ბოლო წელს 100 000 ადამიანით გაიზარდა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა... პანდემიამდე 27 000 სამუშაო ადგილია დაკარგული

ანა ნაცვლიშვილი: ბოლო წელს 100 000 ადამიანით გაიზარდა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა... პანდემიამდე 27 000 სამუშაო ადგილია დაკარგული

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა ნაცვლიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე:  2021 წლის იანვრის მდგომარეობით, ფულადი სოციალური დახმარების მიმღები არის 532,242 მოქალაქე.  2020 წლის იანვართან შედარებით, ფულადი სოციალური დახმარების [საარსებო შემწეობის] მიმღები მოქალაქეების რაოდენობა 100,024-ით გაიზარდა. აღნიშნული ზრდა პანდემიით გამოწვეულ კრიზისსა და ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში პროგრამის გაფართოებას უკავშირდება. 

2019 წელს წინა წელთან შედარებით, დაქირავებით დასაქმებულთა მაჩვენებელი 6 ათასით შემცირდა, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა 5.7 ათასით გაიზარდა. ჯამში, დასაქმებულთა რაოდენობა 0.3 ათასითაა შემცირებული. 

პოლიტიკოსის განცხადებაში დასახელებული რიცხვი თანხვედრაშია გრძელვადიან პერიოდში (2017-2019 წლებში) კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებასთან, თუმცა ის განცხადებაში არ აკონკრეტებს, რომ კერძო სექტორზე საუბრობს, ასევე არ აკონკრეტებს კონკრეტულ პერიოდს. 2016 წლის შემდეგ, ქვეყანაში არასახელმწიფო [კერძო] სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. 2017-2019 წლებში არასახელმწიფო, ანუ კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა  26.4 ათასით შემცირდა. ამავე პერიოდში, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 27.8 ათასით გაიზარდა. 

ანალიზი

გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა: „ბოლო წელს 100 000 ადამიანით გაიზარდა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა და კიდევ უფრო მეტია რიგში... პანდემიამდე 27 000 სამუშაო ადგილია დაკარგული“.

ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) სახელმწიფო პროგრამა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების ფულადი და სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა შესაბამისი მეთოდოლოგიით ფასდება, რომლითაც ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრება. სარეიტინგო ქულის საფუძვლზე ფულადი დახმარების ოდენობა და სხვა შეღავათები დგინდება.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში, 2021 წლის იანვრის მდგომარეობით, 1,020,375 მოქალაქე (333,292 ოჯახი) არის რეგისტრირებული. გასულ ერთ წელში სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობა 97,802 ათასით (27,703 ოჯახით) გაიზარდა.  

 2021 წლის იანვრის მდგომარეობით, ფულადი სოციალური დახმარების [საარსებო შემწეობის] მიმღები არის 532,242 მოქალაქე (148,653 ოჯახი). 2020 წლის იანვართან შედარებით, დახმარების მიმღები მოქალაქეების რაოდენობა 100,024-ით (27,973 ოჯახით) გაიზარდა. 

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, პანდემიით და მასთან დაკავშირებული შეზღუდვებით გამოწვეულ სოციალურ-ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში  მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა გაფართოვდა. შესაბამისად,  დახმარების მიმღებთა წრეც გაიზარდა. 

გრაფიკი 1: საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა, 2020 წლის იანვარი - 2021 წლის იანვარი

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო; საარსებო შემწეობის მიმღებთა სტატისტიკური მონაცემები

ანა ნაცვლიშვილი ასევე პანდემიამდე სამუშაო ადგილების დაკარგვაზე საუბრობს. საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 0.3 ათასით შემცირდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დაქირავებით დასაქმებულთა მაჩვენებელი 6 ათასით შემცირდა, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა 5.7 ათასით გაიზარდა. დასაქმების სტატისტიკაში ერთ-ერთი ცუდი სურათი 2019 წელს იყო, როდესაც დასაქმების მაჩვენებლის კლება დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებით იყო გამოწვეული. 

„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ქვეყანაში დასაქმების მაქსიმალური მაჩვენებელი 2015 წელს დაფიქსირდა, 2016-2017 წლებში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა, 2018 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ზრდის ხარჯზე დასაქმების საერთო მაჩვენებელი გაიზარდა, 2019 წელს კი მცირედით შემცირდა (იხილეთ გრაფიკი 2).

2016 წლის შემდეგ, ქვეყანაში არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, ყოველწლიურად მცირდება. 2017-2019 წლებში არასახელმწიფო, ანუ კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა  26.4 ათასით შემცირდა. ამავე პერიოდში, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 27.8 ათასით გაიზარდა. 

ანა ნაცვლიშვილის განცხადებაში დასახელებული რიცხვი 2017-2019 წლებში კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებას ემთხვევა.

გრაფიკი 2: დასაქმებულთა რაოდენობა საკუთრების ფორმების მიხედვით, 2012-2020 წლებში (ათასი კაცი)

 

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქსტატი ასევე  ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობას აქვეყნებს, რომელსაც საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით ითვლის. ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. თუმცა სამუშაო ადგილების რაოდენობა - იმავე რაოდენობის დასაქმებულ პირს არ ნიშნავს. შრომისუნარიანი პირი შესაძლოა, ორ და მეტ სამუშაო ადგილს იკავებდეს.  პოლიტიკოსები, როდესაც სამუშაო ადგილებზე საუბრობენ, როგორც წესი, არა ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობას, არამედ დასაქმების სტატისტიკას გულისხმობენ. 

ფოტო: publika.ge