იტვირთება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018–2019 წლის საქმიანობა შეისწავლა. სახელმწიფო აუდიტის შედეგად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საქმიანობაში გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა. “ფაქტ–მეტრი“ რამდენიმე მათგანს განიხილავს.

ა(ა)იპ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მეგობრობის ცენტრის“ საქმიანობა

2018–2019 წლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სუბსიდიის მუხლით, ა(ა)იპ„გარდაბნის მუნიციპალტეტის მეგობრობის ცენტრს“ აფინანსებდა. აღნიშნული ორგანიზაციის სუბსიდიამ 2018–2019 წლებში 206,2 ათასი ლარი შეადგინა. 2018 წელს „გარდაბნის მუნიციპალტეტის მეგობრობის ცენტრში“ დასაქმებული იყო 26 პირი, 2019 წელს კი – 23 პირი. მიღებული დაფინანსების 98,6 % დასაქმებულთა ხელფასებსა და ადმინისტრაციის შენახვაზე დაიხარჯა. დანარჩენი 1,4% კი კულტურული ღონისძიებების ხარჯია. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჩატარებული კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორი თვითონ მერიის შესაბამისი სამსახურია და სადღესასწაულო და კულტურული ღონისძიებების დაგეგვმას, დაფინანსებასა და შესყიდვას მერია ახორციელებს. აღნიშნულიდან გამომდინარე,სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში ნათქვამია, რომ ა(ა)იპ „გარდაბნის მეგობრობის ცენტრის“ ფუნქციონირების აუცილებლობა გაურკვევლად რჩება.

ა(ა)იპ „გარდაბანსერვისის“ საქმიანობა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა ა(ა)იპ „გარდაბანსერვისმა“ 2019 წელს მუნიციპალიტეტიდან 773,6 ათასი ლარისდაფინანსება მიიღო. აღნიშნული ა(ა)იპ–ის ერთ–ერთ მთავარ ფუნქციას სასმელი წყლის, ჭაბურღილებისა და სატუმბი სადგურების მოვლა–პატრონობა წარმოადგენს. აღნიშნული ფუნქციის განსახორციელებლად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის 13 სოფელში 44 სპეციალისტიიყო დასაქმებული. 2019 წელს ამ 44 სპეციალისტზე ა(ა)იპ „გარდბანსერვისმა“, ხელფასის სახით, 141,8 ათასი ლარი დახარჯა. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო საკმარისი და შესაფერისი არგუმენტი იმისა, თუ რა აუცილებლობით იყო გამოწვეული ამ რაოდენობის სპეციალისტების საქმიანობა 13 სოფელში იმ დროს, როდესაც ამ სოფლებიდან რამდენიმეს წყალი ნაწილობრივ ან საერთოდ არ მიეწოდება.

ზემოაღნიშნულის გარდა, ა(ა)იპ „გარდაბანსერვისის“ ერთ–ერთ ფუნქციას გამწვანების სამუშაოები, კერძოდ, სკვერებისა და შადრევნების მოვლა წარმოადგენს, რისთვისაც 6 პირი იყო დასაქმებული. აღნიშნული პირების ხელფასებზე 2019 წელს 46,3 ათასი ლარი დაიხარჯა. 2019 წელს ა(ა)იპ–მა 12 დასახელების სამუშაო შეასრულა, მაგრამ სახელმწიფო აუდიტის ანალიზით დგინდება, რომ აღნიშნული სამუშაოების განხორციელება რამდენიმე დღეში იყო შესაძლებელი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ დაარსებული ა(ა)იპ–ების საქმიანობასა და მართვის კონტროლში არსებულმა სისუსტეებმა საშტატო რიცხოვნების დაუსაბუთებელი ზრდა და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური ხარჯვა გამოიწვია. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში კადრების მართვასა და საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებული სისტემური ხარვეზები არსებობს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საწვავის ხარჯვისას გამოვლენილი ნაკლოვანებები

გარდაბნის მუნიციპალიტეტმა 2018–2019 წლებში 823,7 ათასი ლარის ღირებულების 393,6 ტონა საწვავი გახარჯა. სახელმწიფო აუდიტის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ, რიგ შემთხვევებში, ავტოსატრასპორტო საშუალებებში ერთჯერადად ჩასხმულია ავტომობილის ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი, კერძოდ 2018–2019 წლებში გამოვლინდა 191 მსგავსი შემთხვევა. საერთო ჯამში კი ასეთი ფორმით ჩასხმულია 3,1 ტონა საწვავი.

ცხრილი 1.გარდაბნის მუნიციპალიტეტში 2018–2019 წლებში ავტომობილებში ერთჯერადად ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობით საწვავის ჩასხმის მაგალითები

წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ასევე, სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018–2019 წლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა, რომლებიც შცებულებაში იმყოფებოდნენ, 5 ტინა საწვავი გახარჯეს. 500 ლიტრი საწვავი კი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში მყოფი პირების სარგებლობაში არსებულ მანქანებზე გაიხარჯა. ამის გარდა, 6 ტონამდე საწვავი ჩასხმულია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ისეთ დროს, როდესაც გარდაბნის მუნიციპალიტეტში დასაქმებული პირები სამსახურებრივ მივლინებში არ იმყოფებოდნენ.

ცხრილი 2. გარდაბნის მუნიციპალიტეტებში 2018–2019 წლებში ქალაქგარეთ ავტომანქანების საწვავით გამართვის მაგალითები

წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი საჭიროებისათვის გამოყენებული ტრანსპორტი დაათვალიერა. აუდიტის ჯგუფის მიერ მონიტორინგის ჩატარების დროს გამოვლინდა, რომ საწვავის მონიტორინგის მიზნით დამონტაჟებული აგაი სისტემა ზოგან მოხსნილი იყო, ზოგ შემთხვევებში კი მყარად დამაგრებული არ იყო.

აუდიტის სამსახურის დასკვნით, საწვავის ხარჯვაზე მონიტორინგის განხორციელების ერთ–ერთი ინსტრუმენტი, კერძოდ, აგაი სისტემა, სათანადოდ არ იყო გამოყენებული. შესაბამისად, იმის შესწავლა, სამსახურებრივი დანიშნულებისთვის გამოიყენეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა საწვავი, თუ - პირადი მიზნებისთვის, შეუძლებელი გახდა.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

2847 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
26%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
13%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი