ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-ზე კვლავ აქტუალურია მომხმარებელი Nikoloz Mzhavanadze-ის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრის შესახებ. 2020 წლის 30 ივლისს Facebook-ზე გაზიარებულ ფოტოს თან შემდეგი აღწერა ერთვის: „ლუქსემბურგის პრემიერ მინისტრი მეუღლესთან ერთად“. ფოტოს დღეის მონაცემებით 3.1 ათასი გაზიარება აქვს.

რეალურად, ფოტოზე ასახულები არიან ავსტრიელი მომღერალი, 2014 წლის ევროვიზიის კონკურსის გამარჯვებული, კონჩიტა ვურსტი და მისი ბიზნეს მენეჯერი - ვურსტის კომპანია TNRB unstoppable GmbH-ის აღმასრულებელი დირექტორი - ანდრეს კასაია. ფოტო 2019 წლის 28 თებერვალს, ვენის საოპერო დარბაზშია გადაღებული და არანაირი საერთო ლუქსემბურგის პრემიერთან ან მის მეუღლესთან არ აქვს. ამ დროს ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი და მისი მეუღლე გუტიე დესტინი, ვენის საოპერო დარბაზში, კონკრეტულ წვეულებაზე არ იმყოფებოდნენ.

რაც შეეხება ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრს, ხავიერ ბეტელი აღნიშნულ პოზიციას 2013 წლიდან იკავებს. მისი მეუღლე, ბელგიელი არქიტექტორი გუტიე დესტინია. 2018 წელს ბეტელი პირველი გაცხადებული გეი პოლიტიკოსი გახდა, რომელიც თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩიეს.

--------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები: