იტვირთება

შინაგან საქმეთა სამინისტრო: დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას პოლიციამ გამოიყენა იძულების კანონით გათვალისწინებული, პროპორციული ძალა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: სპეცოპერაციის ფარგლებში ერთ-ერთმა აქტივისტმა თავის არეში დაზიანება მიიღო, 17 ადამიანი დაშავდა, მათგან ორი მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს. სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ დახურულ სივრცეში წიწაკის სპრეის გამოყენება დაუშვებელია. სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, დახურულ სივრცეში წიწაკის გაზის გამოყენება არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას უტოლდება.

ანალიზი:

2021 წლის 23 თებერვალს პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სათავო ოფისში შეიჭრა და პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავა. როგორც მედიით გავრცელებული კადრებიდან ჩანს, შენობაში შეღწევა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით მოხდა. დაკავების პროცესში სპეცრაზმმა დახურულ სივრცეში წიწაკის სპრეი გამოიყენა. სპეცოპერაციის ფარგლებში ერთ-ერთმა აქტივისტმა თავის არეში დაზიანება მიიღო, 17 ადამიანი დაშავდა, მათგან ორი მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს. ამასთან, ენმ-ს ოფისში არსებული ინვენტარის ნაწილი განადგურდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, „სამართალდამცველებმა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები გააფრთხილეს, ხელი არ შეეშალათ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში და ამისთვის გონივრული ვადა მისცეს მათ. სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, პარტიის ოფისთან შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა. შესაბამისად, სასამართლოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას, პოლიციამ გამოიყენა იძულების, კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები“.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სათავო ოფისში განვითარებულ მოვლენებს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია გამოეხმაურა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა: „ყველა, საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტით, ეს არის გაეროს სტანდარტები, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის, ევროპული სასამართლოს, გაეროს სპეციალური მომხსენებლის სტანდარტებით, წიწაკის სპრეის, გაზის გამოყენება დახურულ სივრცეში, იქ სადაც ადამიანებს არ აქვთ საშუალება დატოვონ ტერიტორია და მიიღონ დაუყოვნებლივი დახმარება, უტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და წამებასაც კი, იქიდან გამომდინარე, რომ გაზის გამოყენებით დახურულ სივრცეში მიღებული ტკივილი უტოლდება, აღწევს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფორმებს. მათ შორის, CPT -ის (ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი) 2014 წელს პირდაპირ აქვს საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაცია, რომ წიწაკის სპრეი არ იყოს გამოყენებული დახურულ სივრცეში. სწორედ ამას ვსაუბრობ, ეს არის სტანდარტები რაზეც ვისაუბრე. არ შეიძლება ადამიანის უფლებათა სტანდარტით, წიწაკის გაზის, სპრეის გამოყენება იქ, სადაც ჰაერი არ არის შეღწევადი და ადამიანებს არ შეუძლიათ დაუყოვნებლივ გავიდნენ სუფთა ჰაერზე... განსაკუთრებით აკრძალულია ამ გაზის გამოყენება იმ ადამიანების მიმართ, დაშავება იმ ადამიანების, რომლებიც არ წარმოადგენენ საფრთხეს პოლიციისთვის და ვიცი, რომ იქ იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. ასევე, ვიცი, რომ დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები“.

სახალხო დამცველთან ერთად, შსს-ს მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას არასამთავრობო სექტორიც გამოეხმაურა. „ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრის“ განცხადებაშინათქვამია: „დღეს დილით ნიკა მელიას შტურმითა და მასშტაბური სპეციალური ოპერაციით დაკავების მანერა და ფორმები, მათ შორის, ცრემლსადენი ან წიწაკის გაზის დახურულ სივრცეში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენება და ზოგიერთი აქტივისტის თვითნებური დაკავება, არაერთ სამართლებრივ კრიტიკას აჩენს. კითხვები ჩნდება პარტიის ოფისიდან კომპიუტერული სერვერის ამოღების სამართლებრივი საფუძვლების შესახებ. მთლიანობაში ამ საქმის საერთო პოლიტიკური, მათ შორის, გეოპოლიტიკური კონტექსტი, უმძიმეს კითხვებს წარმოშობს ხელისუფლების პოლიტიკური მიზნებისა და მისწრაფებების შესახებ. ცხადია, ამ პირობებში ჩნდება შიშიც, რომ ხელისუფლება რეპრესიული პრაქტიკის ნორმალიზებას მოახდენს და დემოკრატიის და ადამიანის უფლებების მდგომარეობა ქვეყანაში კიდევ უფრო დამძიმდება. ქვეყანაში არსებული უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური კრიზისის ფონზე პოლიტიკური პროცესების ამ მიმართულებით წარმართვა დემოკრატიული წუხილების მიღმა, სოციალურ წუხილებსაც წარმოშობს და უიმედობის საერთო ფონს აღრმავებს“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შეფასებაშიც წიწაკის სპრეის დახურულ სივრცეში გამოყენების ფაქტზეა ყურადღება გამახვილებული. “წიწაკის სპრეის დახურულ სივრცეში გამოყენების საკითხი განსაკუთრებით პრობლემურია მაშინ, როდესაც პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეკრებილი პირების მხრიდან არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონდა ადგილი და ისინი მშვიდობიან გარემოში უჭერდნენ მხარს ნიკანორ მელიას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე “Tali v Estonia” წიწაკის სპრეის გამოყენება არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად დაადგინა, რითაც დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენცია (მე-3 მუხლი). ევროსასამართლოს განმარტებით, წიწაკის სპრეი არასდროს არ უნდა იქნას გამოყენებული დახურულ/შეზღუდულ სივრცეში იმ პირთა წინააღმდეგ, რომელთა კონტროლიც შესაძლებელია. მისი გამოყენება შეიძლება იყოს გამართლებული მხოლოდ იმ მიზეზით, რომ თავიდან იქნას აცილებული თვითდაზიანება ან, როდესაც სერიოზული საფრთხე ემუქრება სხვა პირებს, ან ციხის უსაფრთხოება”,- აღნიშნულია განცხადებაში.

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაციის ჩატარებისას არაპროპორციული ძალა გამოიყენა. სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ დახურულ სივრცეში წიწაკის სპრეის გამოყენება დაუშვებელია. სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, დახურულ სივრცეში წიწაკის გაზის გამოყენება არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას უტოლდება. სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტებაზე მოქალაქეების მიერ მიღებული დაზიანებები და განადგურებული ინფრასტრუქტურაც მეტყველებს. აღსანიშნავია ისიც, რომ სპეცოპერაციის მიმდინარეობისას მოქალაქეების მხრიდან სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ პოლიციამ პროპორციული ძალა გამოიყენა არის ტყუილი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3719 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ყალბი ამბავი
8%
ნახევრად სიმართლე
8%

ყველაზე კითხვადი