალი, საშუალოდ თავისუფალი, მეტწილად არათავისუფალი და არათავისუფალი. საქართველო, მეტწილად თავისუფალი ქვეყნების ჯგუფში ხვდება.

ცხრილი 1: 2012-2021 წლებში საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მაჩვენებლები

წყარო: Heritage Foundation

საერთო ქულა, 2012-2021 წლებში, ზრდადი ტენდენციით ხასიათდებოდა და როგორც 2020, ასევე 2021 წელთან შედარებით, გაზრდილია. 2021 წლის მონაცემებით, 2020 წელთან შედარებით, მაჩვენებლები საკუთრების უფლების, მთავრობის კეთილსინდისიერების, ბიზნესის თავისუფლების, მონეტარული თავისუფლების და ვაჭრობის თავისუფლების კომპონენტებში, გაუარესებულია. 2021 წლის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, მაჩვენებლები გაუარესებულია ბიზნესის თავისუფლების, შრომის თავისუფლების და ვაჭრობის თავისუფლების კომპონენტებში. აღსანიშნავია, რომ შეფასება გაუარესებულია ასევე სასამართლოს ეფექტიანობის კომპონენტში, რომელიც 2017 წლიდან ფასდება.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია