დეზინფორმაცია: კომპანიების - Craft, Pepsiko, Nestle - საკვები პროდუქტები და სხვადასხვა ვაქცინა ადამიანის აბორტირებულ უჯრედებს შეიცავს
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
Facebook-მომხმარებლები, ნინო ბრეგაძე და გოჩა ჩუმაშვილი სოციალურ ქსელში იდენტური შინაარსის დეზინფორმაციას ავრცელებენ (ბმული 1, ბმული 2). მათ მიერ გამოქვეყნებული პოსტების თანახმად, არსებობს საკვები დანამატი, სახელწოდებით - HEK-293 (human embryonic kidney - ადამიანის ემბრიონული თირკმლის უჯრედი), რომელსაც კომპანიები - Craft, Pepsiko, Nestle - თავიანთ პროდუქტებში იყენებენ. Facebook-მომხმარებლები ასევე ამტკიცებენ, რომ აღნიშნული უჯრედები კოსმეტოლოგიური ნაწარმისა და სხვადასხვა ვაქცინების დამზადებისას გამოიყენება.
დეზინფორმაცია HEK-293 უჯრედებისა და მისი კოსმეტიკის, კვებისა და სამედიცინო მრეწველობაში გამოყენების შესახებ უკვე წლებია არსებობს და სოციალურ ქსელში პერიოდულად პოპულარული ხდება. აღნიშნული ამბის სიყალბის შესახებ ფაქტების გადამოწმების არაერთი საერთაშორისო პლატფორმა წერდა (Politifact, Snopes, Fullfact).
სინამდვილეში, HEK-293 cells 1970-იან წლებში ლეგალურად აბორტირებული ნაყოფის უჯრედებს წარმოადგენს, რომლებსაც წლების განმავლობაში ლაბორატორიაში ხელოვნურად ამრავლებდნენ, ანუ მის კლონებს ქმნიდნენ. აღნიშნული უჯრედული ხაზები ბიოლოგიასა და მედიცინაში ფართოდ გამოიყენება, განსაკუთრებით კიბოს კვლევაში. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე კომპანია ისეთ საკვებს ან სამედიცინო პროდუქტს აწარმოებს, რომელიც აბორტირებული ემბრიონის უჯრედებს შეიცავს. უჯრედები, რომელიც სხვადასხვა პროდუქტის დამზადების პროცესში გამოიყენება, არა პირდაპირ აბორტირებული სხეულის უჯრედი, არამედ მისი კლონირებული ვერსიაა. აღსანიშნავია ისიც, რომ პროდუქტების საბოლოო ვერსიაში, არც ბუნებრივი და არც კლონირებული უჯრედული მასალები, აღარ ხვდება.
დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროდუქტები აბორტირებულ ჩვილთა უჯრედულ ქსოვილებს შეიცავს და ამას სიტყვებში - არომატიზატორი ან ბუნებრივი არომატიზატორი - მალავენ, ერთ-ერთი ბიოტექნოლოგიურ კომპანიას უკავშირდება. Senomyx, რომელიც აშშ-ში მოქმედი ბიოტექნოლოგიური კომპანიაა, ინოვაციური არომატული ინგრედიენტების აღმოჩენასა და განვითარებაზე მუშაობდა. 2011 წელს აბორტის მოწინააღმდეგე ჯგუფი Children of God for Life კომპანია Senomyx-ს დაუპირისპირდა. 2011 წლის 29 მარტის დაარქივებული პრესრელიზის მიხედვით, აღნიშნული ჯგუფი იმ კომპანიის (Craft, Pepsiko, Nestle) პროდუქტებს უცხადებდა ბოიკოტს, რომლებიც Senomyx-თან თანამშრომლობდნენ. მათ არგუმენტად 2002 წელს კომპანიის მიერ გამოქვეყნებული არგუმენტი მოჰყავდათ, სადაც ეწერა, რომ Senymox-ი კვლევებში HEK-293 უჯრედებს იყენებდა.
კომპანია Senomyx-მა HEK-293 უჯრედული ხაზები არომატების კვლევისას მართლაც გამოიყენა. თუმცა ეს უჯრედები არცერთ საბოლოო საკვებ პროდუქტში, როგორც შემადგენელი ინგრედიენტი, არ გვხვდება. საინფორმაციო სააგენტო CBS News 2011 წელს წერდა, რომ არასამეცნიერო წრის გარეთ, შესაძლოა, უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ HEK-293 უჯრედები ფართოდ გამოიყენება ფარმაცევტულ კვლევებში. ეს უჯრედები მეცნიერებს ეხმარება, შექმნან ვაქცინები და ისეთი წამლები, როგორიცაა, მაგალითად, რევმატიული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტი. Senomyx-ი იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც HEK-293 უჯრედები საკვებისა და სასმელების შექმნის პროცესში გამოიყენა. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასასმელია, რომ HEK-293 ორიგინალი უჯრედების კლონირებული ვერსიებია და არცერთი საკვები პროდუქტის საბოლოო ვერსიაში ადამიანის ემბრიონის უჯრედები არ ხვდება.
შესაბამისად, მტკიცება, რომ HEK-293-ის უჯრედები არომატიზატორის ინგრედიენტია და ის საკვებ პროდუქტებში გვხვდება, ყალბია. ეს უჯრედები ორიგინალი უჯრედების კლონირებული ვერსიაა და მხოლოდ არომატების კვლევისას გამოიყენება.
რაც შეეხება HEK-293 უჯრედების ვაქცინებში არსებობას, მსგავსი დეზინფორმაცია როგორც წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინის, ისე ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებაც გავრცელდა.
ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) ვაქცინების შემადგენელი ნაწილების შესახებ წარმოებულ მოხსენებაზე დაყრდნობით, ზოგიერთი ვაქცინა, როგორიცაა, მაგალითად, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა, დამზადებულია ათეულობით წლის წინ ლეგალურად აბორტირებული სხეულის ფილტვის ფიბრობლასტის ლაბორატორიულად კლონირებულ ქსოვილში. მოხსენების თანახმად, კონკრეტული ქსოვილში არსებული გარემო ვაქცინისთვის საჭირო ანტიგენის გამრავლების საშუალებას იძლევა. ანტიგენის კონკრეტულ გარემოში ფორმირების შედეგად, ძალიან იშვიათ შემთხვევებში ხდება, რომ ანტიგენი ნანოგრამების რაოდენობით ადამიანის დნმ-ის ფრაგმენტებს შეიცავს. იმ ადამიანური ქსოვილის შესწავლა, რის შედეგადაც შექმნილმა ვაქცინამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, 1962 წელს მოხდა, როცა შვედეთში 3 თვის ლეგალურად აბორტირებული ჩვილის ქსოვილზე დაკვირვებისა და მისი შესწავლის მაგალითზე მოხდა WI-38 ქსოვილური ხაზების (Cell lines) აღმოჩენა. დღეს მედიცინაში 1962 წლის ქსოვილი WI-38-ის ლაბორატორიულად კლონირებული ვერსიები გამოიყენება და არა აბორტირებულ ემბრიონთა ქსოვილები.
რაც შეეხება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა AstraZeneca-ს, ის ვირუსული ვექტორის ტიპის ვაქცინაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, სხვა ვირუსის მოდიფიცირება ხდება. ამგვარი ვაქცინის, ისევე როგორც სხვა ყველა ვაქცინის მიზანი, ადამიანის იმუნური სისტემის გაძლიერებაა. ეს ორგანიზმში დასუსტებული ანტიგენის ანუ დაავადების გამომწვევი აგენტის შეყვანით ხდება. ორგანიზმში ანტიგენის შეყვანის შემდეგ, იმუნური სისტემა მას, როგორც უცხო ორგანიზმს აღიქვამს, ანტისხეულებს გამოყოფს, და ამასთან ერთად, მომავლისთვის ანტიგენს იმახსოვრებს. ამერიკის ბიოტექნოლოგიური ინფორმაციების ეროვნული ცენტრის (NCBI) თანახმად, კორონავირუსის გენის, ე.წ. სპაიკ ცილის, გადატანა სხვა ვირუსთან (ადენოვირუსთან) მოდიფიცირებული ვირუსის (ვექტორის) გამოყენებით ხდება, რომელიც ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ეს პროცესი, ანუ დასუსტებული ვირუსის შექმნა, ადამიანის ემბრიონის გენეტიკურად მოდიფიცირებული თირკმლის უჯრედებში (HEK 293 cells) მიმდინარეობს, რადგან კონკრეტულ უჯრედში არსებული გარემო ვაქცინისთვის საჭირო ანტიგენის გამრავლების საშუალებას იძლევა. HEK 293 cells 1970-იან წლებში აბორტირებული ნაყოფის უჯრედებს წარმოადგენს, რომელთაც წლების განმავლობაში ლაბორატორიაში ხელოვნურად ამრავლებდნენ, ანუ მის კლონებს ქმნიდნენ. შესაბამისად, ის უჯრედები, რომლითაც დასუსტებული ვირუსი იქმნება, არა პირდაპირ აბორტირებული სხეულის უჯრედი, არამედ მისი კლონირებული ვერსიაა. აღნიშნული ტექნიკა 1960 წელს შემუშავდა და კვლევის მიზნისთვის არცერთი ორსულობა ხელოვნურად არ შეწყვეტილა. აღსანიშნავია ისიც, რომ ვაქცინის წარმოებისას პროდუქტი იფილტრება და მის საბოლოო ვერსიაში, არც ბუნებრივი და არც კლონირებული უჯრედული მასალები, აღარ ხვდება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, Facebook-მომხმარებლების მტკიცება, რომ საკვები, კოსმეტოლოგიური და ფარმაცევტული პროდუქტები ადამიანის აბორტირებული ემბრიონის უჯრედებს შეიცავს, ყალბი ამბავია და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
----------------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.
----------------------------------------------------------------------------------------------------
ყალბი ამბავი გამოგვიგზავნა ფაქტ-მეტრისა და მოხალისეთა ჰაბის ერთობლივი პროექტის, "მოხალისე ფაქტჩეკერის" მონაწილემ, მარიამ ღლონტმა.