იტვირთება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში, რომელიც 2019 წლის 31 დეკემბრით დასრულებულ პერიოდს მოიცავს, საუბარია აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედ ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ საქმიანობაზე.

ორგანიზაცია სათბურებს, სანერგეებს, სადემონსტრაციო ნაკვეთებსა და სხვა აქტივებს ფლობს, რომელთა შორისაა ჩაქვის ციტრუსოვანთა საცდელ-სადემონსტრაციო სანერგე მეურნეობა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბარში არსებული სასათბურე მეურნეობა.

აუდიტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საცდელ-სადემონსტრაციო სანერგე მეურნეობაში, საანგარიშო პერიოდში, 87 069 ლარის ღირებულების 9 213 ერთეული ნარგავის დაზიანების ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, ერთი ბალით [1] 1 909 მცენარე დაზიანდა, 2 ბალით - 3 114 მცენარე, 3 ბალით - 1 573 მცენარე, 4 ბალით - 1 575 მცენარე და 5 ბალით - 1 042 მცენარე.

ასევე 3 მლნ ლარზე მეტი საბალანსო ღირებულების სასათბურე მეურნეობაში არსებული ორმოცდაათი სათბურიდან, შვიდი ჩამოინგრა. დაზიანებული სათბურების ღირებულება 312 ათას ლარს შეადგენს.

„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, რა რეაგირება მოჰყვა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან და შესაბამისი კითხვებით უწყებას მიმართა.

როგორც სამინისტროდან მოგვწერეს, მათ „აგროსერვის ცენტრში“ ქონების დაზიანების მიზეზები შეისწავლეს. უწყებამ დაადგინა, რომ 2020 წლის 9-10 თებერვალს განვითარებული უჩვეულო ყინვების შედეგად, ციტრუსოვანთა ბაღები სერიოზულად დაზიანდა. ეს აუდიტის ანგარიშშიც არის აღნიშნული. თუმცა იქვე იმ აგრარული დარგის მეცნიერ-კონსულტანტების მოსაზრებაა მითითებული, რომლებიც თვითონ სამინისტრომ მიიწვია. მათ მიერ მომზადებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „აგროსერვის ცენტრის“ ხელმძღვანელობამ არ უზრუნველყო ჩაქვის ციტრუსოვანთა სადემონსტრაციო-სანერგე მეურნეობა მცენარეთა პირდაპირი დაცვის მასალებით, როგორიცაა კვამლის წარმომქმნელი კოჭები, ამორტიზებული საბურავები, ნახერხი, მაზუთი და ა. შ. ამის გამო შესაბამისი ღონისძიებები ვერ განხორციელდა და მცენარეები დაზიანდა. ასევე მცენარეთა ინდივიდუალური გადახურვა არ მოეწყო. აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „აგროსერვის ცენტრის“ უფლებამოსილი პირების განმარტებით, გადახურვა სამ წელზე მეტი ასაკის მცენარეებში არ გამოიყენება. თუმცა მეცნიერ-კონსულტანტები მიიჩნევენ, რომ ამ წესის გამოყენება შესაძლებელი იყო, რადგან ნაკვეთში განთავსებული ჯიშების უმრავლესობა მაღალი არაა, რაც მათ შეფუთვას ტექნიკურად შესაძლებელს ხდის. აუდიტმა მოიპოვა მტკიცებულებები, რომ გადახურვის მოწყობა შეუძლებელი გახდა, რადგან ორგანიზაციამ შესაბამისი საშუალებები დროულად არ შეისყიდა.

სამინისტრომ „ფაქტ-მეტრს“ აცნობა, რომ ციტრუსოვანთა ის ჯიშები, რომლებიც თავის დროზე შეირჩა, ძირითადად ყინვაგამძლეა, თუმცა მინუს 10-11 გრადუსი ტემპერატურა სუბტროპიკული ზონისთვის ანომალიურია და შემდგომში მუდმივ კონტროლს და შესაბამისი საპრევენციო ღონისძიებების დაგეგმვა-გატარებას საჭიროებს. სამინისტროს ინფორმაციით, სანერგე მეურნეობაში უკვე წარმოებულია 30 000 ძირზე მეტი ნერგი, რაც ამორტიზებული ნარგავების საკუთარი ნერგით აღდგენის საშუალებას იძლევა.

ჩაქვის ციტრუსოვანთა საცდელ-სადემონსტრაციო სანერგე მეურნეობაში აუდიტის სამსახურმა სხვა გარემოებაც გამოავლინა. კერძოდ, თითქმის ორი წელია, რაც 64 386 ლარის ნარჩენი საბალანსო ღირებულების მორწყვის წვეთოვანი სისტემა უფუნქციოდაა, რაც მისი ამორტიზაციის პროცესს აჩქარებს და შესაძლოა, აღდგენას აღარ დაექვემდებაროს.

სამინისტროდან მიღებული პასუხის თანახმად, ამ ეტაპზე, ადგილზე არსებული რესურსების მცირე ტექნიკური ცვლილებების გამოყენებით, წვეთოვანი სარწყავი სისტემაც აღდგენილია და გამართულად ფუნქციონირებს.

რაც შეეხება ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ ბალანსზე რიცხულ სასათბურე მეურნეობას, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბარში მდებარეობს და რომლის საწყისი საბალანსო ღირებულებაც 3 097 000 ლარია, როგორც სამინისტრო განმარტავს, ის 2020 წლის თებერვალში მოსული უხვი ნალექის გამო დაზიანდა. „აგროსერვის ცენტრის“ უფლებამოსილი პირები მიიჩნევენ, რომ ორმოცდაათი სათბურიდან შვიდის ჩამონგრევა სათბურების ტექნიკურმა ხარვეზებმა გამოიწვია. ვინაიდან, ხელშეკრულების თანახმად, სათბურების ლითონის კონსტრუქციაზე - ხუთწლიანი, ხოლო გადასაფარებელ პოლიეთილენის ფირზე სამწლიანი საგარანტიო ვადა ვრცელდება, ორგანიზაციამ მიმწოდებელს სათბურების აღდგენის ან ახლით ჩანაცვლების მოთხოვნით მიმართა, თუმცა კომპანიამ უარი განაცხადა.

აღნიშნული სასათბურე მეურნეობის მშენებლობა ერთ-ერთია იმ პროექტთა შორის, რომელიც ჯერ დროში გაიწელა, ხოლო მერე ის დანიშნულება ვერ შეასრულა, რისთვისაც, როგორც სამინისტრო აცხადებდა, მისი მშენებლობა გადაწყდა. აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეპროგრამით „სასათბურე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“ 2,5 ჰა ფართობზე 50 სათბურის მოწყობა და ფერმერებისთვის შეღავათიანი იჯარით გადაცემა ჯერ კიდევ 2018 წელს უნდა დასრულებულიყო. ეს სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტითაც მტკიცდება და ხელშეკრულებითაც, რომელიც შემსყიდველსა და მიმწოდებელს (შპს „კომფორტი XXI“) 2017 წლის სექტემბერში გაფორმდა. პროექტის ღირებულება 2 238 000 ლარი იყო და 2018 წლის 10 მარტს უნდა დასრულებულიყო. თუმცა სამუშაოების ვადა თითქმის ერთი წლით გახანგრძლივდა. საბოლოოდ სამინისტრომ კომპანიას თანხა სრულად გადაუხადა. მაგრამ სათბურები კიდევ დიდხანს, 2019 წლის ბოლოსაც უფუნქციოდ იყო და ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებდა, რომ ისინი მზად იყვნენ, სათბურები იჯარით აეღოთ, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ.

მიუხედავად იმისა, რომ სასათბურე მეურნეობის მოწყობაში 3 მლნ ლარზე მეტი იყო გადახდილი (გარდა სათბურებისა, ტერიტორიაზე მოეწყო წყლისა და ელექტროენერგიის ქსელები, მეურნეობას დაენიშნა დაცვა), ქონება უფუნქციოდ ზიანდებოდა და ამის შესახებ სამინისტრომ იცოდა, რადგან ოპოზიცია და მედია საკითხს არაერთხელ შეეხო.

2020 წლის თებერვლის უხვმა ნალექმაც სათბურებს უფუნქციო მდგომარეობაში მოუსწრო. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კი უკვე დაზიანებული სათბურები მოინახულა და დაასკვნა, რომ ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ სწორი მენეჯმენტის პირობებში, გარემოებათა ჯეროვანი შესწავლისა და მოსალოდნელი შედეგების წინასწარი გაანალიზების შემთხვევაში, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროგრამების დროული განხორციელება, ნარგავების დაზიანებითა და სათბურების ნგრევით გამოწვეული ზიანის შემცირება შესაძლებელიიქნებოდა. ეს კი საბიუჯეტო სახსრებს დაზოგავდა.

ჩვენ დავინტერესდით, სამინისტრომ თავის დროზე ზიანის თავიდან აცილების მიზნით რა ღონისძიებები განახორციელა და უკვე დამდგარი შედეგის გამოსწორებას როგორ აპირებს. უწყების პასუხიდან ირკვევა, (დანართი 1) რომ სამინისტროსა და ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ მიერ, ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო, მობილიზებული იყო როგორც ადამიანური რესურსი, ისე - შესაბამისი ტექნიკა. ნალექის მატებასთან ერთად, გადმოთოვლის სამუშაოები დაიწყო. ყოველი სათბურის შიგნით დაკვამლიანება განხორციელდა. ამან თოვლის დნობა და დაცურება გამოიწვია, რის შედეგადაც სათბურები თოვლის საფარისგან გათავისუფლდა. თუმცა მხოლოდ ორმოცდასამი სათბურის გადარჩენა მოხერხდა. სამინისტრო მიიჩნევს, რომ სასათბურე ფირისა და კონსტრუქციის მდგრადობაზე პასუხისმგებელი მშენებელი კომპანიაა. რადგან მან ამ პასუხისმგებლობაზე უარი თქვა, ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრმა“ სასამართლოს მიმართა და მიმწოდებლისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

[1] ბალი - მცენარის დაზიანების გრადაცია ფასდება ბალით, სადაც 0 ბალი ნიშნავს, რომ მცენარე საღია (არ არის დაზიანებული), ხოლო 5 ბალი ნიშნავს, რომ მცენარე ძალიან ძლიერად დაზიანებულია და დიდ დანაკარგებს იძლევა.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

2928 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი