იტვირთება

პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის დასახელების შემდეგ, Facebook-ზე გავრცელდა თემურ გორგაძის პოსტი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილსა და მუსლიმ სასულიერო პირებს შორის 2015 წელს ბათუმში გამართულ შეხვედრას ეხება. მაშინ ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა ახალი მეჩეთის მშენებლობაზე ისაუბრეს. პრემიერი სასულიერო პირებს დაჰპირდა, რომ მათ წინაშე არსებულ ყველა პრობლემას სახელმწიფო ეტაპობრივად მოაგვარებდა.

„ფაქტ-მეტრმა“ გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები და რა წინააღმდეგობების გადალახვა უწევდა და უწევს მუსლიმ თემს, რომ სახელმწიფოსგან ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვა მიიღოს.

ახალი მეჩეთის მშენებლობა ბათუმში - გადაუჭრელი საკითხის ქრონოლოგია

ბათუმში დღემდე მხოლოდ ერთი მეჩეთი არსებობს. ის მე-19 საუკუნის ბოლოს აშენდა და „ორთა ჯამე“ ეწოდა, რადგან აზიზიესა და აჰმედის ჯამეებს შორის იდგა. კომუნისტური მმართველობის ეპოქაში, მეჩეთში ლოცვა აკრძალული იყო და დაიხურა. ლოცვის შესაძლებლობა მორწმუნეებს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიეცათ და დღეს მეჩეთში, განსაკუთრებით რელიგიური დღესასწაულების დროს, ათასზე მეტი ადამიანი ლოცულობს, თუმცა მათი ნაწილი - ქუჩაში, რადგან მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს.

ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საკითხი დღის წესრიგში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებში დადგა, 2008 წელს კი, ხელისუფლებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის პერიოდში, განსაკუთრებით გააქტიურდა, მაგრამ მუსლიმი თემი არაერთ წინააღმდეგობას წააწყდა, არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ - საზოგადოების ნაწილის მხრიდან. მოქალაქეები, რომლებიც ახალი მეჩეთის მშენებლობას არ ეთანხმებიან, დღემდე თურქული ექსპანსიის საფრთხეზე საუბრობენ. მუსლიმი თემის არაერთი წარმომადგენელი კი თვლის, რომ ასეთი დამოკიდებულება რუსული ნარატივია და საქართველოს მოქალაქეებს შორის რელიგიურ საფუძველზე დაპირისპირებას აღვივებს.

2011 წელს მეჩეთის მშენებლობის თემა კიდევ ერთხელ გააქტიურდა, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს იმჟამინდელი დირექტორის ნიკა ვაჩეიშვილის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც ტაო-კლარჯეთში მდებარე ქართული ძეგლების რეაბილიტაციის სანაცვლოდ, საქართველოში სამი მეჩეთის რეაბილიტაცია და ერთი ახალი მეჩეთის მშენებლობა იგეგმებოდა. საუბარი იყო ბათუმის გოგებაშვილისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაზე, სადაც ადრე, 1868 წელს, სულთან აზიზიეს ბრძანებით, ჯამე აშენდა.

საზოგადოებას ინფორმაცია ისე მიეწოდა, თითქოს აზიზიეს სახელობის მეჩეთი უნდა აშენებულიყო. დაიწყო საპროტესტო აქციები. დღეს იმ აქციების არაერთი მონაწილე ამბობს, რომ მაშინ ინფორმაცია არასწორად მიაწოდეს და აქციაზე იმ მოტივით მივიდნენ, რომ აზიზიე დამპყრობელი იყო და მისი სახელობის სალოცავის აშენება შეურაცხყოფად მიიჩნიეს.

არჩევნებამდე კი „ქართულმა ოცნებამ“ მოქალაქეებთან შეხვედრები და ახალი მეჩეთის მშენებლობაზე საკუთარი პოზიციას დაფიქსირება დაიწყო. აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი პოლიტიკოსი მურმან დუმბაძე იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ის „რესპუბლიკური პარტიიდან“ სწორედ ამ მიზეზით გარიცხეს. დუმბაძემ მაშინ განაცხადა, რომ მეჩეთის მშენებლობის საკითხის მიმართ მისი დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულების იდენტური იყო.

2012 წლის აგვისტოში, როცა ბათუმში კვლავ მასშტაბური აქცია იმართებოდა, ბიძინა ივანიშვილი ხალხთან მივიდა და აღმსარებლობის თავისუფლებაზე ისაუბრა. ის მოქალაქეებს დაჰპირდა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, საკითხს ისე გადაწყვეტდნენ, რომ ისტორიულ საგანძურსაც მიეხედებოდა და მოქალაქეების კანონიერი უფლებებიც არ შეილახებოდა.

უკვე ხელისუფლებაში მოსული „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ დანიშნული არჩილ ხაბაძე მუსლიმ თემს ახალი მეჩეთის მშენებლობაში მხარდაჭერას უცხადებდნენ. მაგალითად: 2013 წელს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მუსლიმ მრევლს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა და საჯაროდ პირობა დადო, რომ ან ახალი მეჩეთი აშენდებოდა, ან არსებული გაფართოვდებოდა. იმავე დღეს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თბილისში მეჩეთში მივიდა. მასთან შესახვედრად სამუფთოს წარმომადგენლები სპეციალურად ბათუმიდან თბილისში გაემგზავრნენ. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელმა ჯემალ პაქსაძემ მაშინ ჟურნალისტებს უთხრა, რომ თბილისში ბიძინა ივანიშვილსა და სრულიად საქართველოს დალოცავდნენ.

კიდევ ერთი წლის შემდეგ: 2014 წელს არჩილ ხაბაძემ მუსლიმ მრევლს რელიგიური დღესასწაული მიულოცა და ახარა, რომ მეჩეთის მშენებლობა-გაფართოების 30-წლიანი თხოვნა შესრულდებოდა.

თეოლოგთა კავშირის თავმჯდომარე, მუსლიმთა კავშირის გამგეობის წევრი თემურ გორგაძე, რომელიც 2016-2019 წლებში მუფთის მრჩეველი იყო, „ფაქტ-მეტრთან“ იხსენებს: „ბიძინა რომ გაპრემიერდა, პირველი რაც გააკეთა, ერდოღანს შეხვდა და განაცხადა, რომ ბათუმში ააშენებდა ახალ მეჩეთს. მერე მუსლიმებთან გამართა შეხვედრები და დაპირდა, რომ მეჩეთს თავისი ფულით ააშენებდა. როცა მივხვდით, რომ არაფერს არ ააშენებდა, შევაგროვეთ ფული...

მერე სუსმა დაიწყო მოძრაობები, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ ხმამაღლა ყველა ერიდება საუბრებს. უკვე ძალიან გაჭედილები იყვნენ. ან მართლა უნდა მოგვარებულიყო მეჩეთის მშენებლობის საკითხი, ან რაღაც ისე უნდა გაეკეთებინათ, რომ თითქოს ჩვენ არ ვართ ცუდი ხალხი, თვითონ მუსლიმებს აღარ უნდათ მეჩეთიო. ბოლოს მივიდნენ იქამდე, რომ რაღაც მემორანდუმის მსგავსი შეადგინეს. ვინც ამ საქმეს კურირებდა, იცოდა რომ ეს პირდაპირ ღარიბაშვილისგან მოდიოდა. დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება ამ მემორანდუმზე. იქ პირდაპირ ეწერა, რომ ჩვენ მუსლიმები მოვითხოვთ, ახალი მეჩეთის სანაცვლოდ გადმოგვეცეს რეზიდენცია და შენობა მედრესესთვის“.

ირაკლი ღარიბაშვილისა და არჩილ ხაბაძის შეხვედრა ბათუმში მუსლიმ სასულიერო პირებთან

შეთანხმება ნამდვილად შედგა და მას 2014 წელს მუსლიმური რელიგიური ორგანიზაცია „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ რამდენიმე წევრმა (23 ადამიანი) ხელი მოაწერა. მრევლმა, ახალი მეჩეთის სანაცვლოდ, სახელმწიფოსგან არსებული მეჩეთის გაფართოების დაპირება მიიღო. გარდა ამისა, მას სახელმწიფომ შენობები გადასცა, რეზიდენციისა და მედრესესთვის. ეს ქონება ბათუმში, ანგისის ქუჩაზე მდებარეობს. თუმცა, როგორც „ფაქტ-მეტრმა“ გაარკვია, მედრესესთვის გადაცემული შენობა უფუნქციოა. ჩვენმა ერთ-ერთმა რესპონდენტმა გვითხრა, რომ სახელმწიფომ მუსლიმი ქართველები მოატყუა, ახალი მეჩეთის მშენებლობაზე უარი ათქმევინა და მედრესეს მოწყობაშიც არაერთ დაბრკოლებას უქმნის, რის გამოც რელიგიური სასწავლებლის გახსნა დღემდე ვერ მოხერხდა.

ოთარ წულუკიძე, აქტივისტი: „ალტერნატივა შემოგვთავაზეს, რომ ივანიშვილის დაპირება ტყუილი არ გამოსულიყო და [დრო] გაეხანგრძლივებინათ. მე არ მომიწერია ხელი. ვინც მოაწერა, ნანობს. ესეც გექნებათ და ისიცო [მედრესე და ახალი მეჩეთი], ასეთი მიდგომით მოაწერინეს ხელი. ჩვენ კი შევკრიბეთ ფული და ავაშენეთ მეჩეთი, ბარაკული სისტემის. მედრესეს გახსნა იყო ხაფანგი. ცენტრალურ მეჩეთში, მაგ პირობით, მედრესე დაიხურა და ახალ შენობაში არ გაიხსნა. ხუთი წელი გავიდა უკვე მის შემდეგ. იმიტომ არ გაიხსნა, რომ საპატრიარქოს არ უნდა. ისეთ წინააღმდეგობას გვიწევენ, რომ შეუმჩნეველს, ტექნიკურად. შენობა არსებობს, მაგრამ საწყობად იყენებენ. რაც ხდება ჩვენს პოლიტიკაში დღეს, ეს რუსული ნარატივი და რაღაცები, ჩვენთანაც არის ეგ შიგნით, უნდათ გახლეჩა, მაგრამ არ გამოუვიდათ და არ გამოუვათ. მცდელობები არის და, რა თქმა უნდა, ძალიან მოქმედებს. მე სოფელ დიდაჭარიდან ვარ, მუსლიმები ვართ ყველა. ეკლესიას აშენებენ ახლა. მაგასთან დაკავშირებით დამიძახეს. ვუთხარი, რომ ჩემგან ყველანაირი ხელშეწყობა გექნებათ-მეთქი. ძალიან საწყენია, სულ იმის მტკიცება გვიწევს, რომ ქართველები ვართ, მაგრამ ჩვენ სარწმუნოება გვავალდებულებს მოთმინებას და ვითმენთ“.

2015 წელს, სანამ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დატოვებდა, მან ბათუმში, მუსლიმ სასულიერო პირებთან ერთად, სახელმწიფოს მიერ მუსლიმი თემისთვის გადაცემული შენობა დაათვალიერა, რომელშიც ახლა რეზიდენციაა განთავსებული. მაშინ მუსლიმმა სასულიერო პირების ნაწილმა პრემიერს მადლობა გადაუხადა. თუმცა თვითონ მუსლიმ მრევლში აზრი ორად გაიყო. ნაწილი მიიჩნევდა, რომ სახელმწიფომ ალტერნატიული შეთავაზებით დრო მოიგო და ახალი მეჩეთის მშენებლობის იდეაზე უარი ათქმევინა. საუბრობდნენ საქმეში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობაზე, რომელიც გარკვეული მეთოდებით თვითონ მუსლიმ მრევლში არეულობის შეტანას ცდილობდა. ამაზე „ფაქტ-მეტრს“ რამდენიმე რესპონდენტიც ესაუბრა, თუმცა ამ საუბრის ტექსტსა და ვინაობას, გასაგები მიზეზების გამო, არ ვასაჯაროებთ.

აღარც მედრესე, აღარც - ახალი მეჩეთის მშენებლობის უფლება

სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ წინადადებაზე დათანხმებიდან ერთი წლის შემდეგ, ახალი მეჩეთის მშენებლობის თემა დღის წესრიგში კვლავ დაბრუნდა. თუმცა ბათუმის მერიამ მიწის გადაცემაზე უარი უთხრა და 2016 წელს მუსლიმმა მრევლმა, ახალი მეჩეთის მშენებლობის მოთხოვნით, 12 000 ხელმოწერა შეაგროვა. ქართველმა მუსლიმებმა ა(ა)იპ „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდი“ დააფუძნეს და შემოწირულობებით, განვადებით, მიწის ნაკვეთი შეისყიდეს. 2017 წლის თებერვალში ფონდმა ბათუმის მერიას უკვე დარეგისტრირებულ ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მოთხოვნით მიმართა.

„ფაქტ-მეტრმა“ ამის შესახებ უკვე დაწერა.

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე უარი თქვა. „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა“, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ, ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მუსლიმი თემის ინტერესების დაცვის მიზნით, საქმეში ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ჩაერთნენ. აღნიშნული საქმის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

2019 წელს ბათუმის სასამართლომ მერიის უარი დისკრიმინაციულად და უკანონოდ მიიჩნია.

სასამართლომ ჩათვალა, რომ ზონა, სადაც მუსლიმი მრევლი ახალი მეჩეთის მშენებლობას ითხოვდა, საცხოვრებელი სახლებით მჭიდროდ განაშენიანებულია და შვიდი მართლმადიდებლური ეკლესია დგას. თუმცა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, რომელიც დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოფხვრის მიზნით, ბათუმის მერიას სპეციალური შეთანხმებისა და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ აქტების გამოცემას დაავალდებულებდა, არ დააკმაყოფილა.

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. EMC-ის იურისტის კოტე ჩაჩიბაიასგანმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმესთან დაკავშირებული მოსმენა უკვე იყო. მომდევნო სხდომას უახლოეს დღებში ელოდებიან და იმედი აქვთ, რომ ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება.

პარალელურად, მუსლიმმა მრევლმა საკუთარი სახსრებით შეძენილ მიწაზე ფიცრული მეჩეთი მოაწყო და პარასკეობით იქ მრავალი ადამიანი ლოცულობს. ხალხმრავლობაა მუსლიმურ დღესასწაულებზეც. თუმცა სამართლებრივი ბრძოლა გრძელდება, მაგრამ ქართველი მუსლიმების ნაწილს იმედგაცრუება ეტყობა. ისინი ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება საპატრიარქოს გავლენის ქვეშაა და მის წინააღმდეგ ვერ მიდის, რადგან ყოველ არჩევნებზე საპატრიარქოს მხარდაჭერა სჭირდება. ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ყველაზე კატეგორიული მოწინააღმდეგე კი, როგორც მუსლიმი მრევლი მიიჩნევს, სწორედ საპატრიარქოა.

ფოტო: საქართველოს მთავრობა

თეგები:

მსგავსი სიახლეები

2851 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
26%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
13%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი