იტვირთება

ქლიქბეითის მანიპულაცია: გიორგი გახარიას განცხადებით, „ფასები დაიკლებს“

ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება

23 დეკემბერს Facebook სივრცეში გავრცელდა სტატია მანიპულაციური სათაურით: „“ფასები დაიკლებს" - გიორგი გახარიამ ახლახანს ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა“. სტატიას Facebook-ანგარიში საჯარო ჯგუფებში („მე მიყვარს საქართველო”, „uMedia”, „ექსკლუზივი”) ავრცელებს. მასალის პირველი წყარო ე.წ „ქლიქბეით“ (ინტერნეტში გავრცელებული კონტენტი, რომლის მიზანი ყურადღების მიპყრობა და ბმულზე გადასასვლელად მნახველთა წახალისებაა) ვებგვერდი gifsat.comარის. ვებგვერდზე სტატიის გამოქვეყნების თარიღი და ავტორი არ არის მითითებული.

ვებგვერდზე გადასვლისას, საკითხის შესახებ დამატებით დეტალებს ვეცნობით:

„მედიკამენტებზე ფასი ქვეყანაში უნდა შემცირდეს და ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ჯიბიდან გადახდა უნდა შემცირდეს, მთავარი ამოცანა ის არის, რომ ამან არ უნდა იმოქმედოს ხარისხსა და მკურნალობის ეფექტიანობაზე; უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი იქნება გადადგმული“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა“. სტატიის მიხედვით, გახარია პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისა და რეფორმირების აუცილებლობაზე საუბრობს და ამასთან ერთად ერთ-ერთ პრიორიტეტად ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასების კლებას (მკურნალობის ეფექტიანობისა და ხარისხის დონის შენარჩუნებით) ასახელებს.

2020 წლის 23 დეკემბერს ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა ნამდვილად გაიმართა. იმ დროს მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის ძირითად მიმართულებებზე, ქვეყნის წინაშე არსებულ საშინაო და საგარეო გამოწვევებზე, სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული „ქართული ოცნების“ სხდომის შეჯამების თანახმად, გახარიამ ნამდვილად აღნიშნა, რომ ერთ-ერთი თვალსაჩინო შედეგი, ყველასთვის ცნობილი მიღწევა - საყოველთაო ჯანდაცვაა, თუმცა შემდგომი გამოწვევა, რომელზეც სამინისტრო მუშაობს, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება და ხელმისაწვდომობის გაზრდაა. გახარიას თქმით, ამასთან ერთად ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს მოქალაქეების ჯიბიდან გადასახადების შემცირება წარმოადგენს.

ამგვარად, ქლიქბეით ვებგვერდზე განთავსებული სტატიის სათაურის („ფასები დაიკლებს“) წაკითხვისას, მკითხველისთვის გაუგებარი რჩება, რა სახის პროდუქტსა თუ მომსახურებაზე ფასების კლებაზეა საუბარი. სენსაციური და ყვითელი სათაური, რომლის სიხშირითაც ქლიქბეით საიტები ხასიათდება, მკითხველს მცდარ წარმოდგენას უქმნის, თითქოს გიორგი გახარია ქვეყანაში ფასების კლების გარანტიას იძლევა და ფასები დაუყოვნებლივ შემცირდება. სინამდვილეში, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების შემდეგ, ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასის შემცირების აუცილებლობაზეა საუბარი.

Whois.DomainTools-ის თანახმად, ვებგვერდი 2016 წლის 29 ნოემბერსაა შექმნილი და რეგისტრაციის ადგილად პანამა არის მითითებული.

------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

-----------------------------------------

ყალბი ამბავი გამოგვიგზავნა ფაქტ-მეტრისა და მოხალისეთა ჰაბის ერთობლივი პროექტის, "მოხალისე ფაქტჩეკერის" მონაწილემ, ვერიკო შელიამ.

მსგავსი სიახლეები

3719 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ყალბი ამბავი
8%
ნახევრად სიმართლე
8%

ყველაზე კითხვადი