იტვირთება

ნათია თურნავა: ყოველთვის პოზიტიური დინამიკა გვქონდა ადგილობრივი წარმოების საექსპორტო პროდუქციაში [ექსპორტი რეექსპორტის გარეშე]

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნათია თურნავას განცხადება არის მეტწილად მცდარი

რეზიუმე:

ბუნდოვანია რას გულისხმობდა ეკონომიკის მინისტრი ადგილობრივი წარმოების საქონლის ექსპორტის [ექსპორტი რეექსპორტის გარეშე] პოზიტიურ დინამიკაში. განცხადების გადამოწმება, საჭიროებს გარკვეული რაოდენობრივი და თვისობრივი ასპექტების განხილვას.

რაოდენობრივი თვალსაზრისით, ადგილობრივი წარმოების ექსპორტი 2020 წელს, 2012 წელთან შედარებით გაზრდილია დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარით, თუმცა, მაჩვენებელის ზრდის დინამიკა წლიდან წლამდე მერყეობდა და რიგ შემთხვევაში, წინა წელთან მიმართებით შემცირება ფიქსირდებოდა. მისასალმებელია, რომ ადგილობრივი ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში და მშპ-თან საბოლოო ჯამში გაიზარდა, თუმცა, წლიდან წლამდე ცალკეული გაუარესება ან მიზერული მატება წინა წელთან შედარებით ამ შემთხვევებშიც ფიქსირდებოდა. შესაბამისად, მინისტრის მითითება მუდმივ დადებით დინამიკაზე, სიმართლეს არ შეესაბამება.

თვისობრივი თვალსაზრისით, ბოლო წლების განმავლობაში, ადგილობრივი წარმოების ექსპორტის სტრუქტურა საკმაოდ სუსტი იყო და მისი კომპოზიცია ძირითადად პირველადი სახის, ანუ მეტწილად გადაუმუშავებელი საქონლისგან შედგებოდა, რომელთაც დაბალი დამატებული ღირებულება გააჩნიათ. ასევე, საყურადღებოა ის ფაქტი რომ 2020 წელს, 2014 წელთან შედარებით, რუსეთში ექსპორტირებული ადგილობრივი წარმოების პროდუქტის წილი, მთლიან ადგილობრივ ექსპორტთან მიმართებით გაზრდილია. ფაქტია, რომ სავაჭრო კავშირები რუსეთთან არასტაბილური და პოლიტიკური კონიუნქტურის მიმართ მეტად მოწყვლადია, შესაბამისად, კითხვის ნიშნები ჩნდება ეკონომიკის მინისტრის მიერ დასახელებული დადებითი დინამიკის მდგრადობასთან დაკავშირებითაც.

ანალიზი:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა: “ჩვენ ყოველთვის პოზიტიური დინამიკა გვქონდა ადგილობრივი წარმოების საექსპორტო პროდუქციაში. ეს ჩვენი დაბალანსებული პოლიტიკის შედეგია”.

მაჩვენებელი რომელზეც მინისტრი საუბრობს, წარმოადგენს საქონლის ექსპორტს რეექსპორტის გარეშე. რეექსპორტი საშუალებას იძლევა, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან. აღსანიშნავია, რომ რეექსპორტისთვის საჭირო პირობას წარმოადგენს რომ იმპორტირებული და შემდეგ ექსპორტირებული საქონლის ღირებულებაში, საქართველოში დამატებული ღირებულების წილი ნულოვანი, ან უმნიშვნელო იყოს. სხვა მხრივ, ადგილობრივი ექსპორტი შეიძლება მოიცავდეს როგორც ქვეყანაში წარმოებულ, ისე საზღვარგარეთიდან იმპორტირებული იმ საქონლის ექსპორტს, რომელმაც განიცადა არსებითი სახეცვლილება ან ქვეყნის ფარგლებში გადამუშავების შედეგად მოხდა მისი ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდა. რეექსპორტის მაგალითია ავტომობილების იმპორტი ევროპიდან და შემდგომ ექსპორტი საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. ექსპორტის მაჩვენებელზე მსჯელობისას, აგრეთვე მნიშვნელოვანია ექსპორტში რეექსპორტის წილის განსაზღვრა. სხვა თანაბარ პირობებში, ექსპორტის ზრდა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას იწვევს. საექსპორტო საქონლის წარმოების გავლენა სხვა მუხლებშიც აისახება, დასაქმება იზრდება და შემოსავლები გენერირდება. რეექსპორტს სამუშაო ადგილებისა და წარმოების ზრდაზე ნაკლები გავლენა აქვს, რაც ექსპორტზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია. რეექსპორტი თავისთავად უარყოფით მოვლენას არ წარმოადგენს და მისი ზრდა პოზიტიურ ცვლილებად ითვლება, მაგრამ ჯამური სარგებელი რეექსპორტიდან, ბუნებრივია, ექსპორტთან შედარებით ნაკლებია. შესაბამისად, თავისთავად რეექსპორტის ზრდა მისასალმებელია, თუმცა მისი მაღალი წილი ექსპორტის სტრუქტურაში არასასურველია.

ბუნდოვანია რას გულისხმობდა ეკონომიკის მინისტრი პოზიტიურ დინამიკაში, თუმცა, შესაძლებელია გარკვეული რაოდენობრივი და თვისობრივი ასპექტების განხილვა. ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი, ანუ ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, 2012 წელთან შედარებით 2020 წელს 1 მლრდ აშშ დოლარით გაიზარდა. 2016-2020 წლებში, ადგილობრივი ექსპორტი აბსოლუტურ რიცხვებში ზრდის დინამიკით ხასიათდებოდა და 1.6 მლრდ აშშ დოლარიდან 2.4 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. თუმცა, 2013-2016 წლებში მაჩვენებელი შემცირდა 1.93 მლრდ აშშ დოლარიდან 1.62 მლრდ აშშ დოლარამდე, შესაბამისად, სახეზე იყო უარყოფითი დინამიკა. დასაშვებია, რომ 2013-2016 წლებში შემცირებაში წილი ჰქონდეს დოლართან ლარის გაუფასურებასაც, თუმცა შეუძლებელია განისაზღვროს ამ გავლენის ზუსტი ზომა.

2013-2020 წლებში, ადგილობრივი წარმოების ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში და მშპ-სთან გაიზარდა, რაც მისასალმებელია. თუმცა ამ შემთხვევაშიც, წლიდან წლამდე განსხვავებული დინამიკა ფიქსირდებოდა და შესაბამისად, მინისტრის მითითება მუდმივ დადებით დინამიკაზე, მართებული არ არის.

ცხრილი 1: ადგილობრივი წარმოების საქონლის ექსპორტისა და მთლიანი ექსპორტის დინამიკა 2013-2020 წლებში, მლნ აშშ დოლარი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

უშუალოდ ადგილობრივი წარმოების ექსპორტის სტრუქტურა საკმაოდ სუსტია და მისი კომპოზიცია ძირითადად პირველადი სახის, ანუ გადაუმუშაავებელი საქონლისგან შედგება. კერძოდ, უმსხვილესი სასაქონლო პოზიციები ბოლო წლების განმავლობაში, ძირითადად შემდეგი იყო: სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, ყურძნის ღვინო, მინერალური და მტკნარი წყლები, ოქრო (დაუმუშავებელი ან ფხვნილის სახით), თხილი და კაკალი, სასუქები. ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში, ჩამონათვალი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

ასევე, საყურადღებოა ის ფაქტი რომ 2020 წელს, 2014 წელთან შედარებით, რუსეთში ექსპორტირებული ადგილობრივი წარმოების პროდუქტის წილი, მთლიან ადგილობრივ ექსპორტთან მიმართებით გაზრდილია 13.9%-დან 16.7%-მდე. რუსეთი, ქართული პროდუქციის უმსხვილეს იმპორტიორად რჩება. რუსეთში ექსპორტის წილობრივი მაჩვენებელი განსაკუთრებით 2017 წელს გაიზარდა, წინა წელთან შედარებით 6 პროცენტული პუნქტით. ფაქტია, რომ სავაჭრო კავშირები რუსეთთან არასტაბილურია და პოლიტიკური მოვლენების მიმართ მეტად მოწყვლადი, შესაბამისად, კითხვის ნიშნები ჩნდება ეკონომიკის მინისტრის მიერ დასახელებული მაჩვენებლის ზრდის მდგრადობასთან დაკავშირებითაც.

გრაფიკი 1: ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტი რუსეთში, 2014-2020* წლებში, მლნ აშშ დოლარი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

2914 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი