იტვირთება

დეზინფორმაცია: 6 თვიდან 15 წლამდე ბავშვებში ვაქცინის გამოცდას იწყებენ

ვერდიქტი: მცდარი

ანალიზი

Facebook-მომხმარებელმა შორე შანიძემ, რომელსაც კორონავირუსთან და მის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით ყალბი ამბავი აქამდეც არაერთხელ გაუვრცელებია, პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ 6 თვიდან 15 წლამდე ბავშვებში ვაქცინის გამოცდას იწყებენ. პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გავრცელება და გამოხმაურება აქვს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ტესტირება ბავშვებში მართლაც იწყება, თუმცა არა პოსტში დასახელებულ ასაკობრივ კატეგორიაზე. კორონავირუსის საწინააღმდეგო არცერთი ვაქცინის ტესტირება 6 თვიდან ბავშვებში არ იგეგმება.

ასტრაზენეკასა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი ვაქცინის უსაფრთხოების, ძლიერი იმუნური რეაქციის გამომუშავებისა და ზრდასრულებში მაღალი ეფექტიანობის დადასტურების შემდეგ, ვაქცინის გამოცდა ბავშვებსა და ახალგაზრდებშიც იწყება, კონკრეტულად, 6-დან 17 წლამდე. ამ ეტაპისთვის, ასტრაზენეკასა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 18+ ასაკის მოსახლეობისთვისაა დამტკიცებული. ვაქცინის (მეორე ფაზის) გამოცდაში 300 მოხალისე იქნება ჩართული. მოხალისეები ორ კატეგორიაში თანაბარი რაოდენობით გადანაწილდებიან - 6-დან 11 წლამდე და 12-დან 17 წლამდე. მათგან 240 ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ასტრაზენეკას მიერ შექმნილ ვაქცინას მიიღებს, ხოლო დანარჩენი (საკონტროლო ჯგუფი) მენინგიტის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება, რომლის უსაფრთხოება ბავშვებში უკვე დადასტურებულია. აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში ვაქცინის გამოცდის პროცესი 12 თებერვალს დაიწყო და პირველი ვაქცინაციის პროცესი თებერვლის განმავლობაში იყო დაგეგმილი. კვლევაში 16 წლამდე ბავშვის მონაწილეობა მის სურვილსა და მშობლის თანხმობაზეა დამოკიდებული, ხოლო, ჯანმრთელობის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის სახელმძღვანელო მითითებების მიხედვით, 16-17 წლის ახალგაზრდას საკუთარი სურვილითაც შეუძლია კვლევაში მონაწილეობა, თუმცა პირველი ვიზიტის დროს მშობელი/მეურვე უნდა ახლდეს და მშობელი/მეურვე კვლევასთან დაკავშირებულ ინფორმაციასაც მიიღებს. კვლევაში მონაწილეები ეტაპობრივად შეირჩევიან - თავდაპირველად 12-17 წლის მოზარდები. შესაბამისად, უფრო პატარა ასაკის ბავშვებში (6-11 წელი) ვაქცინის გამოცდამდე, 12-17 წლის მოზარდებში ვაქცინის გამოცდის შედეგად მიღებული მონაცემები უკვე განხილული იქნება. ბავშვებში ტესტირებისას იგივე დოზა იქნება გამოყენებული, რაც ზრდასრულებში. ვინაიდან 18-19 წლის თინეიჯერებსა და უფრო ახალგაზრდებს შორის მცირე განსხვავებაა, ოქსფორდის უნივერსიტეტი მოელის, რომ ვაქცინა აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაშიც ეფექტური იქნება.

რაც შეეხება Pfizer-BioNTech-ის ვაქცინას, ის 16+ ასაკის მოსახლეობისთვისაა დაშვებული. Pfizer-ის ვაქცინა 12-დან 15 წლამდე ასაკის 2300 მოხალისეზე გამოიცდება.

მოდერნა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირებას 12-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში იწყებს. კვლევაში 3 ათასი მონაწილე ჩაერთვება, რომელთა ნახევარი - ოთხი კვირის შუალედით, ვაქცინით ორჯერ აიცრება (როგორც ზრდასრულებშია აპრობირებული), ხოლო მეორე ნახევარს, საკონტროლო ჯგუფს, პლაცებო გაუკეთდება.

Johnson & Johnson კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირებას მოზარდებშიც აპირებს, თუმცა კვლევის მასშტაბი და ასაკობრივი კატეგორია ჯერ ცნობილი არაა. კიდევ ერთი ვაქცინა, რომელიც ახალგაზრდებში იტესტება, ჩინური Sinovac Biotech-ის ვაქცინაა (ის ჯერჯერობით, ავტორიტეტული მარეგულირებლების მიერ ლიცენზირებული არაა) და მისი კვლევა ჩინეთში 3-დან 17 წლამდე ბავშვებს მოიცავს. რუსული ვაქცინის, „Sputnik V“-ის, ბავშვებში გამოცდა ჯერ არ დაწყებულა. ამასთან, „Sputnik V“-ის ეფექტურობასთან დაკავშირებით კითხვები ჯერ კიდევ არსებობს. რუსული მედიის ინფორმაციით, „Sputnik V“-მა ბავშვებში ვაქცინის გამოცდის ნებართვა შესაძლოა, მარტში ითხოვოს.

შესაბამისად, 6 თვის ასაკის ბავშვებზე არ იტესტება არათუ ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინები, არამედ ის ვაქცინებიც კი, რომელთა ეფექტურობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ კითხვები არსებობს. შესაბამისად, Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია.

----------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

2847 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
26%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
13%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი