იტვირთება

ნიკა სამხარაძე: საერთაშორისო გამოხმაურებები საკმაოდ მოზომილი და რბილია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნიკა სამხარაძის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: ამერიკის საელჩო ნიკა მელიას დაკავების ფაქტს საქართველოსთვის უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. რესპუბლიკელი კონგრესმენი, სენატში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი ნიკა მელიას დაკავებას „წარმოუდგენლად ბრიყვულ ნაბიჯს“ უწოდებს. ჯიმ რიში, ჯინ შაჰინი, ადამ კინზინგერი და ჯერი კონოლი მთავრობას ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ და მათ პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ. ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა მელიას დაკავებას მიუღებელს უწოდებს. ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას შეფასებით, „ნიკა მელიას დაკავება დემოკრატიის უკუსვლის აისბერგის მხოლოდ წვერია“. მოცემული განცხადებები მოწმობს, რომ საერთაშორისო გამოხმაურებები მკაცრია. განცხადებებში უთითებენ დემოკრატიის გაუარესებაზე. ასევე, საერთაშორისო პარტნიორების ნაწილი ტერმინს - „პოლიტპატიმარი“ პირდაპირ იყენებს.

ანალიზი:

2021 წლის 23 თებერვალს პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სათავო ოფისში შეიჭრა და პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავა. როგორც მედიით გავრცელებული კადრებიდან ჩანს, შენობაში შეღწევა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით მოხდა. დაკავების პროცესში სპეცრაზმმა დახურულ სივრცეში წიწაკის სპრეი გამოიყენა. სპეცოპერაციის ფარგლებში ერთ-ერთმა აქტივისტმა თავის არეში დაზიანება მიიღო, 17 ადამიანი დაშავდა, მათგან ორი მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს. ამასთან, „ერთიანი ნაციონალური მძრაობის“ ოფისში არსებული ინვენტარის ნაწილი განადგურდა. ნიკა მელიას დაკავებას საქართველოს არაერთი საერთაშორისო პარტნიორი გამოეხმაურა. განცხადებები, ძირითადად ხელისუფლების კრიტიკას, საქართველოში დემოკრატიის უკსვლას და მხარეთათვის დიალოგისკენ მოწოდებებს ეხებოდა.

24 თებერვალს ქართული ოცნების დეპუტატი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკა სამხარაძე საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებს გამოეხმაურა. მისი თქმით: „საერთაშორისო გამოხმაურებები საკმაოდ მოზომილი და რბილია იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერი აღმოჩნდა ციხეში და ეს, რა თქმა უნდა, ყოველთვის, ყველა ქვეყანაში იქნება შეშფოთების საფუძველი.”

„ფაქტ-მეტრი“ გთავაზობთ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით, საქართველოს საერთაშორისო მხარდამჭერებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების გაკეთებულ განცხადებებს.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება: „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში. ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა. დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე“.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება: „შეერთებული შტატები ღრმად შეწუხებულია ოპოზიციური ლიდერის, ნიკა მელიასა და ოპოზიციის სხვა წევრების დაკავებით. მაპოლარიზებელი რიტორიკა, ძალა და აგრესია საქართველოს პოლიტიკური განსხვავებების გადაჭრის გზა არ არის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავიდან აირიდონ ისეთი ქმედებები, რომელმაც, შესაძლოა, გაამწვავოს დაძაბულობა და კეთილსინდისიერად მიიღონ მონაწილეობა მოლაპარაკებებში, რათა გადაჭრან არსებული პოლიტიკური კრიზისი“.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადება: „რაც ბოლო დღეებში ვნახეთ, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან. ამის მიღმა კომენტარის გაკეთება არ მსურს. ვიტყვი იმას, რომ ახლოდან დავაკვირდებით მოვლენებს მომდევნო საათებსა და დღეებში. საიდუმლო არაა, რა გვსურს, რომ მოხდეს და ვნახავთ, ასე იქნება თუ არა“.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მაღალჩინოსანი წევრის, რესპუბლიკელი ჯიმ რიშის, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის, დემოკრატი ჯინ შაჰინის და წარმომადგენელთა პალატაში „საქართველოს მეგობართა“ ჯგუფის რესპუბლიკელი და დემოკრატი თანათავმჯდომარეების, ადამ კინზინგერისა და ჯერი კონოლის ერთობლივი განცხადება: „საქართველოს სამართალდამცავი ძალებისა და სასამართლო სისტემის კორუმპირებული გამოყენება პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების აღსასრულებლად, საფრთხეს უქმნის იმას, რაც საქართველოს დარჩა დემოკრატიისგან და ევროატლანტიკური გზისგან. მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა პოლიტპატიმარი, მათ შორის ბატონი მელია და გიორგი რურუა. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოში პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს და ამ კრიზისის მშვიდობიან გადაწყვეტაზე მოილაპარაკოს”.

რესპუბლიკელი კონგრესმენის, სენატში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარის, ადამ კინზინგერის განცხადება: „წარმოუდგენლად ბრიყვული ნაბიჯია საქართველოს მთავრობის მიერ ლეგიტიმური პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ. საქართველოში დემოკრატიისთვის სამწუხარო დღეა“.

„ჰელსინკის კომისიის“ ლიდერების, სენატორი როჯერ უიკერის, სენატორი ბენ კარდინის, კონგრესმენი ელსი ჰეისტინგსის და ჯო უილსონის ერთობლივი განცხადება: „როგორც ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის მონაწილე სახელმწიფოს, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის მიმართ ერთგულება აქვს გაცხადებული. მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიის მთავარ ოფისზე თავდასხმა და მისი ლიდერის თვითნებურად დაკავება დემოკრატიულ პროგრესს არ შეესაბამება. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გაათავისუფლოს ნიკა მელია, განმუხტოს კრიზისი და ხელახლა ჩაერთოს დიალოგში აგრესიის ნაცვლად“.

სამხრეთ კავკასიაში NATO-ს სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადება: „საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ახლოდან ვაკვირდებით. მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავება ღრმად შემაშფოთებელია. NATO ელოდება საქართველოსგან, როგორც ახლო პარტნიორისა და ასპირანტისგან, ევროატლანტიკური დემოკრატიული სტანდარტების განვითარებას, ეს მოიცავს პოლიტიკური განსხვავებების დიალოგის გზით გადაჭრას და მაპოლარიზებელი რიტორიკისა და ქმედებებისგან თავის არიდებას“.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელის განცხადება: „ესკალაციის ლოგიკა იმარჯვებს. პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ყველა მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და ქვეყნისა და საქართველოს ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს. საერთო ენის გამონახვის მცდელობებზე უარი არ უნდა ითქვას“.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადება: „გაბრაზებული ვარ. გაბრაზებული ვარ პოზიციაზეც და ოპოზიციაზეც. რა თქმა უნდა, ამ პროცესებზე პასუხისმგებლობა მთავრობას აკისრია, მაგრამ ორივე მხარე სტრატეგიულ პასუხისმგებლობებს არ ითვალისწინებს. საქართველოს მომავალი არც ისე ოპტიმისტურია, როგორც ეს ადრე იყო. ამ პროცესებით გახარებული მხოლოდ მოსკოვია. მნიშვნელოვანია, რომ ამას ქართული პოლიტიკური ელიტა ხვდებოდეს. ორივე მხარემ უნდა გაიაზროს, რატომ სწირავენ ქვეყნის მომავალს მათ უპასუხისმგებლო საქციელს. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ დასავლეთისთვისაც მნიშვნელოვანია. როდესაც ვხედავთ, თუ რამდენად ადვილად შეიძლება ეს შესაძლებლობა დაიკარგოს, ძალიან სამწუხაროა“.

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგას განცხადება: „მთავარი ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისში შეჭრა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება მიუღებელია. საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ძალის, აგრესიისა და შეურაცხმყოფელი განცხადებების მეშვეობით ვერ გადაიჭრება. ღამის მოვლენები კოშმარი იყო. ჩვენ სხვაგვარ საქართველოზე ვოცნებობთ“.

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვას განცხადება: „ძალიან გულდასაწყვეტია საქართველოში განვითარებული მოვლენები. ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება დემოკრატიის უკუსვლის აისბერგის მხოლოდ წვერია. პოლიტიკური პატიმრების სიაში მატება ევროპისაკენ პროგრესის გზა არაა“.

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადება: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისზე შტურმის მიტანა, ეს დაძაბული ვითარება ძალიან ცუდ მოგონებებს მახსენებს. ყოველივე ეს ნორმალური პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი ვერ იქნება, აქ რაღაც ფუნდამენტურად არასწორადაა და ეს არა ხალხს, არამედ პოლიტიკას ეხება. პოლიტიკა საქართველოში კუთხეშია მიმწყვდეული და ეს ძალიან სარისკოა. ვწუხვარ, ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ ეს პროცესები დასასრულთან ახლოსაა. პოლიტიკურ ოპოზიციასთან ამ ფორმით ბრძოლა ევროპული გზა არ არის. ბუნებრივია, ამ ყველაფერს საქართველოს ევროპულ ოჯახში წევრობის პერსპექტივაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა ექნება“.

ამასთან, ევროპარლამენტარებმა: პეტრას აუსტერვიჩუსმა, ანდრიუს კუბილიუსმა, მარკეტა გრეგოროვამ, ვიტოლდ იან ვაშჩიკოვსკიმ, ხავიერ ნარტმა და ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან და ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს საქართველოში ვიზიტამდე წერილით მიმართეს: „ევროკავშირი ვერ უგულებელყოფს არსებულ მდგომარეობას, როცა ძალის გამოყენება, რევანშიზმი და ბალანსი შესაძლებლობის ზღვარზე დომინანტურ ტრენდებად იქცა. პოლიტიკური პოლარიზაცია და დაძაბულობა საფრთხეს უქმნის საზოგადოებისა და სახელმწიფოს სტაბილურობას. გარდა ამისა, პოლიტიკური კრიზისი აჩენს რისკს, რომ საქართველო გადაუხვევს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში რეფორმების გზიდან. დაჟინებით მოგიწოდებთ, გამოიყენოთ თქვენი ვიზიტი საქართველოში პოლიტიკური ძალების წასახალისებლად, რათა ეძიონ პარტიებს შორის დიალოგის დაუყოვნებლივი განახლების გზები, რომელიც უნდა დასრულდეს ურთიერთგაგების კონკრეტული მემორანდუმით, რომელიც ყურადღებას გაამახვილებს თანამშრომლობითი და ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს შექმნაზე საქართველოში. ვნება და სისწრაფე, რომლითაც ქართული პოლიტიკური ელიტა ხელახლა ჩაერთვება პარტიათა შორის დიალოგში, აისახება მათ განზრახვაზე, რომ ნამდვილობა მიანიჭონ საქართველოს გაცხადებულ ევროპულ მისწრაფებებს. ჩვენ გვჯერა, რომ ამ პროცესში ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია, ჰქონდეს მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა. ამრიგად, ჩვენ მოგიწოდებთ, რომ ისინიც აქტიურად ჩართოთ თქვენი ვიზიტის ფარგლებში“.

საქართველოში ლიეტუვის ელჩის, ანდრიუს კალინდრას განცხადება: „დღის სამწუხარო დასაწყისია თბილისში, ოპოზიციური პარტიის ოფისში განვითარებული მოვლენების ხილვა. საქართველოს მომავლის გულისთვის, ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოვუწოდებ. ძალადობამ და ესკალაციამ არ შეიძლება გამოიწვიოს დადებითი შედეგები“.

ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადება: „გავიღვიძოთ! ვრეკოთ ზარები! დემოკრატია თავდასხმის ქვეშაა! გაზისა და ძალადობის გამოყენება პუტინივით. ივანიშვილის რეჟიმმა ფასი უნდა გადაიხადოს“.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადება: „დამწუხრებული ვარ იმის ხილვით, თუ რა ხდება თბილისში ამ დილით. ძალადობა პოლიტიკური უთანხმოების მოგვარების გზა არ არის. იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქართველ მეგობრებს შეეძლებათ, უფრო ღრმა კრიზისში ჩაძირვას თავი აარიდონ. თავშეკავებამ და დემოკრატიის ერთგულებამ უნდა აჯობოს“.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება: „ესტონეთი მკაცრად გმობს ოპოზიციური პარტიის ოფისზე ძალადობრივ შტურმს და საქართველოში, თბილისში პოლიტიკური ვითარების გამწვავებას. მე მოვუწოდებ მთავრობას და ოპოზიციას თავშეკავებისკენ, პოლიტიკურ დიალოგთან დაბრუნებისკენ. სწორი გადაწყვეტილებების მიღება მომავლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია!“

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონის განცხადება: „ღრმად შეშფოთებული [ვარ] საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო. ოპოზიციის ოფისებზე შტურმი და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება შეუსაბამოა იმ მისწრაფებებთან, რომელიც საქართველოს მთავრობის მტკიცებით, მათ აქვთ. საქართველოში დემოკრატიისთვის ეს კრიტიკული მომენტია“.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარ რინკევიჩის განცხადება: „ყურადღებით ვადევნებ თვალს მოვლენებს თბილისში, საქართველოში. მოვუწოდებ მთავრობას და ოპოზიციას, გამოიჩინონ თავშეკავება, მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად ჩაერთონ პოლიტიკურ დიალოგში“.

ზემოხსენებული განცხადებების გათვალისწინებით, ნიკა სამხარაძის განცხადება არის ტყუილი. ამერიკის საელჩო ნიკა მელიას დაკავების ფაქტს საქართველოსთვის უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და მეგობრები, მათ შორის ისინიც, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ყველაზე აქტიურად ლობირებენ საერთაშორისო არენაზე, ნიკა მელიას დაკავებას მკაცრი განცხადებებით ეხმიანებიან.

ფოტო:1tv.ge

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

2847 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
26%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
13%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი