ხელახალი არჩევნების სამართლებრივ საფუძველს მხოლოდ საგამოძიებო კომისია ქმნის

გიორგი ვოლსკი: ხელახალი არჩევნების სამართლებრივ საფუძველს მხოლოდ საგამოძიებო კომისია ქმნის

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი ვოლსკის განცხადება არის მცდარი.

რეზიუმე: იმის გათვალისწინებით, რომ X მოწვევის პარლამენტმა მისი სრული შემადგენლობის უფლებამოსილება ცნო და მუშაობას გასული წლის დეკემბერში შეუდგა, არსებულ ვითარებაში, არა ახალი, არამედ რიგგარარეშე არჩევნების ჩატარებაზე შეიძლება ვისაუბროთ.

რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის სამართლებრივი საფუძვლები საქართველოს კონსტიტუციაშია მოცემული და ის მთავრობისთვის ნდობის ვერგამოცხადებას უკავშირდება (და არა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას). ნდობის ვერგამოცხადება ხელისუფლებას, პოლიტიკური ნების საფუძველზე, საგამოძიებო კომისიის შექმნის გარეშეც შეუძლია.

ანალიზი

ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის (რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ) ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად, კვლავ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება რჩება. პარალელურად, პარლამენტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება. მმართველი გუნდის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნები იმ შემთხვევაში გამოცხადდება, თუ კომისია არჩევნების ოფიციალურ შედეგებში, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, თუნდაც ერთპროცენტიან გადახრას აღმოაჩენს.

ოპოზიციური პარტიების მოთხოვნასთან დაკავშირებით პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ ახალი არჩევნების ჩატარების სამართლებრივ საფუძველს მხოლოდ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ქმნის. „მე კონკრეტულ პიროვნებას ან რომელიმე ჩემს კოლეგას რომც გვინდოდეს, რომ მოდი, მართლაც ჩავატაროთ ახალი არჩევნები და ვნახოთ, ვინ მოიგებს, ამის სამართლებრივ საფუძველს მხოლოდ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ქმნის“ - აღნიშნა ვოლსკიმ.

ფაქტ-მეტრმა გადაამოწმა, რამდენად შეესაბამება გიორგი ვოლსკის განცხადება სიმართლეს.

უპირველეს ყოვლისა, ერთმანეთისგან უნდ განვასხვავოთ ხელახალი და რიგგარეშე არჩევნები. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ხელახალი საპარლამენტო არჩევნები მისი არჩატარებულად გამოცხადების შემთხვევაში იმართება. კერძოდ, თუ არჩევნებში, საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა უხეშად დარღვევის გამო, ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგები საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში, ან რამდენიმე ოლქში, რომლებშიც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია, არჩევნების შედეგები ბათილად ითვლება და ცესკო ხელახალ არჩევნებს ნიშნავს.

იმის გათვალისწინებით, რომ ცესკომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები დაამტკიცა (შეგახსენებთ, რომ არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებსა და ცესკოში შესული საჩივრების უმრავლესობა არ დაკმაყოფილდა, ასევე, არ დაკმაყოფილდა საერთო სასამართლოებში წარდგენილ სარჩელთა უმრავლესობა), ხოლო X მოწვევის პარლამენტმა მისი სრული შემადგენლობის უფლებამოსილება ცნო, არსებულ ვითარებაში, არა ხელახალი, არამედ რიგგარარეშე არჩევნების ჩატარებაზე შეიძლება ვისაუბროთ.

კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა სამართლებრივად მთავრობისთვის ნდობის ვერგამოცხადებას უკავშირდება. 

როდის ხდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება?

მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან (ახალარჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე), აგრეთვე, პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

გარდა ამისა, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის დასმა შეიძლება პრემიერ-მინისტრის ინიციატივითაც. ნდობის საკითხს კენჭი ეყრება მისი დასმიდან არაუადრეს მე-7 და არაუგვიანეს მე-14 დღისა. თუ პარლამენტი ნდობას არ გამოუცხადებს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტი ნდობის არგამოცხადებიდან არაუადრეს მე-8 და არაუგვიანეს მე-14 დღისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადება, რომ ახალი არჩევნების საფუძველს მხოლოდ საგამოძიებო კომისიის შექმნა წარმოადგენს. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი მთავრობისთვის ნდობის ვერგამოცხადებას უკავშირდება. ხელისუფლებას, პოლიტიკური ნების საფუძველზე, საგამოძიებო კომისიის შექმნის გარეშეც, ახალი (რიგგარეშე) არჩევნების დანიშვნა შეუძლია.