კორონავირუსის პანდემიის შეჩერება და, შესაბამისად, მრავალი სიცოცხლის გადარჩენა, ამ ეტაპზე, მხოლოდ ვაქცინაციით არის შესაძლებელი.საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის თანახმად, იმუნიცაზიის პროგრამა წლის ბოლომდე სრულწლოვანი მოსახლეობის 60%-ის, დაახლოებით - 1.7 მილიონი მოქალაქის მოცვას გულისხმობს.
ვაქცინაციის დასაწყებად, საქართველოსთვის პირველი გამოწვევა თავად ვაქცინის მობილიზება იყო. რამდენიმე შეუსრულებელი დაპირების შემდეგ, საქართველოში ვაქცინაცია AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინით 15 მარტს დაიწყო. აცრის პრიორიტეტული ჯგუფი სამედიცინო პერსონალია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ასტრაზენეკას“ 43 ათასი დოზა ორ კვირაში უნდა ადმინისტრირდეს, რაც დღიურად 3600 აცრას გულისხმობს. რეალურად, ვაქცინაციის დაწყებიდან 4 დღეში, 3365 ადამიანი აიცრა, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის სურვილებს მკვეთრად ჩამორჩება.
ვაქცინაციის მიმართ ნდობა რომ პრობლემური იყო, ჯერ კიდევ შარშან გავიგეთ. 2020 წლის ნოემბრის ბოლოს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის მხოლოდ 47% აცხადებდა ვაქცინის გაკეთების მზაობას. აღნიშნული მონაცემის გასაჯაროებისას მინისტრის მოადგილემ ვაქცინისადმი ნდობის ნაკლებობა სერიოზულ გამოწვევად დაასახელა, რისი მოგვარების გზადაც მან ქვეყანაში „ძალიან დიდი საინფორმაციო კამპანიის“ ჩატარება დაასახელა.
მოგვიანებით, დეკემბერში NDI-მ ჩაატარა საზოგადოებრივი გამოკითხვა, რომლის თანახმადაც, კიდევ უფრო ნაკლები ადამიანი გამოხატავდა ვაქცინაციისადმი მზაობას: 41%-მა განაცხადა, რომ გაიკეთებდა ვაქცინას, 41%-მა უარი დააფიქსირა, ხოლო 17%-მა განაცხადა, რომ არ იცის, გაიკეთებს თუ არა.
აღნიშნული მონაცემები საქართველოში ვაქცინის შემოტანამდე ბევრად ადრე ვიცოდით, თუმცა დღემდე არსად ჩანს კამპანია, რომელიც საზოგადოებას „თავს მოაბეზრებს“ ვაქცინის სარგებელზე, აუცილებლობაზე, გვერდით ეფექტებსა და იმუნიზაციის პროცესის ირგვლივ ობიექტურ და ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე საუბრით.
18 მარტს ახალციხეში 27 წლის ექთანს, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. სამწუხაროდ, ექთანი მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა.
18 მარტს ვაქცინაციის შემდეგ იშვიათი და მძიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენამ, ერთი მხრივ, დღეს საქართველოში ვაქცინაციის შესახებ სახელმწიფო სტრატეგიული კომუნიკაციის ფაქტობრივად არარსებობა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა, ხოლო მეორე მხრივ, ამ მძიმე, თუმცა დადასტურებულმა გვერდითმა მოვლენამ საქართველოში ვაქცინისადმი კიდევ უფრო მეტი სკეპტიკოსი გააჩინა.
რა უნდა გაეკეთებინა სახელმწიფოს, რომ ვაქცინის აღნიშნულ (იშვიათ და მძიმე, თუმცა დადასტურებულ გვერდით ეფექტს) შემთხვევას საზოგადოებაში და მედიაში შოკი არ გამოეწვია?
დავიწყოთ იმით, რა არ უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას.
როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ექთანი 18 მარტს 12:15 წუთზე აიცრა, რის შემდეგაც 30 წუთში დაუყოვნებელი რეაქცია განვითარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ 12:45-ზე სახელმწიფო უწყებებში მომხდარის შესახებ ინფორმაცია უკვე ჰქონდათ, ან უნდა ჰქონოდათ. მედიაში ინფორმაცია დაახლოებით 15:18 წუთზე გავრცელდა ერთი-ერთი ადგილობრივი სააგენტოს მიერ. მანამ სანამ ხელისუფლებისა და ჯანდაცვის ინსტიტუტებმა მოქალაქეებთან განმარტება გააკეთეს (17:32-ზე), დაახლოებით, 5 საათი გავიდა. ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან სიჩუმის ფონზე, საინფორმაციო ვაკუუმი შეავსეს მედიებმა, რომელთა ნაწილმაც, შეგნებულად თუ შეუგნებლად, არაზუსტად, სკანდალურად გააშუქა მომხდარი ამბავი. ექთნის ავად გახდომით ისარგებლეს ანტივაქსერებმა და პრორუსულმა ჯგუფებმაც, რომლებიც აქამდეც, ხელისუფლებისგან განსხვავებით, ვაქცინის შემოტანას არ დალოდებიან და გასული წლის შემოდგომიდან ინტენსიურ ანტივაქცინურ კამპანიას ეწევიან.
რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას?
მედიას აქვს ფუნდამენტური როლი ნებისმიერი კამპანიის და კომუნიკაციის პროცესში. იმისთვის, რომ მედიამ მოვლენები სწორად გააშუქოს და პროცესი, თუნდაც შეუგნებულად, არ დააზიანოს, ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვა რელევანტურ უწყებებს საინფორმაციო შეხვედრები უშუალოდ ჟურნალისტებთან უნდა ეწარმოებინათ. ჟურნალისტები მზად უნდა ყოფილიყვნენ მძიმე გვერდითი მოვლენების სწორად გაშუქებისთვის, სცოდნოდათ ვისთვის უნდა მიემართათ და საიდან მიეღოთ სანდო და გადამოწმებული ინფორმაცია. ალბათ, უფრო მეტი კომუნიკაცია იმასაც უშველიდა, რომ გარდაცვლილი ექთნის ოჯახის გლოვა სატელევიზიო ეკრანებზე არ გამოფენილიყო.
საყოველთაო ვაქცინაციის კამპანიის შემთხვევაში, საზოგადოებას ვაქცინის შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია აქამდეც ექნებოდა. სწორი ინფორმაციის მიწოდება და საზოგადოებასთან პროაქტიული კომუნიკაცია უზრუნველყოფდა მოქალაქეების ინფოდემიისადმი იმუნიტეტს და გვერდითი ეფექტის გამოვლენას მოქალაქეები უფრო მეტი რაციონალურობით შეხვდებოდნენ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ სახელმწიფომ არა თუ წინასწარი პროაქტიული კომუნიკაცია საზოგადოებასთან თუ ცალკეულ სამიზნე აუდიტორიებთან, არამედ უკვე დამდგარ შედეგზეც კი რეაგირება, დაახლოებით, ხუთი საათით დააგვიანა.
ვაქცინაციაზე სახელმწიფოს სტრატეგიულ კომუნიკაციაზე საუბრისას, მხოლოდ ჯანდაცვის უწყებებზე მითითება არასწორია. საქართველოში 2018 წლიდან სხვადასხვა სამინისტროში სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტები შეიქმნა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანს ქვეყანაში ეფექტიანი, კოორდინირებული და პროაქტიული სტრატეგიული კომუნიკაციის სისტემის დანერგვა წარმოადგენდა. სტრატეგიული კომუნიკაცია ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუმცა უმნიშვნელოვანესია კრიზისულ სიტუაციებში. პანდემიით შექმნილი მძიმე მდგომარეობა და მისგან გამოსვლის ერთადერთი ინსტრუმენტის - ვაქცინაციის მიმართ არსებული უნდობლობა სწორედ ის კრიზისია, როდესაც სახელმწიფოს მის ხელთ არსებული ყველა საკომუნიკაციო არხი და სტრატეგია უნდა გამოეყენებინა. უნდა გამოეყენებინა ასევე ის ტრენინგები თუ დახმარებები, რასაც ამ უწყებებს წლებია საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის - აშშ, უწევენ.
საზოგადოება, ფაქტობრივად, არ იცნობს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტების წარმომადგენლებს. საზოგადოებისთვის ასევე უცნობია, თუ რას აკეთებენ აღნიშნული სტრუქტურები, რას გულისხმობს მათი ყოველდღიური საქმიანობა. ერთადერთი რაც საზოგადოებისთვის ხილულია, ესაა აღნიშნული დეპარტამენტების Facebook გვერდები. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტებს სოციალურ ქსელში გვერდებიც კი გაუუქმებიათ. Facebook-ზე იძებნება მხოლოდ მთავრობის სტრატკომის გვერდი, რომელიც, წესით, სხვა დეპარტამენტების მაკოორდინირებელ რგოლსაც უნდა წარმოადგენდეს. სტრატეგიული კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, მხოლოდ სოციალურ ქსელში აქტიურობას არ გულისხმობს. თუმცა, რადგან სხვა სივრცეში სტრატკომების საქმიანობა უხილავია, „ფაქტ-მეტრმა“ გადაწყვიტა მთავრობის სტრატკომის Facebook გვერდის ბოლო რამდენიმე თვის აქტივობა შეემოწმებინა.
როგორც აღმოჩნდა, ბოლო პოსტი მთავრობის სტრატკომს ოქტომბერში აქვს გამოქვეყნებული: 29 ოქტომბრის პოსტი „საქართველოს ბანკზე“ ზუგდიდში მომხდარ თავდასხმას ეძღვნება. მანამდე, 15 ოქტომბერს, მთავრობის სტრატკომი „მთავარ არხს“ ეხმიანება და ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებს.
წესით, მთავრობის სტრატკომი, მათ შორის, ვაქცინის შესახებ კამპანიისა და სტრატეგიული კომუნიკაციის წინა ხაზზე უნდა იდგეს. თუმცა, მათ Facebook გვერდზე ისეთ მინიმალურ აქტივობასაც კი ვერ ვხვდებით, როგორიც, მაგალითად, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მასალის უბრალოდ გადაზიარება იქნებოდა.
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტების გარდა, „ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა თუ რა ინფორმაციაა განთავსებული Stopcov.ge-ზე. აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ გვერდზე ვაქცინაციისადმი მიძღვნილი არც ერთი სექცია, ან ვაქცინაციის მხარდამჭერი არც ერთი განცხადება არ იძებნება. ის, რომ ვებგვერდის ქვედა მარჯვენა პანელში მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ამბები ავტომატურად ახლდება, რბილად რომ ვთქვათ, საკმარისი არაა.
ვაქცინაციის პროცესს ზიანი უკვე მიადგა. ახალციხელი ექთნის გარდაცვალებამდეც, ვაქცინისადმი ნდობა მცირე იყო. სახელმწიფოს მხრიდან ვაქცინაციაზე სტრატეგიული კომუნიკაციისა და საყოველთაო კამპანიის გარეშე ვაქცინაციის საკმარისი დონე მიღწეული ვერ იქნება და, შესაბამისად, საქართველო ვერ გაუმკლავდება პანდემიას. შედეგად კი, ახალ კორონავირუსს მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირება და უკვე გარდაცვლილი ათასობით ადამიანის რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტებმა უნდა გაიაზრონ ის ფუნქცია-მოვალეობები, რაც მათ აკისრიათ და, ამ კრიზისულ მომენტში მაინც, შეასრულონ ის ვალდებულებები, რომელთა შესასრულებლადაც საქართველოს მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასადახედებიდან ფინანსდებიან.
ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მედიასთან ნიშნის მოგებით საუბარი და მითითება, რომ მათ გვერდებზე ვაქცინაზე ყველა ინფორმაციაა, უნდა შეწყვიტონ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს ასე არაა! მედიაც და სამოქალაქო საზოგადოებაც სახელმწიფოს მიერ წამოწყებულ ვაქცინაციის ხელშემწყობ კამპანიაში აქტიურად ჩაერთვება, ოღონდ სახელმწიფომ ჯერ ორგანიზებული კამპანია უნდა დაიწყოს.
ფაქტ-მეტრის რედაქცია, ჩვენი თითოეული თანამშრომელი, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მედდის - მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს მისი მოწოდება - ვაქცინაცია პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზაა.