იტვირთება

ნათია თურნავა: საუკეთესოები ვართ ჩვენ ჩვენს რეგიონში, საუკეთესოები ვართ აღმოსავლეთ ევროპის და შუა აზიის რეგიონში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ქვეყანა, აღქმა კორუფციისა და კორუფციის საფრთხისა არის ძალიან დაბალი და ეს კვლავაც დადასტურდა ამ ინდექსით

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნათია თურნავას განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება.

რეზიუმე: ნათია თურნავა განცხადებაში, მხოლოდ რეგიონში საქართველოს მოწინავე პოზიციაზე აკეთებს აქცენტს და ცდილობს რეიტინგში საქართველოს შეფასების უცვლელობა დადებით კონტექსტში წარმოაჩინოს. თუმცა, როგორც ანგარიშის თანმხლები სტატიიდან ჩანს, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეფასებით, ხელისუფლების მიტაცება, საგამოძიებო ორგანოების პოლიტიზაცია, მაღალი დონის კორუფციის შესაძლო შემთხვევების გამოუძიებლობა, სამოქლაქო სექტორზე და მედიაზე თავდასხმა საქართველოს მთავარი გამოწვევაა. ამასთან, საქართველო ანტიკორუფციული რეფორმების კუთხით, 10 წელიწადია სტაგნაციას განიცდის.

ანალიზი:

2021წლის 28 იანვარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ყოველწლიურ რეიტინგს „კორუფციის აღქმის ინდექსი 2020“ გამოეხმაურა. მისი შეფასებით, საქართველო აღნიშნული მაჩვენებლით რეგიონში საუკეთესოა - „საუკეთესოები ვართ ჩვენ ჩვენს რეგიონში, საუკეთესოები ვართ აღმოსავლეთ ევროპის და შუა აზიის რეგიონში, ასევე და 180 ქვეყანას შორის მსოფლიოში 45-ე ადგილზე ვართ. ჩვენი ქულა არის სტაბილურად კარგი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ქვეყანა, აღქმა კორუფციისა და კორუფციის საფრთხისა არის ძალიან დაბალი და ეს კვლავაც დადასტურდა ამ ინდექსით“.

2021 წლის 28 იანვარს საერთაშორისო ორგანიზაციამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ „კორუფციის აღქმის ინდექსი 2020“ გამოაქვეყნა. „კორუფციის აღქმის ინდექსი“ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე მზადდება, რომელთაგან თითოეული, სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებულ მდგომარეობას აფასებს. 2020 წლის რეიტინგი 13 სხვადასხვა გამოკითხვას ემყარება. რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა - ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს. 2020 წლის რეიტინგში საქართველოს 56 ქულა აქვს და პოლონეთთან და სენტ ლუსიასთან ერთად 45-ე ადგილზეა. გასულ წელთან შედარებით, საქართველოს შეფასება არ შეცვლილა, ხოლო პოზიცია 1 საფეხურით გაუარესდა. ამასთან, 2020 წლის რეიტინგის მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კვლავაც პირველ ადგილზეა .

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ყოველწლიური „კორუფციის აღქმის ინდექსის“ შედეგების პარალელურად, ორგანიზაციის ბერლინის სამდივნოს ვებსაიტზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც წლევანდელ ინდექსში საქართველოს შედეგი და მისი მიზეზებია განხილული. სტატიაში აღნიშნულია, რომ „2012 წლის შემდეგ, ინდექსში საქართველოს ქულა მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა. ქვეყანაში, რომელიც ერთ დროს რეფორმებით გამოირჩეოდა, ანტიკორუფციული ძალისხმევა თითქმის 10 წელია სტაგნაციას განიცდის“. ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების მიტაცება, საგამოძიებო ორგანოების პოლიტიზაცია, მაღალი დონის კორუფციის შესაძლო შემთხვევების გამოუძიებლობა, სამოქლაქო სექტორზე და მედიაზე თავდასხმა საქართველოსთვის, კვლავაც მთავარ გამოწვევად რჩება. („კორუფციის აღქმის ინდექსი 2020“ რეიტინგის შესახებ, უფრო ვრცლად, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.)

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ნათია თურნავას განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება. იგი განცხადებაში, მხოლოდ რეგიონში საქართველოს მოწინავე პოზიციაზე აკეთებს აქცენტს და ცდილობს რეიტინგში საქართველოს შეფასების უცვლელობა დადებით კონტექსტში წარმოაჩინოს. თუმცა, როგორც ანგარიშის თანმხლები სტატიიდან ჩანს, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეფასებით, საქართველო ანტიკორუფციული რეფორმების კუთხით 10 წელიწადია სტაგნაციას განიცდის.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2928 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი