იტვირთება

დავით სონღულაშვილი: თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთანაც და ევროკავშირთანაც მსოფლიოში მხოლოდ 7 ქვეყანას აქვს

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით დავით სონღულაშვილის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: საქართველოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება 2014 წლიდან აქვს, ხოლო ჩინეთთან კი 2018 წლის 1 იანვარიდან. ორივე ხელშეკრულების გაფორმებიდან, საქართველოს ექსპორტი მოცემულ ქვეყნებში გაიზარდა. 2014 წელს ევროკავშირში 624 მილიონი აშშ დოლარის პროდუქტი გავიტანეთ ექსპორტზე, 2020 წელს ამ მაჩვენებელმა 716 მილიონს მიაღწია, ხოლო ისტორიული მაქსიმუმი 2019 წელს დაფიქსირდა 825 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. რაც შეეხება ჩინეთში საქართველოს ექსპორტს, ხელშეკრულების გაფორმების დროს 2018 წელს 198 მილიონი აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა საქართველოდან ჩინეთში, ხოლო 2020 წელს კი ეს მაჩვენებელი 476 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.

ქვეყნების რიცხვი, რომელსაც როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან აქვთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები, 8-ს უტოლდება. საქართველოს გარდა, მსგავსი ქვეყნებია: იაპონია, სინგაპური, ვიეტნამი, ნორვეგია, სამხრეთ კორეა, ჩილე და შვეიცარია.

ანალიზი

2021 წლის 22 თებერვალს საპარლამენტო გამოსვლისას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავჯდომარემ დავით სონღულაშვილმა განაცხადა: „მსოფლიოს 7 ქვეყანაში შევდივართ, რომელსაც როგორც ევროპასთან, ასევე ჩინეთთან აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.“

საქართველომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე ხელი 2014 წელს მოაწერა და შეთანხმება ძალაში 2014 წლის 1 ივლისს შევიდა. შეთანხმება გულისხმობს იმას, რომ საქართველოდან შესაძლებელია ყოველგვარი ბარიერის გარეშე და დაბალი ტარიფებით, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქართული პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტი. ხელშეკრულების ამოქმედებიდან დღემდე ექსპორტის დინამიკა მზარდია. 2014 წელს საქართველოდან ევროკავშირში 624 მილიონი აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, უკვე 2020 წელს ამ მაჩვენებელმა 716 მილიონს მიაღწია, ხოლო მაქსიმუმი 2019 წელს დაფიქსირდა 825 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.

იმ ქვეყნების რიცხვში, რომელთაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება აქვთ ევროკავშირთანაც და ჩინეთთანაც, საქართველოს გარდა, იაპონია, სინგაპური, ვიეტნამი, ნორვეგია, სამხრეთ კორეა, ჩილე და შვეიცარია შედის. სულ მსოფლიოში 8 ასეთი ქვეყანაა.

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება 2018 წლის 1 იანვარს ამოქმედდა. ხელშეკრულება, როგორც ევროკავშირის ნაწილში, გულისხმობს იმას, რომ გარკვეული წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოდან ჩინეთში შესაძლებელია უბარიეროდ და დაბალი ტარიფებით პროდუქციის გატანა. ხელშეკრულების ამოქმედებისას (2018 წელი) საქართველოდან ჩინეთში ჯამში 198 მილიონი აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, ხოლო უკვე 2020 წელს ამ რიცხვმა 476 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

გრაფიკი1: ჩინეთში და ევროკავშირში ექსპორტი 2011-2020 მლნ აშშ დოლარი, ექსპორტის წილი მთლიან ექსპორთან, %

წყარო: forbes.gebm.ge

ევროკავშირში ექსპორტის აბსოლუტური მაჩვენებლების ზრდის მიუხედავად, ევროკავშირის წილი საერთო ექსპორტში აღარ გაზრდილა. ამის ძირითადი გამომწვევი მიზეზი ის არის, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, გაიხსნა რუსული ბაზარიც, რომელმაც საქართველოს საექსპორტო პარტნიორებში მნიშვნელოვანი წილი დაიკავა.

ამ მონაცემების მიუხედავად, ევროკავშირისა და ჩინეთის ბაზრებზე პერსპექტივა ბევრად უფრო დიდია, ვიდრე საქართველო ამჟამად არის წარმოდგენილი. შესაბამისად სამუშაო კიდევ უფრო მეტია იმისთვის, რომ საქართველომ უფრო მეტი პროდუქტის ექსპორტი შეძლოს ევროკავშირისა და ჩინეთის ბაზრებზე და შეამციროს დამოკიდებულება რუსეთზე, რომლის ბაზარიც გამოირჩევა არასტაბილურობით და არ არის თავისუფალი პოლიტიკური ზეგავლენისგან.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

2847 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
26%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
13%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი