სოციალურ ქსელში თენგიზ ცერცვაძის მიერ პირბადეების შესახებ გაკეთებული კომენტარი მანიპულაციურად ვრცელდება

ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება

სტატია:

2021 წლის 17 თებერვალს Facebook-მომხმარებელი სოციალურ ქსელში პირბადეების ტარებასთან დაკავშირებით მანიპულაციურ ვიდეოს აქვეყნებს. გავრცელებულ ვიდეოში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი და კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე, აცხადებს, რომ „პირბადე უნდა ატაროს ავადმყოფმა და იმ ჯანმრთელმა, რომელსაც უხდება მჭიდრო ურთიერთობა ავადმყოფთან...ქუჩაში არ უნდა ატარო“. 11 მარტის მონაცემებით, ვიდეოს 14 ათასი გაზიარება, 1 400 რეაქცია და 300-მდე კომენტარი აქვს.

Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებული მონაკვეთი, სადაც თენგიზ ცერცვაძე პირბადის ტარების წესების შესახებ საუბრობს, გადაცემა „პრაიმშოუ • PrimeShow“-ს 2020 წლის პირველი აპრილის ეთერიდან არის ამოჭრილი. ცერცვაძის განცხადება პანდემიის დასაწყისში არსებულ რეკომენდაციებს ემყარება. შესაბამისად, 2021 წლის თებერვალში მისი დამატებითი ინფორმაციის გარეშე გავრცელება, მანიპულაციაა და მკითხველისთვის განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდებას ემსახურება.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC), 2020 წლის დასაწყისში პირბადის ყველასათვის სავალდებულოდ ტარების რეკომენდაციებს არ გასცემდა. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც“ (WHO) პირბადის გამოყენების რეკომენდაციას არა ყველაზე, არამედ იმ პირებზე გასცემდა, ვისაც COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდათ, ან ინფიცირებულ/შესაძლო ინფიცირებულ ადამიანს უვლიდნენ. მათივე განმარტებით, ამით მსოფლიოში დეფიციტური პირბადეების რაციონალურ გამოყენებას ხელს უწყობდნენ. საქართველო ძირითადად WHO-ს რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებდა და პირბადეების გამოყენებაც მხოლოდ დაავადებული ადამიანისთვის ან მასთან კონტაქტში მყოფი პირისთვის იყო რეკომენდებული.

დღეისათვის, ვირუსთან დაკავშირებული ცოდნის ზრდასა და პირბადეების დეფიციტის აღმოფხვრასთან ერთად, ჯანდაცვის ყველა ავტორიტეტული ინსტიტუტი თანხმდება, რომ კორონავირუსის გავრცელების შეფერხებისთვის, პირბადის ტარება აუცილებელია. CDC საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების მასობრივ გამოყენებას უწევს რეკომენდაციას. „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის“ თანახმად, სამედიცინო ნიღაბს შეუძლია, ვირუსის გადაცემას ხელი შეუშალოს და ასევე, ადამიანი ინფიცირებისგან დაიცვას. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე, მოქალაქეებს თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოყენებისკენ მუდმივად მოუწოდებს. მისი განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის არქონისა და პირდაპირ მოქმედების წამლის არარსებობის პირობებში, ერთადერთი იარაღი პირბადეა.

ანალოგიური პოზიცია აქვს თენგიზ ცერცვაძესაც. მისი განცხადებით, ინფექციის გადაცემის პრევენციისთვის, პირბადის ტარება ბევრად ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე ეს ჯანდაცვის მუშაკებს ეგონათ. 2021 წლის თებერვალში საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა: „გახსოვთ დრო, როცა ამბობდნენ, რომ პირბადე არ არის გარანტირებული დაცვა ინფექციის გადაცემისგან. არა, პრაქტიკულად, გარანტირებული დაცვაა. იმაზე მეტად გარანტირებულია, ვიდრე გვეგონა“. თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას კატეგორიულად სთხოვს, რომ პირბადე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში გამოიყენონ.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, 2020 წლის 1 აპრილს თენგიზ ცერცვაძის მიერ პირბადეებზე გაკეთებული კომენტარის 2021 წლის 17 თებერვალს (განახლებული რეკომენდაციების დართვის გარეშე) გამოქვეყნება, მანიპულაციურია. ამჟამად ჯანდაცვის ყველა ავტორიტეტული ინსტიტუტი თანხმდება, რომ კორონავირუსის გავრცელების შეფერხებისთვის პირბადის ტარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, აუცილებელია.

СOVID-19-ის გავრცელება წვეთოვანი გზით ხდება, ადამიანი ვირუსის შემცველ წვეთებს ხველისას, ცემინებისას და საუბრისას აფრქვევს. პირბადის გამოყენება კი ვირუსის მიკრობების გავრცელებას ხელს უშლის. COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის მხოლოდ პირბადის გამოყენება არ არის საკმარისი. ჰიგიენის დაცვა (ხელების ხშირი დაბანა ან სპირტის შემცველი ხსნარით დამუშავება) და სოციალური დისტანციის დაცვაც აუცილებელია.

პირბადის ტარებასთან დაკავშირებული მანიპულაციები ბოლო დროს ხშირად ვრცელდება. აღნიშნულ საკითხზე „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა.

-----------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.