სერგო ჩიხლაძე: აღებული სესხებიდან ჯანდაცვის სამინისტრო ჩინოვნიკების მაგიდებს, მანქანებს, კომპიუტერებს ყიდულობს
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ სერგო ჩიხლაძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.
რეზიუმე: 2021 წლის 2 თებერვალს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის ფარგლებში, 12 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვა დონორის სახსრებით ხორციელდება. სამინისტრო შვიდ ერთეულ „სედანს“, ერთ მინივენს, ერთ პიკაპსა და სამ ერთეულ მაღალი გამავლობის ავტომობილს შეიძენს. სატრანსპორტო საშუალებები სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს სარგებლობისთვის გადაეცემა.
შესყიდვა იმ სესხიდან დაფინანსდება, რომელიც ქართულმა მხარემ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან, 2020 წლის მაისში გაფორმებული სასესხო შეთანხმებების თანახმად, მიიღო. შესყიდვის ღირებულება ამ ეტაპზე უცნობია. წინადადებების მიღება დაწყებულია და 5 მარტს დასრულდება. ამის შემდეგ გაირკვევა, რამდენს დახარჯავს სამინისტრო ავტომობილების შესაძენად.
იმავე პროექტისა და დაფინანსების ფარგლებში, სამინისტრო, სასწრაფო დახმარების სერვისებისთვის, IT აღჭურვილობას შეიძენს, კერძოდ, კომპიუტერებს, ყურსასმენებს, პლანშეტებს სასწრაფო დახმარების მანქანებისთვის, ვიდეოკამერებს სასწრაფო დახმარების კაბინებისთვის და სამხრე ვიდეოკამერებს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებისთვის. უკვე მიმდინარეობს შერჩევა-შეფასება. სამი პრეტენდენტიდან, შემსყიდველს ყველაზე დაბალი ფასი შპს „ნეოტექმა“ შესთავაზა - 1 102 400 ლარი.
ამავე სესხით სამინისტრომ ოცდაცამეტი ერთეული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა და ხუთი ერთეული რეანომობილი, ასევე - სამედიცინო აღჭურვილობა და მოწყობილობაც შეიძინა.
რაც შეეხება ავეჯს, სამინისტრომ 63 135 ლარი უკვე გადაუხადა შპს „ოთ-მა ფურნიტურეს“, საოფისე მაგიდების, პროცესორის სადგამი მაგიდების, მაგიდის ფეხსადგამების, გორგოლაჭებიანი სავარძლების, კარადებისა და ტუმბოებისთვის.
იმავე კომპანიისგან, 33 700 ლარად, სამინისტრომ, ადმინისტრაციული შენობის მისაღებისთვის, მაგიდები, ბორბლებიანი სკამები, დივანი და სხვა ავეჯი შეისყიდა.
ავეჯის შესყიდვა COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის ფარგლებში მიღებული სესხით არ განხორციელებულა, 2020 წლის საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსდა.
ზემოაღნიშნული ინფორმაციიდან აშკარაა, რომ სერგო ჩიხლაძის მიერ განცხადებაში მოყვანილი ფაქტები სიმართლეა და ჯანდაცვის სამინისტრო, სესხის თანხით, კომპიუტერულ ტექნიკასა და ავტომობილებს მართლაც ყიდულობს. როგორც ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, ეს შესყიდვები კოვიდთან დაკავშირებული კონკრეტული მიზნებით განხორციელდა. მიუხედავად ამისა, „ფაქტ-მეტრი“ მოკლებულია კომპეტენციას, გამოიკვლიოს ამ შესყიდვების კონკრეტული დანიშნულების რეალურობა. შესაბამისად, ამ ეტაპზე, „ფაქტ-მეტრი“ სერგო ჩიხლაძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს. აღნიშნული საკითხი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება და გვაქვს მოლოდინი, რომ კოვიდთან დაკავშირებული ხარჯების მონიტორინგის თვალსაზრისით აუდიტის სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას გამოიჩენს.
ანალიზი: პოლიტიკოსმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა: „გადაუდებელი რეაგირებისთვის აღებული სესხებიდან, იცით, რას ყიდულობენ? ჩინოვნიკების მაგიდებს, მანქანებს, კომპიუტერებს - აი რას ყიდულობს გადაუდებელი აუცილებლობისთვის ჩვენი ხელისუფლება და ჯანდაცვის სამინისტრო“.
„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.
საქართველოსა და მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის 2020 წლის პირველ მაისს გაფორმებული სასესხო შეთანხმებისა (სესხის ნომერი 9113-GE) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის 2020 წლის 21 მაისის გაფორმებული სასესხო შეთანხმების (სესხის ნომერი L0388A) თანახმად, COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის განხორციელების მიზნით, საქართველომ სესხი მიიღო.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გვერდზე აღნიშნულია, რომ საბიუჯეტო მხარდაჭერის მოცულობა 91,340,000 ევროს შეადგენს და მისი მიზანი, საქართველოში COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული საფრთხეების თავიდან აცილება, გამოვლენა, მასზე რეაგირება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული სისტემების გაძლიერებაა. რესურსი ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერისკენ უნდა მიიმართოს და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების ეპიდემიოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერებას, ზოგადი ტესტირების შესაძლებლობის გაზრდას, კრიტიკული სამედიცინო საშუალებებისა და აღჭურვილობის ხელმისაწვდომობის გაფართოებას, ასევე, COVID-19–ით უშუალოდ თუ არაპირდაპირი გზით დაზარალებული ოჯახებისა და პირების სოციალურ და ფინანსურ მხარდაჭერას მოხმარდეს.
სწორედ ამ პროექტისა და დაფინანსების ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, გასული წლის დეკემბრის ბოლოს, ტენდერი (DEP200000114) გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც უწყება, სასწრაფო დახმარების სერვისებისთვის, IT აღჭურვილობას შეიძენს. საუბარია კომპიუტერების, ყურსასმენების, სასწრაფო დახმარების მანქანებისთვის პლანშეტების, სასწრაფო დახმარების კაბინებისთვის ვიდეოკამერებისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებისთვის სამხრე ვიდეოკამერების შეძენაზე. ტენდერში სამი პრეტენდენტი ჩაერთო. შემსყიდველს ყველაზე დაბალი ფასი - 1 102 400 ლარი - შპს „ნეოტექმა“ შესთავაზა. ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს შერჩევა-შეფასება. მოთხოვნის თანახმად, გამარჯვებულმა სამინისტროს 100 ერთეული ყურსასმენი, 10 ერთეული მაღალი მონაცემების კომპიუტერი, 350 ერთეული პლანშეტი, 360 ერთეული ვიდეოკამერა და 100 ერთეული სამხრე ვიდეოკამერა უნდა მიაწოდოს.
სამინისტრო აღნიშნული სესხით 12 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვასაც გეგმავს. ტენდერი მიმდინარე წლის 2 თებერვალს (DEP210000001) გამოცხადდა და წინადადებების მიღება 5 მარტს დასრულდება. სამინისტრო შვიდ ერთეულ „სედანს“, ერთ მინივენს, ერთ პიკაპსა და სამ ერთეულ მაღალი გამავლობის ავტომობილს შეიძენს.
იმის გასარკვევად, თუ რა აუცილებლობით იყო გამოწვეული ამ რაოდენობის სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვა და რამდენად თანხვედრილია ის COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის მიზნებთან, „ფაქტ-მეტრი“ ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროდან სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსთან (ჯეს) გადაგვამისამართეს. სამინისტრო სატრანსპორტო საშუალებებს სწორედ ამ ორგანიზაციისთვის ყიდულობს. აღნიშნულ ორგანიზაციაში განგვიმარტეს, რომ მათ ბალანსზე მხოლოდ ხუთი მუშა მდგომარეობაში მყოფი და სამი მწყობრიდან გამოსული ავტომანქანაა, რომლებიც, საქართველოს მასშტაბით, თბილისის ჩათვლით, ათ ტერიტორიულ ერთეულს ემსახურება. ამასთანავე, სააგენტო თექვსმეტ პროგრამას ახორციელებს, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის 94%-ზე მეტს მოიცავს. როგორც სააგენტოს წარმომადგენელმა გვითხრა, პანდემიის პირობებში ფუნქცია-მოვალეობების სრულფასოვნად შესასრულებლად, მნიშვნელოვანი გახდა მათი სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფა. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ჯეს-ის მონიტორინგის დანაყოფის ორმოცზე მეტი წევრი კოვიდკლინიკების ინსპექტირებას ახორციელებს.
„მსოფლიო ბანკმა ჯეროვნად შეაფასა არსებული პრობლემები და საჭიროებები და გაითვალისწინა ჯეს-ის თხოვნა 12 ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენის თაობაზე“, - მოგვწერეს სააგენტოდან.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სამინისტრომ, იმავე სესხით, თხუთმეტი ერთეული სატრანსპორტო საშუალება, ოღონდ - არა სასწრაფო სამედიცინო დახმარების, 2020 წლის აგვისტოშიც შეიძინა (ტენდერი DEP200000041). ამ შემთხვევაში გამარჯვებულია შპს „კია მოტორს ჯორჯია“, რომელიც ერთადერთი პრეტენდენტი იყო და ვალდებულების შესრულება 1 166 466 ლარად ითავა.
რაც შეეხება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებებსა და რეანომობილს, მათ შესაძენად ტენდერი (DEP200000079), ამავე პროექტისა და დაფინანსების ფარგლებში, 2020 წლის სექტემბერში იყო გამოცხადებული. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გამარჯვებულია შპს „აკა“, რომელმაც შემსყიდველს სატრანსპორტო საშუალებების მიწოდება 2 184 400 ლარად შესთავაზა. ამ თანხით სამინისტრომ 33 ერთეული მაღალი გამავლობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალება და 5 ერთეული მაღალი გამავლობის რეანომობილი იყიდა.
COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის განხორციელების მიზნით მიღებული სესხით, სამინისტრომ კიდევ რამდენიმე ტენდერი გამოაცხადა და სამედიცინო მოწყობილობები და აღჭურვილობა, მათ შორის, ცენტრალური სადისპეტჩეროს გამოძახებათა მართვის მოდულის ოპერატიული ფუნქციონირებისთვის საჭირო ქსელის, მეხსიერებისა და შესაბამისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოწყობილობები შეიძინა.
პოლიტიკოსი განცხადებაში ავეჯის შესყიდვაზეც საუბრობს. მართალია, სამინისტრომ ადმინისტრაციული შენობისთვის მაგიდები, სკამები, დივანი და სხვა ნივთები შეიძინა, მაგრამ ავეჯის შესყიდვა არა COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის ფარგლებში მიღებული სესხით, არამედ 2020 წლის საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსდა.
კერძოდ, 2020 წლის სახსრებით (ტენდერი NAT200018550), სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მისაღებისთვის, შეძენილია 33 700 ლარის ღირებულების სხვადასხვა დანიშნულების, მათ შორის, საკონფერენციო მაგიდა, ბორბლებიანი სავარძლები, ე. წ. ბარის სკამები, დივანი, კარადა და სხვა. თანხა გადახდილია შპს „ოთ-მა ფურნიტურესთვის“.
იმავე კომპანიას სამინისტრომ 63 135 ლარი გადაუხადა (ტენდერი NAT200019341) საოფისე მაგიდების, პროცესორის სადგამი მაგიდების, გორგოლაჭებიანი სავარძლების, ტუმბოების, კარადებისა და მაგიდის ფეხსადგამისთვის. აღნიშნული შესყიდვაც 2020 წლის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსდა.