ნინო წილოსანი: ღვინის ექსპორტმა 2020 წელს 209 მლნ ლარი შეადგინა, რაც 220%-ით მეტია, ვიდრე ღვინის ექსპორტს ვახორციელებდით მაშინ, როცა ქვეყნის მართვა გადმოვიბარეთ

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნინო წილოსანის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: ქართული ღვინის ექსპორტმა 2020 წელს 210 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იგივე მაჩვენებელი 2012 წელს 65 მლნ დოლარი იყო. შესაბამისად, 2020 წელს, 2012 წელთან შედარებით, ღვინის ექსპორტი მართლაც 223%-ით არის გაზრდილი. განცხადებაში ნინო წილოსანი დოლარის ნაცვლად ლარს ამბობს, რაც მექანიკური შეცდომაა.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა ან კლება, რუსეთის ფაქტორზე არის დამოკიდებული. როგორც ცნობილია, 2006 წელს რუსეთმა ქართულ ღვინოს ემბარგო დაადო. აღნიშნულმა აკრძალვამ ქართული ღვინის მთლიანი ექსპორტის მნიშვნელოვანი კლება განაპირობა. ქართული ღვინის და ბრენდის ექსპორტი რუსეთში 2013 წლის ივნისში აღდგა და ღვინის ექსპორტიც გაიზარდა. 2015 წელს ქართული ღვინის ექსპორტის კლება კვლავ რუსეთის ფაქტორმა განაპირობა. ამ წელს რუსეთსა და უკრაინაში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობა ქართული ღვინის ექსპორტზე მნიშვნელოვნად აისახა და ექსპორტის 39 %-იანი კლება გამოიწვია. 2016 წლიდან, მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი მზარდია და სტაბილურად 50%-ს აღემატება. აქედან გამომდინარე, 2012 წლიდან მოყოლებული, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა, მიუხედავად იმისა, რომ ალტერნატიული საექსპორტო ბაზრების ათვისება ხდება, ძირითადად მაინც რუსეთის ბაზარზე არის დამოკიდებული. თავის მხრივ, რუსული ბაზარი არ არის თავისუფალი პოლიტიკური კონტექსტისაგან და არასტაბილურობით ხასითდება. ტექნიკური ხასიათის შეცდომისა და რუსული ბაზრის არასტაბილურობის გათვალისწინებით, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნინო წილოსანის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი:

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა სოფლის მეურნეობის შესახებ ისაუბრა, მათ შორის, ყურადღება ღვინის ექსპორტზე გაამახვილა და აღნიშნა: „2020 წელს ღვინის ექსპორტმა 209 მლნ ლარი შეადგინა, რაც 220 %-ით მეტია, ვიდრე ღვინის ექსპორტს ვახორციელებდით მაშინ, როცა ქვეყნის მართვა გადმოვიბარეთ“.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემის მიხედვით, 2020 წელს საქართველოდან 210 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინის ექსპორტი განხორციელდა. 2019 წელს ღვინის ექსპორტმა 223 მლნ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, 2020 წელს ღვინის ექსპორტი 6%-ით შემცირდა. გასულ წელს ყველაზე დიდი რაოდენობით ღვინო - 120 მლნ დოლარის (94 მლნ, ბოთლი), რუსეთის ბაზარზე გავიდა, რაც მთლიანი ექსპორტის 57%-ს შეადგენს.

რაც შეეხება 2012 წელს, ამ წელს ექსპორტზე საქართველოდან 65 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა (23 მლნ ბოთლი), რაც 2020 წელთან შედარებით (210 მლნ) 223%-ით ნაკლებია. შესაბამისად, განცხადებაში დასახელებული რიცხვები სიმართლეს შეესაბამება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნინო წილოსანმა ექსპორტის მონაცემები დოლარის ნაცვლად ლარში მოიყვანა, რაც მექანიკური შეცდომაა.

რაც შეეხება ღვინის ექსპორტს 2012 წლიდან, შემდეგნაირი იყო:

ცხრილი 1: ქართული ღვინის ექსპორტი, მოცულობა და ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, ღვინის ექსპორტის ზრდა 2013 წლიდან ფიქსირდება, შემდეგ 2015 წლიდან კვლავ მკვეთრი ვარდნაა და 2017 წლიდან ისევ იზრდება, გამონაკლისი გასული - პანდემიის წელია.

ღვინის ექსპორტის სტატისტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა ან კლება, სწორედ რუსეთის ფაქტორზე არის ხოლმე დამოკიდებული. როგორც ცნობილია, რუსეთმა საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეტანა (მათ შორის ღვინის) 2006 წელს, რუსეთის მთავარი სანიტრის, გენადი ონიშენკოს ბრძანებით, უხარისხობის მოტივით, აკრძალა. აღნიშნულმა ემბარგომ ქართული ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი კლება განაპირობა. 2006 წელს ქართული ღვინის ექსპორტმა 41 მილიონი დოლარი შეადგინა, უკვე მომდევნო წელს ღვინის ექსპორტი თითქმის განახევრდა და 29 მლნ დოლარამდე დავიდა. ქართული ღვინის და ბრენდის ექსპორტი რუსეთში 2013 წლის ივნისში აღდგა. 2013-2014 წლებში ქართული ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად სწორედ რუსეთში ქართული ღვინის ემბარგოს გაუქმების გამო გაიზარდა (2013 – 128 მლნ, 2014 – 185 მლნ). 2015 წელს ქართული ღვინის ექსპორტის კლება კვლავ რუსეთის ფაქტორმა განაპირობა. ამ წელს რუსეთსა და უკრაინაში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობა ქართული ღვინის ექსპორტზე მნიშვნელოვნად აისახა და ექსპორტის 39%-იანი კლება გამოიწვია (96 მლნ აშშ დოლარი). 2019 წლის 20 ივნისის შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა (რუსეთის მუქარა ქართული პროდუქტებზე სანქციების დაწესების შესახებ) კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთი არასაიმედო სავაჭრო პარტნიორია, რომელიც საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობას ხშირად პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. აქედან გამომდინარე, ქართული ღვინის ცნობადობის გასაზრდელად და პოპულარიზაციისთვის კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯებია განსახორციელებელი, რათა ისეთ არასტაბილურ ბაზარზე, როგორიც რუსული ბაზარია, ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული.

ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთის ბაზარზე წლების განმავლობაში შემდეგნაირია:

გრაფიკი 1: 2012-2020 წლებში ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთის ბაზარზე, მლნ ბოთლი (0.75ლ) და მლნ დოლარი

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც გრაფიკიდან ჩანს, ქართული ღვინის წამყვან საექსპორტო ბაზრად კვლავ რუსეთის ბაზარი რჩება და მასზე მთლიანი ექსპორტის (2016 წლიდან) ნახევარზე მეტი მოდის.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნინო წილოსანის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ფოტო: netgazeti.ge

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5669 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია