იტვირთება

ზაზა მელიქიძე: მოვახდინეთ ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია და ადაპტირება

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ზაზა მელიქიძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2020 წელს ქალაქ ახალციხის 5 ცენტრალურ ქუჩაზე - საფეხმავლო ბილიკების, გზებისა და მიმდებარე ტერიტორიების რეაბილიტაციისთვის 7 ტენდერი გამოცხადდა, რისთვისაც ჯამში 2 676 045 ლარი დაიხარჯა. 2019-2020 წლებში ახალციხის ტერიტორიაზე 600-ზე მეტი ნერგი დაირგო. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ზაზა მელიქიძის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი:

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა მელიქიძემ, 2020 წლის 27 დეკემბერს განაცხადა: „ქალაქ ახალციხეში 2020 წელს განხორციელდა სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, მე მინდა გამოვარჩიო რუსთაველის, დიდიმამიშვილის, ნათენაძის, შალვა ახალციხელის, კოსტავას ქუჩების რეაბილიტაცია. ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდა როგორც სავალი ნაწილის, ასევე საფეხმავლო ბილიკების რეაბილიტაცია. განსაკუთრებით რუსთაველის ქუჩაზე გამავლობა იყო რთული, არ იყო შესაბამისად პანდუსები მოწყობილი და მოქალაქეებს უჭირდათ გადაადგილება, განსაკუთრებით - შშმ პირებს. მთლიანად მოპირკეთდა ტროტუარები. სადაც საჭირო იყო, კეცხოველსა და რუსთაველზე - დაიგო ასფალტი. მთლიანი პერიმეტრის გასწვრივ მოეწყო ხეების დასარგავი ადგილები. ჩვენ 600-ზე მეტი ძირი ხე განვათავსეთ ქალაქ ახალციხეში და ეს პროცესი გაგრძელდება მომდევნო წლებში“.

„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტმა 2020 წელს ქუჩების რეაბილიტაციისთვის შვიდი ტენდერი გამოაცხადა. უფრო კონკრეტულად, პაატა ნათენაძისა და მერაბ კოსტავას ქუჩებზე საფეხმავლო ბილიკებისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის, მუნიციპალიტეტმა შპს „ცენტრ ლაინთან“ 289 019 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები გასულ წელს დასრულდა და კომპანიასთან მიღება-ჩაბარების ხელშეკრულებას ხელი 2021 წლის 9 თებერვალს მოეწერა.

მერაბ კოსტავას (ნაწილს) და ზურაბ დიდიმამიშვილის ქუჩების საფეხმავლო ბილიკების და მიმდებარე ტერიტორიის (მათ შორის, თამარ მეფის სკვერს) რეაბილიტაციაც ამავე კომპანიამ განახორციელა. ხელშეკრულების ღირებულება 206 944 ლარი იყო. აღნიშნული სამუშაოების ჩაბარებაც 2021 წლის 9 თებერვალს მოხდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასევე მერაბ კოსტავას და ჯაყელის ქუჩების ჩიხებს. სამუშაოები შპს „კომპანია ელ ეს ჯორჯიამ“ - 164 641 ლარად შეასრულა. 2021 წლის 4 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, ობიექტზე ხარვეზები არ გამოვლენილა. რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციისთვის, ახალციხის მერიამ შპს „მესხეთავტოგზასთან“ 249 525 ლარის ხელშეკრულება გააფორმა, საბოლოო მიღება-ჩაბარება 2020 წლის 17 ნოემბერს გაფორმდა.

კიდევ ერთი ხელშეკრულება დაიდო შპს „ცენტრ ლაინთან“ პაატა ნათენაძისა და შალვა ახალციხელის ქუჩებზე საფეხმავლო ბილიკებისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, რისთვისაც 238 128 ლარი დაიხაჯა. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ეს პროექტიც თვითმმართველობამ ხარვეზების გარეშე ჩაიბარა.

მომდევნო ორი ტენდერი ისევ რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციისთვის გამოცხადდა. შპს „გაბიონი 2000-მა“ სანიაღვრე არხებს 466 882 ლარად ჩაუტარა რეაბილიტაცია, შპს „არალმა“ კი ამავე ქუჩის რეაბილიტაცია დაასრულა (IIIეტაპი), სამუშაოებისთვის 1 060 906 დაიხარჯა. რეაბილიტირებული ქუჩების ტროტუარებზე ხეების დასარგავი ადგილები მოეწყო.

რაც შეეხება ახალციხის ტერიტორიაზე დარგული ნერგების რაოდენობას, ახალციხის მერიისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქის ტერიტორიაზე 2019-2020 წლებში 600-ზე მეტი ნერგი დაირგო.

„ფაქტ-მეტრისთვის“ გამოგზავნილ წერილში წერია, რომ ახალი ნარგავებით შეივსო ქალაქში არსებული სკვერები და ცენტრალური პარკი, ახალციხის ხელოვნური ტბის, შოთა რუსთაველის ძეგლისა და სამხარეო ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიები, 9 აპრილის, რუსთაველის, კოსტავას, შალვა ახალციხელის, პაატა ნათენაძის, კეცხოველის, ასპინძისა და ზარზმელის ქუჩების გზისპირები, აღმაშენებლის გზატკეცილის (ე. წ. საბარგო სადგურის დასახლებაში) გასწვრივ და საბავშვო ბაღების ეზოები; გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში დაირგო ნეკერჩხლის, კედრის, არყის, იფნის, ცაცხვისა და ფიჭვის 680 ნერგი, რომელთა შეძენას ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 9 910 ლარი მოხმარდა. რეკრეაციულ ზონებში და გზისპირებზე არსებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობას 2019-2020 წლებში შპს „კეთილმოწყობა“ ახორციელებდა, ხოლო 2021 წლიდან - ა(ა)იპ „ახალციხის სერვის ჯგუფი“.

ჩვენ მუნიციპალიტეტისგან ასევე, დარგული ნერგების რაოდენობას - ქუჩების და სკვერების მიხედვით ვითხოვდით, თუმცა ინფორმაცია ვერ მივიღეთ. „ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული ტერიტორიები, გარდა საბავშვო ბაღების ეზოებისა (8 ბაღი), თავად გადაამოწმა. საბარგო სადგურზე 160-მდე ნერგია განთავსებული, ხელოვნური ტბის მიმდებარედ, დაახლოებით, 160, რუსთაველის ქუჩაზე (უნივერსიტეტის მიმდებარედ) 84, ქალაქის სკვერებსა და ცენტრალურ ქუჩებზე კი 180-მდე ნერგი, ჯამში - დაახლოებით 584 ნერგი.

ზოგიერთ სკვერში, ახლად დარგული ნარგავების გარდა, ადრე დარგული მრავალწლიანი ხეებიცაა. ადგილობრივები „ფაქტ-მეტრთან“ ამბობენ, რომ ისინი 3-4 წლის წინ დარგეს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ზაზა მელიქიძის განცხადება არის სიმართლე.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

2847 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
26%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
13%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი