იტვირთება

ირაკლი ქარსელაძე: ქუთაისში, ზუგდიდში, ჭიათურაში 24-საათიანი წყალმომარაგება ხორციელდება

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ქარსელაძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: 2013-2020 წლებში ქუთაისში, ჭიათურასა და ზუგდიდში წყალმომარაგების სიტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდა. პროექტების დამფინანსებელი აზიის განვითარების ბანკი (ADB) იყო. პროექტების დასრულების შედეგად სამივე ქალაქის მაცხოვრებლებს სასმელი წყალი 24-საათიანი რეჟიმით მიეწოდებათ.

ანალიზი

პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრობის მაშინდელმა კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა: „ქუთაისში, ზუგდიდსა და ჭიათურაში 24-საათიანი წყალმომარაგება ხორციელდება“.

„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.

ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია ორ ფაზად განხორციელდა. I ფაზის სამუშაოები 2013 წლის სექტემბერში დაიწყო და 2016 წლის აპრილში დასრულდა. პროექტი შპს „კობრამ“ განახორციელა, რომლის დამფინანსებელი აზიის განვითარების ბანკი იყო (ADB), პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 30 739 379 ლარი შეადგინა. 2013 წლამდე ქუთაისის მოსახლეობის 77%-ს სასმელი წყალი 5-6-საათიანი გრაფიკით მიეწოდებოდა. 2016 წლამდე 6 ახალი რეზერვუარი, 2 სატუმბი სადგური, 1 საქლორატორო აშენდა და წყალმომარაგების ქსელზე 21 010 მომხმარებელი დაერთდა. 2016 წლის აპრილში პირველი ფაზის სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქუთაისში წყლის მიწოდების გრაფიკი შემდეგნაირად შეიცვალა: მოსახლეობის 30%-ს წყალი კვლავ 5-5-საათიანი გრაფიკით მიეწოდებოდა, 40%-ს - 12 საათით , 2%-ს - 18 საათით და 28%-ს - 24-საათიანი გრაფიკით.

ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის II ფაზა 2020 წლის ივლისში დასრულდა, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „SMK Ulusal Insaat Ve Ticaret A.S“-მა განახორციელა და პროექტის ღირებულება 81 488 713 ლარი იყო. პროექტის ფარგლებში გოდოგანზე ორი, ხოლო მუხრანში ერთი რეზერვუარი აშენდა, ასევე, სამი სატუმბი სადგური, 18 კმ წყლის მაგისტრალური მილსადენი და 300 კმ შიდა გამანაწილებელი ქსელი მოეწყო. ჯამში, ორივე ფაზის დასრულების შედეგად, ქუთაისის 200 000-ზე მეტ მცხოვრებს სასმელი წყალი 24-საათიან რეჟიმში მიეწოდება.

ზუგდიდის წყალმომარაგების სიტემის რეაბილიტაცია 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და 2020 წლის მაისში დასრულდა. პროექტი კომპანია „AS Inshaat“ LLC-მა განახორციელა. პროექტის ღირებულება 100 904 905 ლარი იყო. პროექტის დამფინანსებელი აზიის განვითარების ბანკი იყო, რომლის ფარგლებში სამი ახალი რეზერვუარი აშენდა, 10 ჭაბურღილი და 220 კმ წყალგაყვანილობის ახალი ქსელი მოეწყო. ზუგდიდში წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა მანამდე არ არსებობდა. მოსახლეობის 75% ინდივიდუალური ჭებით, ხოლო დანარჩენი 25% ჭაბურღილებით მარაგდებოდა. პროექტის დასრულების და მოსახლების მთლიანად გამრიცხველიანების შემდეგ, ამ ეტაპზე, ზუგდიდის მოსახლეობას 24-საათიან წყალმომარაგება აქვს.

რაც შეეხება ჭიათურის წყალგაყვანილობის სიტემის მშენებლობა-რეაბილიტაციას, სამუშაოები 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2020 წლის ივნისში დასრულდა. წყალმომარაგების სიტემის რეაბილიტაცია-მშენებლობა კომპანია „Akkord“-მა განახორციელა, რომლის ღირებულებამ 43 135 252 ლარი შეადგინა. პროექტის დამფინანსებელი, ამ შემთხვევაშიც, აზიის განვითარების ბანკი (ADB) იყო.

პროექტის განხორციელებამდე, ჭიათურაში არსებული წყლის ინფრასტრუქტურა მოძველებული იყო, რის გამოც მოსახლეობას წლების განმავლობაში წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდებოდა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია სატუმბ სადგურს და რეზერვუარს ჩაუტარდა, წყლის სათავე ნაგებობა, ჭაბურღილები და წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელი მოეწყო, აშენდა საქლორატორო სადგური და წყლის რეზერვუარები.

გაერთიანებული წყალმომარაგების ოფიციალური ინფორმაციით,სამუშაოების დასრულების შედეგად, ქალაქში, წყალმომარაგების კუთხით, წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოგვარდა და მოსახლეობა 24-საათიანი, ხარისხიანი სასმელი წყლით სარგებლობს.

„ფაქტ-მეტრი“ ინფორმაციის დასაზუსტებლად სამივე მუნიციპალიტეტს დაუკავშირდა, სადაც დაგვიდასტურეს, რომ წყალმომარაგების სიტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის შემდეგ, სამივე ქალაქს: ქუთაისს, ჭიათურასა და ზუგდიდს სასმელი წყალი 24-საათიან რეჟიმში მიეწოდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ირაკლი ქარსელაძის განცხადება არის სიმართლე.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

2847 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
26%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
13%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი