იტვირთება

ნინო ბურჯანაძე: ბოლო წელს, ევროკავშირიდან 18 მილიონი დოლარის მეორეული ტანსაცმელია შემოსული

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნინო ბურჯანაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს ქვეყანაში 18 497 700 აშშ დოლარის ღირებულების ნახმარი (მეორეული) ტანსაცმლის იმპორტი განხორციელდა. 2019 წელს იმპორტირებულმა ამავე კლასიფიკაციის საქონლის ღირებულებამ 23 348 700 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის მონაცემს 20.78%-ით აღემატება.

ნახმარი ტანსაცმელი საქართველოში არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, არამედ თურქეთიდან, აშშ-დან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოდის. კერძოდ, 18 მილიონი დოლარიდან, 8 315 000 აშშ დოლარი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, 5 181 000 აშშ დოლარი - თურქეთის რესპუბლიკიდან იმპორტირებულზე, ხოლო 2 844 000 აშშ დოლარი - ამერიკის შეერთებულ შტატებზე.

პოლიტიკოსს ინფორმაცია, მისივე თქმით, მაშინ მიაწოდეს, როცა ერთ-ერთი გადაცემის პირდაპირ ეთერში საუბრობდა. მან წყაროს მიერ მიწოდებული მონაცემები ისე გამოიყენა, რომ არ გადაამოწმა, რაც შეცდომის საფუძველი გახდა. „ფაქტ-მეტრი“ თვლის, რომ განცხადება მეტწილად სიმართლეა.

ანალიზი:

პოლიტიკოსმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა: „ახლა, ამ წუთში, მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში ევროკავშირიდან 18 მილიონი დოლარის მეორეული ტანსაცმელია შემოსული“.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში 2020 წელს იმპორტირებულია 18 497 700 აშშ დოლარის ღირებულების ნახმარი (მეორეული) ტანსაცმელი, რაც 2019 წელს იმპორტირებულის ღირებულებაზე 20.78%-ით ნაკლებია.

ზოგადად, საქსტატი საქართველოში ნახმარი ტანსაცმლის იმპორტის სტატისტიკას 2000 წლიდან აწარმოებს. ამ ხნის განმავლობაში, ქვეყანაში ყველაზე მეტი - 32 229 900 ლარის ღირებულების საქონელი 2011 წელს შემოიტანეს.

გრაფიკი 1. საქართველოში ნახმარი ტანსაცმლის იმპორტის სტატისტიკა, 2000-2020 წლების მიხედვით, აშშ დოლარი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც აღვნიშნეთ, საანგარიშო პერიოდში, ყველაზე მეტი ღირებულების ნახმარი (მეორეული) ტანსაცმლის იმპორტი 2011 წელს განხორციელდა. შემდეგ უმნიშვნელო კლება შეინიშნება, ხოლო 2017-2018 წლებში იზრდება. 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, კვლავ შემცირდა, თუმცა მხოლოდ 9,4%-ით. ნახმარი ტანსაცმლის იმპორტმა გაცილებით მეტად 2020 წელს იკლო, როცა კორონავირუსის გავრცელების გამო, პანდემია გამოცხადდა და ეკონომიკური საქმიანობა შეიზღუდა.

რაც შეხება ქვეყნებს, რომლებიც მეორეული ტანსაცმლის იმპორტიორები არიან, აქ ევროკავშირი ლიდერობს (ოცდაშვიდი ქვეყნის ჯამური რაოდენობით), თუმცა ამ კლასიფიკაციის საქონლის დიდი რაოდენობა ასევე თურქეთის რესპუბლიკიდან შემოდის.

ცხრილი 1. საქართველოში იმპორტირებული ნახმარი ტანსაცმლის რაოდენობა და ღირებულება იმპორტიორი ქვეყნების მიხედვით, 2009-2020 წლები

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ცხრილი 1-დან ჩანს, რომ ნახმარი ტანსაცმლის ყველაზე მეტი რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოდის. მსხვილი მომწოდებლები არიან ასევე თურქეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. სტატისტიკის თანახმად, 2020 წელს იმპორტირებული ნახმარი ტანსაცმლის ჯამური ღირებულებიდან (18 497 700 აშშ დოლარი), 16 340 000 ლარი ანუ 88%-ზე მეტი სწორედ ამ სამ იმპორტიორზე მოდის. კონკრეტულად ევროკავშირის ქვეყნებიდან შარშან იმპორტირებული ნახმარი ტანსაცმლის წილი კი მთლიანი მოცულობის (6 988 ტონა) 44,59%-ს შეადგენს, ხოლო ღირებულება - 45%-ს.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

2847 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
26%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
13%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი