გიორგი ვაშაძე: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადების პრეცედენტი არსებობს.
ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი ვაშაძის განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი
2021 წლის 9 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გიორგი ვაშაძემ განაცხადა: „საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადების პრეცედენტი არსებობს“. „ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ცესკოს მონაცემებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სულ 6-ჯერ ჩატარდა. 2014 წლამდე საქართველოს მოქალაქეები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ადგილობრივ საკრებულოებში ირჩევდნენ, ხოლო მერების და გამგებლების არჩევა/დანიშვნა საკრებულოების ან პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე ხდებოდა. [1] 2014 წლიდან კი საქართველოს მოქალაქეები მერებს და გამგებლებსაც ირჩევენ. 1998 წლიდან დღემდე მხოლოდ ერთხელ იყო შემთხვევა, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გადაიდო, რადგან 2001 წლის 3 ოქტომბრის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილების მიხედვით, ახალი საარჩევნო კოდექსის საფუძველზე, საარჩევნო კომისიის დროული ფორმირება ვერ მოხერხდა. გარდა ამისა, კოდექსში გარკვეული დაუზუსტებელი დებულებები იყო და რაც მთავარია, 2001 წლის საქართველოს ბიუჯეტში არჩევნებისთვის ჩასატარებელი თანხა ვერ გამოიძებნა, რაც ცესკოს დათვლით - 5 მილიონი ლარი იყო.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული საკითხის გამო „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ დაუკავშირდა. ISFED-ისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ 2002 წლის არჩევნები მართლაც, 2001 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ახალი საარჩევნო კოდექსი 2001 წელს მიიღეს და მის საფუძველზე საარჩევნო კომისიების დროული დაკომპლექტება ვერ ხერხდებოდა, ამასთან ბიუჯეტში ადგილობრივი არჩევნების ჩასატარებლად საკმარისი თანხა (5 მილიონი ლარი) არ იყო, არჩევნები გადაიდო. 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მონაწილეობა 22-მა პარტიამ მიიღო. საერთო ჯამში, საქართველოს მოქალაქეებმა საკრებულოს 4 750 წევრი, ხოლო თბილისში 49 წევრი აირჩიეს. თბილისის საკრებულოში უმრავლესობა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ“ მოიპოვა.
საბოლოო ჯამში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 1998 წლიდან 6-ჯერ ჩატარდა და არჩევნების გადადების პრეცედენტი ერთხელ (2001 წელს) მართლაც იყო. აქედან გამომდინარე, გიორგი ვაშაძის განცხადება არის სიმართლე.
[1] გამონაკლისის სახით, 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე არჩეულ იქნა თბილისის მერი, დანარჩენ საქართველოში გამგებლების/მერების არჩევა 2014 წლამდე პირდაპირი წესით არ მომხდარა.