იტვირთება

ენმ: თავზარაშვილის მერობის პერიოდში რუსეთის ფედერაციამ გორის ბიუჯეტიდან ასობით ათასი ლარი მიიღო

ვერდიქტი: მეტწილად სიმართლე

რეზიუმე: კონსტანტინე თავზარაშვილი გორის მერი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გახდა.

მისი მერობის პერიოდში გორის მუნიციპალიტეტში ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სხვადასხვა ლოკაციაზე რუსული წარმოების სპორტული ინვენტარი განათავსა, რაშიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 137 058 ლარი დაიხარჯა. ამავე პერიოდში, გორში რუსული წარმოების სამრეცხაო ტექნიკაც შეიყვანეს, რომელიც ასევე ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეიძინა. ამ მიზნით მერიას ერთ წელში 3 ტენდერის გამოცხადება მოუწია და მთლიანობაში 710 994 ლარი დახარჯა.

გასულ წელს კი უწყებამ რუსეთში წარმოებული საკვები პროდუქტის შეძენაც დაიწყო. კონკრეტულად კი - გორის მერიის ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვის შედეგად სხვადასხვა კომპანიის მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად, რუსული წარმოების პროდუქტის შეძენა ხდებოდა. ამისთვის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ ბიუჯეტიდან 48 100 ლარი დახარჯა.

მთლიანობაში, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, წარმოდგენილი შემთხვევების გათვალისწინებით, ჯამში, რუსული წარმოების ტექნიკასა და პროდუქციაში მინიმუმ 896 152 ლარი ბიუჯეტიდან დახარჯა.

ანალიზი:

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან, ბექა ქორჩილავა გორის მერს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან კავშირებში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კონსტანტინე თავზარაშვილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების ნაწილს სწორედ ოკუპანტი ქვეყნის სასარგებლოდ ხარჯავს. ამის მაგალითად ქორჩილავა სახელმწიფო შესყიდვების შედეგად ქალაქში რუსული წარმოების პროდუქტის შეტანას ასახელებს.

„გორის კოლაბორაციონისტი მერი 100-ობით ათას ლარს რიცხავს რუსეთის ბიუჯეტში და ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას სამარცხვინო მერი აფინანსებს ჩვენივე მოსახლეობის სიმწრით გადახდილი გადასახადებით. პრაქტიკულად რუსული კომპანიები უკონკურენტოები არიან ტენდერებში და ხშირ შემთხვევებში, ერთ პირთან მოლაპარაკებებითაც ფორმდება ხელშეკრულებები“,-აცხადებს ბექა ქორჩილავა.

ოპონენტის განცხადებას გორის მერი გამოეხმაურა. კონსტანტინე თავზარაშვილმა სისულელე უწოდა ქორჩილავას მიერ გაჟღერებულ ბრალდებას და მას სატენდერო კანონმდებლობაში გარკვევა ურჩია.

„იმის გამო, რომ საზოგადოება არ შევიდეს შეცდომაში, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ტენდერის დროს კანონმდებლობის მიხედვით, მერიას არ აქვს იურიდიული უფლება, დააწესოს შეზღუდვა, რომელიც კომპანიებს ტენდერში მონაწილეობას აუკრძალავს”,-წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბექა ქორჩილავამ „ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას დააზუსტა, რომ განცხადებაში განსაკუთრებულ აქცენტს კომპანია „სტრადაზე“ აკეთებს, რომელიც საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, გორის მერიის გარდა, არაერთ სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობს და კოლოსალურ თანხებს იგებს. ქორჩილავას ინფორმაციით, მსგავსი ტიპის კომპანიები ქართველ მეწილეებზეა გაფორმებული, რომლებსაც საქართველოში რუსული წარმომავლობის პროდუქცია შემოაქვთ. ქორჩილავას თქმით, ამ გზით საქართველოს მოქალაქეთა გადასახადებიდან ბიუჯეტში შესული თანხა, ოკუპანტი ქვეყნის სასარგებლოდ ირიცხება.

ქორჩილავამ დააკონკრეტა, რომ რუსული წარმოების ტექნიკის შესაძენად გორის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 710 994 ლარი, სავარჯიშო მოწყობილობებში - 54 746 ლარი, 48 060 ლარი კი რუსული წარმოების საკვებ პროდუქტში დახარჯა.

ნაციონალური მოძრაობის მიერ ნახსენები კომპანია შპს „სტრადას“ სახელითა არის რეგისტრირებული. მისი მეწილეები საქართველოს მოქალაქეები არიან, თუმცა გორის მერიამ მისგან, როგორც ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან, რუსული წარმოების ტექნიკა არაერთხელ მიიღო.

მაგალითად, 2019 წლის ბოლოს, ტენდერში გამარჯვების შემდეგ, შპს „სტრადამ“ ქუჩის მოსარეცხი, ნარჩენის გასატანი მანქანები შეიძინა, რომლებიც რუსული წარმოების აღმოჩნდა. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 710 994 ლარი დაიხარჯა. შეძენილი მანქანების დოკუმენტაციაში მწარმოებელ ქვეყნად ,,რუსეთის ფედერაცია/GAZ Group" არის მითითებული. აღნიშნული კომპანია კი ე.წ. გორკის ავტოქარხნითაა ცნობილი. კომპანია „GAZ Group"-ი რუსეთის 7 რეგიონში, 13 სტრუქტურულ ერთეულს აერთიანებს და კომერციული ავტომობილების სეგმენტში ბაზრის ლიდერად ითვლება. ამის შესახებ გასულ წელს „ფაქტ მეტრიც“ წერდა.

2019 წელს აღნიშნული კომპანია გორის მერიის ტენდერების გამარჯვებული სამჯერ გახდა, აქედან 2-ში კონკურენტის გარეშე, ხოლო მესამე ტენდერს მისი კონკურენტი დისკვალიფიკაციის შედეგად გამოეთიშა.

გორის მერიასთან ერთად შპს „სტრადა“ სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ ტენდერებშიც ხშირად იმარჯვებს. ამ დროისთვის მას 58 ტენდერი აქვს მოგებული, საიდანაც ჯამში 5 157 484 ლარი აქვს მიღებული, 110 გამარტივებული შესყიდვებიდან კი, ხელშეკრულებების საერთო ღირებულების მიხედვით, 423 211 ლარი გადაურიცხეს.

2019 წელს გორში რუსული წარმოების სპორტული ინვენტარიც შეიტანეს. ქალაქის ოთხ ლოკაციასა და 3 სოფელში სავარჯიშო სივრცეები მოეწყო. აქედან ღამბარაულის ქუჩასა (18 795 ლარი) და „ახალბაღში” (18 100 ლარი) სამუშაოები კომპანიამ „გეო გრინმა“ შეასრულა, ხოლო შინდისის გზატკეცილსა (23 343 ლარი) და გორგასლის ქუჩაზე (22 820ლარი) - კომპანია „ჯეო - პარკმა“. ქალაქისთვის, აღნიშნული შესყიდვისთვის, გორის მერიამ 83 058 ლარი გაიღო, სოფლებში კი სავარჯიშო მოწყობილობის დამონტაჟებისთვის, სულ 54 000 ლარი დაიხარჯა. ტენდერში ერთი და იმავე კომპანიამ შპს „ექსიმ მეიდმა“ გაიმარჯვა. სავარჯიშოების მონტაჟის სამუშაოები თითოეულ სოფელში კომპანიამ 18 000 ლარად შეასრულა. ამ კომპანიას თურქი მფლობელი ჰყავს, კომპანიის დირექტორი კი საქართველოს მოქალაქეა.

მთლიანობაში, რუსული წარმოების სპორტული ინვენტარისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 137 058 ლარი დაიხარჯა. კომპანიის წარმომადგენელი ამ ფაქტს არ უარყოფს და აცხადებს, რომ გორთან ერთად საქართველოს სხვა ქალაქებშიც რუსული წარმოების სპორტული ინვენტარი შეიტანეს, რადგან ის სატენდერო პირობებში გაწერილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

რუსული წარმოების პროდუქტია შეტანილი საბავშვო ბაღებშიც. პროდუქტის შეძენას მერია პანდემიის პერიოდშიც ახდენდა და მას აღსაზრდელებზე პერიოდულად გასცემდა. გორის მერიის ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ განხორციელებული შესყიდვების მიხედვით, მაკარონზე/ვერმიშელზე, შესქელებულ რძესა და ზეთზე, წარმოების ქვეყანად სწორედ რუსეთია მითითებული, რომელთა შეძენისთვისაც მერიამ ჯამში 48 100 ლარი გადაიხადა.

მათ შორის, მერიას შპს „საბამ“ (სერმან მურჯიკნელის ხელმძღვანელობით), 10 540 ლარის ზეთი მიაწოდა, შპს სახანძრო ტექნიკისგან (გიორგი გიორგაძის ხელმძღვანელობით) უწყებამ 8 640 ლარის ვერმიშელი/მაკარონი მიიღო. იგივე პროდუქტი, ისევ რუსული წარმოების, მერიამ შპს „ნიკასგანაც“ შეიძინა და მასში 11700 ლარი გადაიხადა. შპს „ბელმოლპროდუქტისგან“ კი დოკუმენტების მიხედვით, 9 840 ლარის რუსული წარმოების შესქელებული რძეა შეძენილი. ამ კომპანიისგან კიდევ ერთი შესყიდვაა განხორციელებული. იმავე პროდუქტისთვის ამჯერად 7380 ლარია გადარიცხული.

მოძიებული მასალებიდან ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტში რუსული წარმოების პროდუქცია გორის მერიის შესყიდვების შედეგად ნამდვილად შემოდიოდა. მასში ადგილობრივი ბიუჯეტიდან, მხოლოდ ბოლო 2 წლის მონაცემებით, 896 152 ლარია დახარჯული. რა თქმა უნდა, ეს არ არის რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტში პირდაპირ გადახდილი თანხა, თუმცა ფინანსური მოგება სწორედ რუსულმა კომპანიებმა მიიღო და, გარკვეულწილად, რუსულმა ბიუჯეტმაც. ამასთან, „ფაქტ-მეტრი“ ვერ შევა იმ მსჯელობაში, თუ რამდენად ემსახურება გორის მერიის ნაბიჯები რუსულ ინტერესებს. ეს პოლიტიკური დისკუსიის საგანია და, ჩვენი მეთოდოლოგიის შესაბამისად, სტატიაში ვერ განვიხილავთ. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

2847 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
26%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
13%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი