იტვირთება

რამდენიმე დღის წინ ქობულეთში შემზარავი ტრაგედია მოხდა. თოთხმეტი წლის ბავშვზე, სავარაუდოდ, ოცდასამი წლის მამაკაცმა იძალადა (რასაც დაკავებულის ადვოკატი და ოჯახი უარყოფს). მომხდარიდან ექვსი თვის შემდეგ, როგორც TV25-ს გოგონას ბაბუამ უთხრა, მამაკაცმა მსხვერპლს კვლავ მიაკითხა და ოჯახმა მომხდარის შესახებ ამის შემდეგ გაიგო.

გავრცელებული ინფორმაციით, ნათესავებმა შემთხვევის თაობაზე სამართალდამცავ უწყებას შეატყობინეს, თუმცა საქმესთან დაკავშირებით, როგორც ოჯახი ყვება, რეაგირება არ მომხდარა. შეტყობინებიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ გოგონა გარდაცვლილი იპოვეს.

მამაკაცი დააკავეს, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც გოგონამ, როგორც ვარაუდობენ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და ფაქტის დამალვა შეუძლებელი გახდა. აღმოჩნდა, რომ არასრულწლოვანთან დაკავშირებული სიტუაცია ცნობილი იყო იმ სკოლის დირექტორისთვის, რომელშიც გოგონა სწავლობდა. მომხდარის შესახებ იცოდა სოციალურმა მუშაკმაც.

მიუხედავად ამისა, ტრაგედია მოხდა, სისტემამ ვერ იმუშავა და ბავშვი ვერ დაიცვა. ქვეყანაში, სადაც არაერთი სამსახური იქმნება, სამართალდამცავი უწყებებისა და სოციალური მუშაკებისთვის ტრენინგები, ფაქტობრივად, უწყვეტ რეჟიმში ტარდება და სახელმწიფო გამუდმებით გვიმტკიცებს, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესები, მათი უფლებები პრიორიტეტულია, ხშირად სწორედ ბავშვთა უფლებები ირღვევა.

როგორ მუშაობს სისტემა, სად არის ხარვეზი და რომელი უწყებების დანაშაული იკვეთება მომხდარ ტრაგედიაში, ამის შესახებ ფაქტ-მეტრი ფონდ „იალქანის“ ხელმძღვანელს, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის რეგიონულ წარმომადგენელს აჭარაში, თეონა აბაშიძეს ესაუბრა.

-როგორც ირკვევა, მომხდარი დანაშაულის შესახებ სამართალდამცავმა უწყებამ დიდი ხნით ადრე იცოდა, სანამ გოგონა სიცოცხლეს, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულებდა. არიან ბავშვები დაცული ამ ქვეყანაში?

- როგორც გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, ფაქტის შესახებ რამდენიმე თვის წინ იცოდა სამართალდამცავმა უწყებამ, სოციალურმა მუშაკმა და სწორედ სამართალდამცავ უწყებას ეკისრება ახლა მთავარი პასუხისმგებლობა. სისტემის უმოქმედობა განაპირობებს იმას, რომ ჩვენი შვილები არ არიან დაცული ამ სახელმწიფოში. ბუნებრივია, პასუხისმგებლობა ნაწილდება სოციალურ სამსახურზეც, რადგან მას უნდა შეეფასებინა ის რისკები, რომელსაც საბოლოოდ ეს ტრაგედია მოჰყვა. ჯერ ბევრი დეტალი დასაზუსტებელია. როგორც ირკვევა, დედა უცხოეთშია სამუშაოდ, მამა გარდაცვლილია და ბავშვი იყო ნათესავებთან. თუმცა ეს არ უნდა იყოს საფრთხის შემცველი ჩვენი ბავშვებისთვის. საქართველოში ოჯახების დიდი ნაწილი ასეთ რეჟიმში ცხოვრობს, მაგრამ სისტემა უნდა მუშაობდეს ისე, რომ ბავშვები უსაფრთხოდ იყონ სახლში, სკოლაში, ქუჩაში. ერთ მხარეს ვართ ჩვენ, მოქალაქეები, ჩვენი ყოველდღიური პრობლემებით, სოციალური სიდუხჭირით, განათლების, უფლებების დაცვისთვის საჭირო საბაზისო უნარების არქონით და მეორე მხარეს დგას სახელმწიფო თავისი მრავალათასიანი უწყებებით, სერვისებით, რომლებზეც ჩვენი მოქალაქეების ნაწილს ხელი არ მიუწვდება. სახელმწიფო სხვა მხარეს კი არ უნდა იდგეს, არამედ ჩვენს გვერდით, ჩვენს უკან, უნდა გვამაგრებდეს, გვიცავდეს. ამიტომ ვიხდით ხელფასის არც თუ ისე მცირე ნაწილს ბიუჯეტში, რომ რისი გაკეთებაც არ შეგვიძლია, იმის კეთებას ვანდობთ სახელმწიფოს. სისტემამ კი, სამწუხაროდ, არაერთხელ გაჭედა და არ იმუშავა.

-ჩვენ ვიცით, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, როცა არასრულწლოვანი სექსუალური თუ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გამხდარა. როგორია დამოკიდებულება სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან?

- საზოგადოებაზე თუ ვისაუბრებთ, საყოველთაოდ ცნობილია, რომ მენტალური პრობლემები გვაქვს. იმ სახელმწიფო სტრუქტურებშიც, ხშირად, სწორედ ამ საზოგადოების ყველაზე „ღირსეული“ წარმომადგენლები მუშაობენ. სამართალდამცავ უწყებაშიც კი შემხვედრიან თანამშრომლები, რომლებისთვისაც „ბავშვს თუ არ სცემ, ვერ გაზრდი“, „ქალი სამზარეულოში უნდა იყოს“, „გაუპატიურების ამბავს სხვას ნუ გააგებინებთ, სირცხვილია“, „ოჯახის საქმე გარეთ არ უნდა გაიტანო“ და მსგავსი დამოკიდებულება ცხოვრების წესია. ეს ადამიანები, ბუნებრივია, ვერც საფრთხეებს ხედავენ, ვერც რისკებს შეაფასებენ და ვერც ვერავის დაიცავენ, მით უფრო, კანონის უზენაესობას ვერ აღასრულებენ. ცნობიერების პრობლემაა და სახელმწიფო ვერ ახორციელებს იმ კანონებსაც კი, რომლებიც გვაქვს. თუმცა უნდა აღვნიშნო ისიც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი თანამშრომელი და რამდენიმე სოციალური მუშაკი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, საკმაოდ სწორად რეაგირებენ ამა თუ იმ საფრთხეზე, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც წესი, რეაგირება პოსტფაქტუმ ხდება და ეს მავნე პრაქტიკაა.

-სანამ გამოუსწორებელი შედეგი დადგება, მანამდე ხომ ვიღაც უნდა ამჩნევდეს საფრთხეებს, რისკებს, რომლებიც ბავშვს ემუქრება? ხომ უნდა შეეძლოს ვიღაცას მოსალოდნელი შედეგის განჭვრეტა და ვის ევალება ეს, თუ ოჯახის წევრებს ამისთვის შესაბამისი უნარები არ აქვთ?

-როცა სკოლის მერხიდან ბავშვი ქრება, ყველაზე ბოლოს ამას სკოლა ამჩნევს. მუდმივად ვახსენებ ხოლმე რეფერირების ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც მთავარი რგოლი სწორედ საგანმანათლებლო სისტემაა. და სად არის სკოლა? რატომ არ მოახდინა რეაგირება თავის დროზე? ამ კონკრეტულ ფაქტზეც, ხომ ხედავთ, დამდგარი შედეგის მერე დაიწყებს რეაგირებას შსს, დაიწყებს მოკვლევას სკოლა, თუ რატომ არ ცხადდებოდა ეს მოსწავლე საგანმანათლებლო პროცესზე, დაიწყებს დასკვნების მომზადებას სოციალური მუშაკი და დამერწმუნეთ, ამ დასკვნებისა და ანგარიშების ყოველი წინადადება იქნება დაწერილი ერთი მოტივით - არ არიან დამნაშავეები, არ ჰქონდათ ინფორმაცია თავის დროზე. თუმცა, როგორც დღეს ვიცით, ეს ინფორმაცია რაღაც დონეზე გაჟღერებული ყოფილა, მაგრამ არ ჩათვალეს საჭიროდ, რომ რეაგირება მოეხდინათ, ან კვალიფიკაცია არ ეყოთ. ამიტომ ვსაუბრობ მუდმივად, რომ განათლება და პასუხისმგებლობა არ ყოფნით შესაბამის პირებს.

-გამოდის, რომ ამდენი ტრენინგი, გადამზადება, სემინარი, რომლებსაც სახელმწიფო სოციალურიმუშაკების, მასწავლებლებისა და სამართალდამცავებისთვის ატარებს და ამას არასამთავრობო ორგანიზაციებიც აკეთებენ, შედეგს არ გვაძლევს, ანუ ფული იხარჯება და ეფექტი არ გვაქვს?

-ერთსა და იმავე ადამიანებს რომ ატრენინგებენ, ერთსა და იმავე სახეებს რომ ვხედავთ ყველა ასეთ საჭირო ღონისძიებაზე, ამის ბრალიც არის, რომ კომპეტენციები არასაკმარისი აქვთ, განათლება არ ჰყოფნით და კანონი თავისთვის არსებობს, ეს უწყებები კი თავის მოჯადოებულ წრეზე ტრიალებენ. ჩვენ გვჭირდება ისეთი სისტემა, რომ მოვიცვათ ყველა წერტილი, სადაც რისკი არსებობს. კანონი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ დავიცვათ ჩვენი შვილები. კანონში გარკვევით წერია, რომ თექვსმეტ წლამდე ასაკის ბავშვთან სქესობრივი ქმედება, თუნდაც ეს ნებაყოფლობითი იყოს, დასჯადია. და რა ხდება ამ დროს? საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ ეს ნებაყოფლობით მოხდა და თანაც, თუ ამის შემდეგ მამაკაცი არასრულწლოვანზე დაქორწინდება, პრობლემა მოგვარებულია. ამას არც თუ ისე იშვიათად, სამართალდამცავი უწყებაც ხელს უწყობს, სტატისტიკას არ აფუჭებს. ამასთანავე, გამომძიებლები ხშირად აპელირებენ, რომ სასამართლოს აქვს მტკიცებულებების მაღალი სტანდარტი და თუ ეს მტკიცებულებები არ გვექნება, საქმე თაროზე შემოიდება და ეს არც ერთ უწყებას არ უნდა. რომელ მტკიცებულებაზეა საუბარი, თუ ეს მტკიცებულება თვითონ არ მოიპოვა შესაბამისმა თანამშრომელმა? რეფერირების ხელშეკრულებაზე ხელმომწერი სახელმწიფო უწყებები და ესენი არიან შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო და განათლების სამინისტრო - თავისი ყველა საფეხურით, ვერ მუშაობენ კოორდინირებულად, მათი დაბალი რგოლები ვერ ახორციელებენ დაკისრებულ მოვალეობას და ამის დასტურია ის, რომ აჭარის რეგიონში დღეს არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ქმედების უამრავი ფაქტი გვაქვს.

-თვითონ არასრულწლოვნებსაც უნდა ჰქონდეთ გარკვეული ცოდნა მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ და საიდან მიიღონ ეს ინფორმაცია?

-დღემდე ვერ დასრულდა პოლემიკა, უნდა ისწავლებოდეს, თუ - არა მარტივად და ასაკთან შესაბამისად ეს საგანი სკოლებში. გასაგებია, რომ ჩვენს ქვეყანაში არის არაერთი ჩაკეტილი თემი, რელიგიური ხედვა, ტრადიცია, ადათი და ა.შ., მაგრამ ჩვენ ხომ მხოლოდ ქვეყანა არ ვართ, სახელმწიფო ვართ და თუ განვითარებაზე გვაქვს პრეტენზია, სწორედ ხელისუფლებამ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, უნდა შეძლოს და სწორად მიაწოდოს ამ საზოგადოებას, რომ სკოლებში სქესობრივი განათლების შეტანა მათ შვილებს კი არ გარყვნის, პირიქით, მოსალოდნელი საფრთხეებისგან დაიცავს. როცა ჩვენი ორგანიზაცია გარკვეული ტრენინგით შედის მაღალმთიან სოფლებში, ვცდილობთ, თემა შესაბამისად გავშალოთ, ტერმინები შევარჩიოთ და არ გავაღიზიანოთ. მესმის, რომ ეს ურთულესია და სახელმწიფო ბევრ რამეს უფრთხილდება, კონფლიქტს არ იწვევს. თუმცა, ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესია თითოეულ მოქალაქემდე იმის მიტანა, რომ სახელმწიფოს აქვს კანონები და ეს კანონები უნდა დაიცვას ნებისმიერმა ადამიანმა, მოსწონს მას ეს, თუ - არა. უნდა შეიქმნას არაერთი პრეცედენტი, რომ არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის გამო, პირი დაისაჯა, იმიტომ რომ ეს დანაშაულია და არავის ეპატიება. აქ გამონაკლისი არ არსებობს!

-მაინც რას არ ან ვერ აკეთებს სახელმწიფო კანონის აღსასრულებლად?

- ძალიან ბევრ რამეს არ აკეთებს. პირველ რიგში, არასრულწლოვნებთან არც ერთი მხარე, რომლებიც რეფერირების ხელშეკრულებაში არიან ჩართული, არ მუშაობს პრევენციაზე. პირადად მყავს არაერთი ბენეფიციარი, რომლებმაც სექსუალური ცხოვრება 12 წლის ასაკიდან დაიწყეს. ამ ბავშვების უმეტესობას ურთულესი ოჯახური პრობლემები აქვს, უმძიმესი სოციალური ფონი. სკოლაში არ დადიოდნენ თვეების განმავლობაში და არც არავის მოუკითხავს. რატომ ტოვებენ სკოლას, ამის არაერთი მიზეზი არსებობს, მაგრამ დანაშაულია, როცა არც დამრიგებელი, არც დირექტორი და არც პოლიცია, რომელიც ამ ბავშვებს საგაკვეთილო პროცესის დროს ქუჩაში ხედავს, არ ინტერესდება, რატომ არიან ისინი ქუჩაში, რამე ხომ არ უჭირთ. რამდენიმე მოსწავლე დიდი მცდელობით დავაბრუნეთ სკოლაში. დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემდეგ, ბევრს ხელი არ მიუწვდებოდა ონლაინ სწავლებაზე და ვიწვალეთ, ჩავრთეთ პროცესში. სამწუხაროდ, სახელმწიფო პრობლემას არ იმჩნევს და ეს ბავშვები მხოლოდ მაშინ ჩნდებიან მის თვალთახედვაში, როცა რომელიმე მათგანი უკვე დანაშაულს ჩაიდენს და ასეთი არასრულწლოვანიც არაერთი გვყავს, განრიდების პროგრამით არიან ჩვენს ორგანიზაციაში. იმდენი სასაუბროა ამ თემაზე და ვესაუბრები კიდეც შესაბამის უწყებებს, მაგრამ თუ თვითონ სახელმწიფო სისტემურად არ მიუდგა ამ საკითხს, პრობლემა არ მოგვარდება. და რას აკეთებენ ამ დროს სახელმწიფო უწყებები? ცდილობენ, უკვე დამდგარი შედეგის შემდეგ, მოიძიონ ისეთი არგუმენტები, რომლებიც მათი უმოქმედობის გასამართლებლად გამოდგება. საზოგადოების მხრიდანაც ისეთი აგრესია მოდის ხოლმე ამ ტიპის ფაქტებზე, მუდმივად გოგოა დამნაშავე, იწვევს კაცს, გამომწვევად აცვია, თავხედია, უზრდელია... ხომ ადევნებთ თვალყურს სოციალურ ქსელებს, გეცოდინებათ, რასაც წერენ, უმეტესად - ქალები. ლანძღავენ ოჯახს და ა. შ. და რა ვქნათ, რადგან ამ ბავშვებს მძიმე სოციალური ფონი აქვთ, არასრულფასოვან ოჯახებში ცხოვრობენ, ან მათ მშობლებს შესაბამისი ცოდნა არ აქვთ, რომ შვილები დაიცვან, უნდა მივატოვოთ და დავთვალოთ, რამდენი მათგანი იქცევა მსხვერპლად? სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს თავისი სტრატეგია, რომელსაც თანმიმდევრულად მიჰყვება და სიტუაციას გააუმჯობესებს. შესაბამისმა სახელმწიფო ინსტიტუციებმა უნდა ჩაუნაცვლოს ამ ბავშვებს იმ ოჯახების როლი, რომლებიც ვერ ასრულებენ თავიანთ ფუნქციას. ეს ოჯახები რატომ არიან ამ დღეში, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა და ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. საბოლოოდ, მაინც სახელმწიფოს როლთან მივალთ. და ერთიც, უკვე აღიარებულია, რომ სიღარიბე მჭიდროდ უკავშირდება ბავშვების ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, როგორიცაა ჯანმრთელობის დაცვა, ხარისხიანი განათლების მიღება და უსაფრთო გარმოში ცხოვრება. ისიც დადასტურებულია, რომ სიღარიბე, ხშირ შემთხვევაში, მემკვიდრეობით გადაეცემა თაობიდან თაობას. სამწუხაროდ, ერთული შემთხვევებია, როცა შვილები ზრდასრულ ასაკში ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევას ახერხებენ და ცხოვრებას ცვლიან. თუმცა ეს გარედან მიღებული მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია. ჩვენს ქვეყანაში კი ყველაზე ხშირად სწორედ იმ ადამიანების, მათ შორის, ბავშვების მიმართ არის შეუწყნარებელი საზოგადოების ნაწილი, ვინც ღარიბია, ვისაც თავის დაცვა არ შეუძლია. დანარჩენს ყველაფერი ეპატიება. ეს არის ორმაგი სტანდარტი და სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ყველა მოქალაქის ერთ სამართლებრივ სივრცეში მოსაქცევად.

-გასაგებია, მაგრამ როგორ უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ, რა გააკეთოს?

-შევიდეს თემებში, ისაუბროს აკრძალულ თემებზე, გააძლიეროს ოჯახები, დაამკვიდროს კანონის უზენაესობა და აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ეს არის მისი უპირველესი ფუნქცია, რომ იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე, განსაკუთრებით - ბავშვებზე, მოხუცებზე, ქალებზე. არჩევნების წინ ხომ მიდიან ყველგან, კარდაკარ დადიან, ესაუბრებიან მოქალაქეებს. აი ასე კარდაკარ უნდა იარონ, იმოქმედონ, ტყუილად ხომ არ ჰყავთ თვითმმართველობები, სამსახურები, სახელმწიფო ორგანიზაციები. კაბინეტებში დაგეგმილი პროგრამები, რომლებშიც უამრავი ფული იხარჯება, არ ცვლის არაფერს. თითოეულ თემში უნდა მივიდნენ, გამოიკვლიონ საჭიროებები. სხვანაირად ვერ ძლიერდება ოჯახები და ვერც სახელმწიფო გაძლიერდება. როგორ შეიძლება სახელმწიფო იყოს ძლიერი და განვითარებული, თუ ამდენი ადამიანის უფლება ირღვევა. სიღარიბეც უფლებების დარღვევაა ჩვენს შემთხვევაში და არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ზარმაცები ვართ. ამ სიზარმაცესა და ინდიფერენტულობასაც თავისი მიზეზები აქვს, მოტივაცია არ აქვთ, სტაბილურობის შეგრძნება არ აქვთ და სახელწიფომ უნდა შექმნას ეს გარმო, უნდა დაუმტკიცოს საწინააღმდეგო. რა თქმა უნდა, ჩვენი ჩართულობითა და მხარდაჭერით. როცა ჩვენ ხელისუფლებას რაღაც სისტემურ ხარვეზებზე მივუთითებთ, იქვე ვთავაზობთ გარკვეულ მოსაზრებებსაც და ეს უნდა გაითვალისწინონ. მაგალითად, სოციალური სამსახური, რომელიც უმნიშვნელოვანესი რგოლია ბავშვზე ზრუნვის საკითხებში, თვითონ მისახედია, მეტი რესურსი სჭირდება, ადამიანურიც და ფინანსურიც. ბევრი სოციალური მუშაკი ვიცი, არც პროფესიონალიზმი აკლია და არც პასუხისმგებლობა, საკუთარ ხელფასსაც ხარჯავს, რომ საქმე გააკეთოს, მაგრამ იმდენად მწირი შესაძლებლობები აქვს, რომ სრულყოფილად ვერ აკეთებს. ეს სახელმწიფომ მშვენივრად იცის, მაგრამ უკვე წლებია, ამ მიმართულებითაც არაფერი იცვლება. სახელმწიფო და მისი სტრუქტურები შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული, სხვა შემთხვევაში, მათი არსებობა აზრს კარგავს.


მსგავსი სიახლეები

3719 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ყალბი ამბავი
8%
ნახევრად სიმართლე
8%

ყველაზე კითხვადი