2021 წლის 17 თებერვალს, Facebook-გვერდმა „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები“ პოსტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC) Covid-19-ის ი-რნმ ვაქცინით გარდაცვლილთა რეალურ მონაცემებს მალავს. პოსტის თანახმად, 1170 ადამიანია გარდაცვლილი, რაც VAERS-ის საიტზე დადებულ მონაცემებზე ორჯერ მეტია. პოსტში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.

ფოტო 1.

პოსტში ინფორმაციის პირველწყაროდ ვებგვერდი „Health Impact News“-ია მითითებული. Health Impact News-ის სტატიასა და Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის მტკიცების თანახმად, CDC ი-რნმ ვაქცინით გარდაცვლილი ადამიანების რეალურ რიცხვს მალავს, რის დამამტკიცებელ საბუთადაც სწორედ CDC-ის საიტზე გამოქვეყნებული VAERS-ის მონაცემები მოჰყავს (იგულისხმება ფოტო 1-ზე გამოსახული მონაცემები). უნდა აღვნიშნოთ, რომ „Health Impact News“ აშშ-ში ჩატარებული კოვიდვაქცინაციის შედეგად გარდაცვალების შემთხვევებზე საუბრობს. აშშ-ში თებერვლის შუა რიცხვებისთვის 50 მილიონზე მეტი ადამიანი იყო აცრილი, თუმცა 2021 წლის 23 თებერვლის CDC-ის ანგარიშში, ვაქცინით გამოწვეული გარდაცვალების შესახებ რაიმე ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა. შესაბამისად, მტკიცება, რომ Covid-ვაქცინით ადამიანები გარდაიცვალნენ, მცდარია. მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ CDC-ის ვებგვერდზე VAERS-ის ბაზაში დაფიქსირებული გარდაცვალების შემთხვევების განთავსება არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ეს შემთხვევა Covid-ვაქცინით არის გამოწვეული. გარდაცვალებასა და ვაქცინას შორის უშუალო პირდაპირი კავშირის დასადგენად, CDC-და და FDA-ის სპეციალისტების მიერ პაციენტის კლინიკური ინფორმაციის მიმოხილვა, გარდაცვალების სერტიფიკატების, აუტოფსიისა და სამედიცინო ჩანაწერების შესწავლაა საჭირო.

ცნობისთვის, VAERS (Vaccine Adverse Event Reporting System) ვაქცინებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების შესახებ ერთგვარი ადრეული გაფრთხილების სისტემაა, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა (CDC) და აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ იმართება. VAERS-ის ბაზაში მონაცემების შეყვანა და დაფიქსირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მაგალითად, ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენელს, პაციენტებს ან მათი ოჯახის წევრებს. VAERS-ს, როგორც ადრეული გაფრთხილების სისტემას, შეუძლია, ბაზაში მნიშვნელოვანი მონაცემები დააფიქსიროს, თუმცა ეს მონაცემები დამატებით კვლევასა და დამუშავებას საჭიროებს. როგორც ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, მხოლოდ VAERS-ის ანგარიშზე დაყრდნობით შეუძლებელია იმის დადგენა, რაიმე გვერდითი მოვლენა უშუალოდ ვაქცინის გამოწვეულია, თუ - არა. აქედან გამომდინარე, VAERS-ის ბაზაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, გარდაცვალების შემთხვევებსა და ვაქცინას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა, მართებული არ არის. ასევე, ნებისმიერ შემთხვევაში, VAERS-ის მონაცემებზე დაყრდნობით დაზუსტებით თქმა, რომ ვაქცინაციის შემდგომ გარდაცვალება, სწორედ ამ ვაქცინის გამოწვეულია, არასწორია.

უშუალოდ მტკიცება, რომ CDC მონაცემებს მალავს, ასევე სიცრუეა. „Health Impact News“ საკუთარ სტატიაში VAERS-ის ბაზის სხვადასხვა თარიღების (29 იანვრის, 5 და 12 თებერვლის მონაცემები, რომელთა მიხედვითაც გარდაცვალების შემთხვევა 329, 501 და 653 იყო) მონაცემებზე საუბრობს, რომლითაც ცდილობს, დაამტკიცოს, რომ CDC რეალურ რიცხვებს მალავს (სავარაუდოდ, გვერდი ერთმანეთს 11 თებერვლისა და 12 თებერვლის მონაცემებს შორის სხვაობას გულისხმობს, რომლის მიხედვითაც 11 თებრვლიდან მონაცემებს 517 გარდაცვალების შემთხვევა მოაკლდა). რეალურად, 2021 წლის 11 თებერვლის CDC-ის მონაცემების თანახმად, VAERS-ის ბაზაში ვაქცინაციის შემდგომ 1170 გარდაცვალების შესახებ მონაცემები ნამდვილად დაფიქსირებულია (2020 წლის 14 დეკემბრის და 2021 წლის 7 თებერვლის შუალედში). როგორც მარტა შარანმა, CDC-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა Lead Stories-თან განაცხადა, ამ პერიოდში VAERS-ის ბაზაში, კოვიდვაქცინაციის შემდგომ გარდაცვალების შემთხვევები აშშ-სთან ერთად, საერთაშორისო ანგარიშებსაც მოიცავდა. შემდგომში კი CDC-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საერთაშორისო მონაცემებისგან აშშ-ს მონაცემები გაემიჯნა და VAERS-ის საიტზე განცალკევებით მიეთითებინა. შესაბამისად, ნებისმიერი ცვლილება თუ განსხვავება მონაცემებში მხოლოდ ამ ფაქტით შეიძლება იყოს განპირობებული.

11 თებერვლის ოფიციალური მონაცემები

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება ინფორმაციის პირველწყაროზე, ვებგვერდ “Health Impact News”-ზე გავამახვილოთ. Media Bias/Fact Check-ის თანახმად, რომელიც მედიის მიკერძოებულობისა და მცდარი/ყალბი ახალი ამბების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება - „Health Impact News“ ფსევდოსამეცნიერო სამედიცინო სტატიებს, კონსპირაციულ თეორიებს და ანტივაქსერულ პროპაგანდას ავრცელებს. გვერდის პოლიტიკას ნათლად ასახავს მათ სტატიაშივე გამოქვეყნებული ფოტო (ფოტო 1), რომელიც CDC-ის ოფიციალური ვებგვერდიდან არის აღებული და მასზე, როგორც „Health Impact News“ აღნიშნავს, მათი სარედაქციო პოლიტიკის ფარგლებში, კომენტარებია გაკეთებული. მაგალითად, ფოტოზე აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ინიციალები - CDC გაშიფრულია, როგორც Center for Deception and Counter-Intelligence - „მოტყუებისა და კონტრ-დაზვერვის ცენტრი“. ასევე, იმ წინადადებებს, რომლებშიც აშშ-ს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი Covid-19-ის ვაქცინაციას რეკომენდაციას უწევს და ვაქცინის უსაფრთხოება-ეფექტურობას უსვამს ხაზს, „Health Impact News“ ფრჩხილებში უთითებს, რომ ვაქცინა აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ არ არის დამტკიცებული და მისი გამოცდა მილიონობით ადამიანზე ხდება. ვებგვერდის მიერ გაკეთებული ჩანართები სიმართლეს არ შეესაბამება. აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ Covid-19-ის ვაქცინების დამტკიცებასა და ავტორიზაციის შესახებ „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა, შესაბამისი სტატია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებსა თუ მის გარეთ Covid-19-ის ვაქცინით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. VAERS-ის სისტემის მონაცემები არაერთხელ ყოფილა არასწორი ინტერპრეტაციის წყარო, რითაც ანტივაქსერები თუ კონსპირაციული თეორიის ავტორები Covid-19-ის ვაქცინის მავნებლობის დასაბუთებას ცდილობდნენ. Covid-19-ის ვაქცინით გამოწვეული გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ყალბ ამბებსა და დეზინფორმაციაზე „ფაქტ-მეტრი“ აქამდე აქტიურად წერდა, შესაბამის სტატიებს შეგიძლიათ, შემდეგ ბმულებზე ( ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5) გაეცნოთ.

ამრიგად, პოსტში გავრცელებული მტკიცება, რომ ადამიანები ი-რნმ ვაქცინის მიღების შემდეგ გარდაიცვალნენ, სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები: