იტვირთება

რა მდგომარეობაა ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის მიმდებარე ფერდზე?

17 მარტს სოციალურ ქსელში ფოტოები გავრცელდა. ფოტოებზე ჩანს, რომ ნუცუბიძის და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესები გააქტიურდა.

ერთი დღით ადრე, 16 მარტს, თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე ტრანსპორტით გადაადგილება დროებით შეიზღუდა (მანამდე, 15 მარტს დააანონსა, რომ 16 მარტიდან მოძრაობა შეიზღუდებოდა). განცხადების მიხედვით, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე განხორციელებული გარკვეული მოქმედების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. „მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა“,- აღნიშნულია განცხადებაში.

შექმნილ სიტუაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი - თეა გოდოლაძე ადგილზე გაეცნო და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში შეაფასა: „მოწყვეტილი მასის სიღრმე არის 10 მ და რეალურად, მეწყრული სხეული - ნახევარ მილიონ კუბზეა ლაპარაკი, დინამიკაშია მოსული და ის აუცილებლად ჩამოვა, ამის გაჩერება შეუძლებელია“.

დასახელებულ ფაქტს თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი გამოეხმაურა. მისი განცხადების მიხედვით, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, მერიის მხრიდან შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, ექსპერტების რეკომენდაცია იყო მაჭავარიანის ქუჩის ჩაკეტვა, რაც განხორციელდა და მეწყრული პროცესის მონიტორინგი, რაც პირველივე წუთიდან მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, ტერიტორიის დეტალური კვლევა ჩატარდება და მომდევნო კვირიდან პროცესში გერმანელი გეოინჟინრები ჩაერთვებიან.

მისივე განმარტებით, მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის დაწყებამდე, დეტალური პროექტი იყო გაკეთებული, იყო გეოლოგების დასკვნებიც და ჩატარებული იყო ექსპერტიზაც და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო სამშენებლო სამუშაოები.

მაჭავარიანის და მარშალ გელოვანის ქუჩების დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე ტენდერი 2019 წლის მაისში გამოცხადდა ( NAT190009097). ტენდერის სავარაუდო ღირებულება 18 მლნ ლარი იყო. ტენდერს ოთხი პრეტენდენტი ჰყავდა. საბოლოოდ, გამარჯვებულად კომპანია „ბლექ სი გრუპი“ გამოცხადდა, რომელთანაც ხელშეკრულება 2019 წლის 10 ივლისს გაფორმდა. ხელშეკრულების საბოლოო ღირებულებამ 15 მლნ ლარი შეადგინა.

პროექტის ტექნიკური დავალების - გარემოზე ზეგავლენის მიმოხილვაში აღნიშნული იყო, რომ სიტუაციური გეგმიდან გამომდინარე, საპროექტო გზის ტრასა ღრმა წყალშემკრებ ხევებს და კლდოვან თხემებს კვეთს, რაც შესაბამისად, დიდი რაოდენობით მიწის სამუშაოებს იწვევს. მიწის ვაკისის მოსაწყობად სხვადასხვა კატეგორიის გრუნტების დამუშავება ჭრილში ექსკავატორით, პნევმო ჩაქუჩებით და ბულდოზერებით, გახდება საჭირო. ასევე, შესაძლო იყო გზის დერეფანი, რიგ ადგილებში, სუსტად შეჭიდებულ გრუნტებში მოხვედრილიყო. ტექნიკური დავალების მიხედვით, ანგარიშის გარეშე, წინასწარ შეუძლებელი იყო იმის განსაზღვრა, აღნიშნული სუსტი გრუნტები მაღალი ყრილების სიმძიმის ზემოქმედებით, როგორ იმოქმედებდა. არსებობდა იმის ალბათობა, რომ მისი დაცურება და მიწის ვაკისის დეფორმირება მოხდებოდა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის ხელშეკრულებაში ცვლილება 10-ჯერ შევიდა.

ცვლილებების ნაწილი ხელშეკრულების ღირებულების ანაზღაურების მიწოდების გრაფიკს შეეხებოდა. საბოლოო ჯამში, ანაზღაურება 2019-2020-2021 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის სახსრებზე გადანაწილდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ხელშეკრულებაში 2020 წლის ივლისში შევიდა. ცვლილების მიხედვით, აღნიშნული პროექტის განხორციელებისას, პროექტირებისა და გეოლოგიური კვლევების ეტაპზე, გამოიკვეთა მთელი რიგი გაუთვალისწინებელი გარემოებანი, რამაც საპროექტო გზის მშენებლობის ღირებულება მნიშვნელოვნად გაზარდა. კერძოდ, საპროექტო არეალის რთული რელიეფის და აღმოჩენილი მეწყრული პროცესების გამო (რაც ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული ვერ იქნება) აუცილებელი გახდა ხიმინჯოვანი კედლების მოწყობა, ქვის ცვენის შემაკავებელი ბადეების მონტაჟი და არასტაბილური გრუნტის სტაბილიზაციის მიზნით, ჯეოგრიდის გამოყენებით გზის საფუძვლის მოწყობა. შესაბამისად, შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, გადაწყდა, რომ სახელშეკრულებო ღირებულებით გათვალისწინებული თანხა არ იყო საკმარისი ტექნიკური დავალებით დასახული შედეგის მისაღწევად. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულების ღირებულება 10%-ით - 1 478 362 ლარით გაიზარდა და ჯამში 16 478 362 ლარი შეადგინა.

2020 წლის 13 სექტემბერს ხელშეკრულების ცვლილების საფუძველი ის ფაქტი გახდა, რომ საავტომობილო გზის სამშენებლო გზის ზედა ნაწილში, ადგილი ჰქონდა მასშტაბური ბლოკური ტიპის მეწყრული სხეულის ჩასახვა-გააქტიურებას, რომელსაც წინ უსწრებდა, მის მიმდებარედ, დასავლეთ ნაწილში, ნაყარი გრუნტის გატანის პროცესში, მასშტაბური მეწყრის ჩასახვა-გააქტიურება. მეწყრული სხეულის ფართობი 1.3 ჰას შეადგენდა, რომელიც გადაადგილების მიხედვით ბლოკურ-ცოცვითი ხასიათის იყო. მერიამ აღნიშნულთან დაკავშირებით „გარემოს ეროვნულ სააგენტოს“ მიმართა. სააგენტოს რეკომენდაციით, მონაკვეთზე დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის განხორციელება იყო აუცილებელი, რომლის საფუძველზე დამცავი ღონისძიებები უნდა შემუშავებულიყო და მონაკვეთის გამაგრების ოპტიმალური კონსტრუქციული გადაწყვეტილება მიღებულიყო. გეოლოგიური კვლევის განხორციელებამდე, სამშენებლო სამუშაოების უნდა შეჩერებულიყო. ამ გარემოებიდან გამომდინარე, კომპანიამ ხელშეკრულების ვადის გახანგრძლივება მოითხოვა. კიდევ ერთი ცვლილების მიხედვით, უკვე მიმდინარე წლის 25 თებერვალს, კომპანიამ, როგორც ცვლილებაში მითითებულია, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, განსახორციელებელი სამუშაოების სრულად და ხარისხიანად განსახორციელებლად კლდოვანი გრუნტის ექსკავატორით დამუშავების გაზრდა, ხოლო ბულდოზერით განსახორციელებელი სამუშაოების შემცირება მოითხოვა. ცვლილების შინაარსის მიხედვით როგოც ჩანს, საჭიროდ ჩაითვალა, გზის მშენებლობისას - მიმდებარე ტერიტორიაზე ნაკლები ზემოქმედების მომხდენი საშუალებები ყოფილიყო გამოყენებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მდგომარეობა საყურადღებო იყო.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ მერიისთვისაც და მშენებლობის განმახორციელებელი კომპანიისთვისაც, პროექტის დაწყებამდეც, ტექნიკური დავალების შესაბამისად, არსებობდა ვარაუდი, რომ პროექტის განხორციელების პროცესში, შეიძლებოდა, ადგილი ჰქონოდა ნიადაგის დაცურებას და მიწის ვაკისის დეფორმირებას. უკვე მოგვიანებით, პროექტირების და გეოლოგიური კვლევის განხორციელებისას მეწყრული კერები იქნა აღმოჩენილი და ამიტომ, სამუშაოების პროცესის უსაფრთხოდ წარმართვისთვის, დამატებითი თანხების მობილიზება გახდა საჭირო. ხოლო 2020 წლის სექტემბერში ბლოკური ტიპის მეწყრული მცოცავი ჩანასახები მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე არსებობდა (1.3 ჰა). ამის პარალელურად, მიმდებარე ტერიტორიის უწყვეტი მონიტორინგი მხოლოდ 16 მარტიდან ხორციელდება და პროცესში უცხოელი სპეციალისტები მომავალი კვირიდან ჩაერთვებიან.

მოგვიანებით, მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან, მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება. ასევე, სპეციალური სამუშაო ჯგუფები მეწყრულ პროცესებს 24-საათიან რეჟიმში აკვირდებიან და მოსახლეობა ყველა სიახლის შესახებ სრულად იქნება ინფორმირებული.

„ფაქტ-მეტრი“, თავის მხრივ, პროცესების მიმდინარეობას თვალს მიადევნებს და მკითხველს განახლებულ ინფორმაციას მიაწვდის.

ფოტო:Architectural Forum

თეგები:

მსგავსი სიახლეები

3368 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი