იტვირთება

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო: კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და წელსაც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში; მსოფლიოს მასშტაბით კი, საქართველო 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილს იკავებს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, იუსტიციის სამინისტროს განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება.

რეზიუმე: იუსტიციის სამინისტრო განცხადებაში „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მხოლოდ იმ ნაწილზე საუბრობს, რომელიც საქართველოს დადებით კონტექსტში წარმოაჩენს. ინდექსის ის ნაწილი, რომელიც საქართველოს განვითარების შეჩერებას, სახელმწიფო ხელისუფლების მიტაცებასა და მაღალი დონის კორუფციას ეხება, იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში ნახსენები საერთოდ არ არის.


ანალიზი :

2021 წლის 28 იანვარს საერთაშორისო ორგანიზაციამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ „კორუფციის აღქმის ინდექსი 2020“ გამოაქვეყნა. აღნიშნულს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა. განცხადებაში სამინისტრო აღნიშნავს, რომ რეგიონის ქვეყნებს შორის, კორუფციის აღქმა საქართველოში ყველაზე დაბალია. საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და წელსაც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში; მსოფლიოს მასშტაბით კი, საქართველო 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილს იკავებს და, ბოლო 5 წელია, ინარჩუნებს პოზიციას საუკეთესო ქვეყნების 25%-ში. 2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველო მაჩვენებლებით უსწრებს ევროკავშირის წევრ 9 ქვეყანას.

საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ „კორუფციის აღქმის ინდექსს“ ყოველწლიურად აქვეყნებს. ინდექსი 180 ქვეყანას მოიცავს. „კორუფციის აღქმის ინდექსი“ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე მზადდება, რომელთაგან თითოეული, სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებულ მდგომარეობას აფასებს. 2020 წლის რეიტინგი 13 სხვადასხვა გამოკითხვას ემყარება. რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა - ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს. 2020 წლის რეიტინგში საქართველოს 56 ქულა აქვს და პოლონეთთან და სენტ ლუსიასთან ერთად 45-ე ადგილზეა. გასულ წელთან შედარებით, საქართველოს შეფასება არ შეცვლილა, ხოლო პოზიცია 1 საფეხურით გაუარესდა. ამასთან, 2020 წლის რეიტინგის მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კვლავაც პირველ ადგილზეა [1] (იხ. ცხრილი 1).

ცხრილი 1: „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მიხედვით, საქართველოს შეფასება 2012-2020 წლებში.

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ყოველწლიური „კორუფციის აღქმის ინდექსის“ შედეგების პარალელურად, ორგანიზაციის ბერლინის სამდივნოს ვებსაიტზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც წლევანდელ ინდექსში საქართველოს შედეგი და მისი მიზეზებია განხილული. სტატიაში აღნიშნულია, რომ „2012 წლის შემდეგ, ინდექსში საქართველოს ქულა მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა. ქვეყანაში, რომელიც ერთ დროს რეფორმებით გამოირჩეოდა, ანტიკორუფციული ძალისხმევა თითქმის 10 წელია სტაგნაციას განიცდის“. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მიტაცება და საკვანძო ინსტიტუტებზე მომეტებული ზეგავლენა ქართული პოლიტიკური სივრცის მთავარი გამოწვევაა. მეტიც, 2020 წლის „ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასების“ თანახმად, საქართველოს პოლიტიკური სისტემისთვის ძალაუფლების კონცენტრაციის უკიდურესად მაღალი ხარისხია დამახასიათებელი. ერთი პოლიტიკური ჯგუფი ყველა საკვანძო საჯარო ინსტიტუტზე არაპროპორციულად დიდ კონტროლს ახორციელებს. ასევე, ეს დომინანტი ჯგუფი არასამთავრობო სექტორზე (მათ შორის მედიაზე და კერძო სექტორზე) ზეგავლენის მოხდენას, ხშირად ცდილობს. ყველაზე უფრო აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კვლავაც რჩება მთავრობის მიერ ორგანიზებული დეზინფორმაციის კამპანიების სამიზნედ.

ზემოხსენებულ ფაქტორებთან ერთად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აღნიშნავს, რომ ძალაუფლების კონცენტრაცია აზიანებს მთავრობის ანგარიშვალდებულებას. არაჯეროვანი პარტიული გავლენა, რომელსაც სამართალდამცავი უწყებები განიცდიან, მათ მაღალი დონის კორუფციის შესაძლო შემთხვევების გამოძიების საშუალებას ართმევს და სამართალდამცავი სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებს. 2020 წელს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 29 პროცენტი ფიქრობს, რომ მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებს საქართველოში სათანადოდ იძიებენ, ხოლო 47 პროცენტს საპირისპირო აზრი აქვს. მეტიც, სახელმწიფოს მიტაცების შედეგად, პარლამენტი და სასამართლო მათ საზედამხედველო ფუნქციას აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ არაჯეროვნად ასრულებენ. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ კოვიდ-19 პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს, საპარლამენტო ზედამხედველობა განსაკუთრებით შეზღუდული იყო.

ასევე, სტატიაში ყურადღება გამახვილებულია საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე. „მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, ეს მდგომარეობა მუდმივად უცვლელია. მმართველი პარტიის პრივილეგირებული წვდომა საჯარო რესურსებზე და მისი სავარაუდო მზადყოფნა, რომ სახელმწიფო შეკვეთები საარჩევნო კამპანიის შემოწირულებებში გაცვალოს, პოლიტიკურ კონკურენციას ძირს უთხრის და უფრო პლურალისტური მმართველობის წარმოქმნის ალბათობას ამცირებს. ამასთანავე, ამგვარი მდგომარეობა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, საპროტესტო აქციების მიზეზი არაერთხელ გახდა”.

საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამინისტრო განცხადებაში, „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მხოლოდ იმ ნაწილზე საუბრობს, რომელიც საქართველოს დადებით კონტექსტში წარმოაჩენს. ინდექსი ის ნაწილი, სადაც საქართველოს განვითარების შეჩერებას, სახელმწიფო ხელისუფლების მიტაცებასა და მაღალი დონის კორუფციას ეხება, იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში ნახსენები, საერთოდ არ არის. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, იუსტიციის სამინისტროს განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2847 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
26%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
13%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი