ნათია თურნავა: წინასწარი პროგნოზით, ეკონომიკა 6%-ით შემცირდა. ეს საკმაოდ მძიმე მაჩვენებელია, რა თქმა უნდა, თუმცა ეს არის მსოფლიო ტრენდის ნაწილი
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნათია თურნავას განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
რეზიუმე: მსოფლიო ბანკის განსაზღვრებით, ცენტრალური ევროპისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რეგიონში, რომელშიც საქართველო მოიაზრება, საქართველოს გარდა, დამატებით 22 ქვეყანა შედის. საქართველოს მეზობელი ქვეყნების გარდა, ამ შემადგენლობაშია: ბელარუსი, უნგრეთი, პოლონეთი, ჩრდ.მაკედონია და ა.შ. 2020 წელს, რეგიონის ქვეყნებს შორის, საქართველომ მე-16 ადგილი დაიკავა, რაც 2018-19 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან შედარებით, 10-12 პოზიციით გაუარესებული შედეგია.
საქართველოს ეკონომიკის და რეგიონალური პოზიციის მკვეთრი შემცირება, ძირითადად, შეზღუდვების სიმკაცრით და ხანგრძლივობით არის განპირობებული, რომელიც პანდემიის პერიოდში მთავრობის მიერ იქნა შემოღებული. აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების ინდექსში, რუმინეთის შემდეგ, საქართველო მეორე ადგილს იკავებს. ბუნებრივია, ქვეყნებში, სადაც მკაცრი და ხანგრძლივი შეზღუდვები იყო დაწესებული, ეკონომიკა უფრო მეტად შემცირდა, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც შეზღუდვები შედარებით უფრო მსუბუქი იყო. შესაბამისად, მინისტრის განცხადება ნაწილობრივ ზუსტია. ეკონომიკის შემცირების ტენდენცია, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე რეგიონშიც აღინიშნება. თუმცა, საქართველოს ეკონომიკური კლების მაჩვენებლები, წინა წელთან შედარებით, უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე სხვა ქვეყნებში.
ანალიზი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა: „წინასწარი პროგნოზით, ეკონომიკა 6%-ით შემცირდა. ეს საკმაოდ მძიმე მაჩვენებელია, რა თქმა უნდა, თუმცა ეს არის მსოფლიო ტრენდის ნაწილი“.
კოვიდ-19-ის ვირუსით გამოწვეული კრიზისისა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების შედეგად, მსოფლიო ეკონომიკა შემცირდა. მათ შორის, ეკონომიკა რეგიონშიც შემცირდა, რომელშიც საქართველოც შედის. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონი სულ 23 ქვეყნისგან შედგება. პანდემიამდე პერიოდში, საქართველო აღნიშნულ რეგიონში, 2018 წელს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, მე-7 ადგილს იკავებდა, 2019 წელს კი, მაჩვენებელი გაიუმჯობესა და მე-3 ადგილზე დაწინაურდა. 2020 წელს, მსოფლიო ბანკის საპროგნოზო მონაცემებით, რეგიონის თითქმის ყველა ქვეყნის ეკონომიკა (გარდა თურქეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის) შემცირდება, მათ შორის არის საქართველოც. შესაბამისად, ეკონომიკური ტენდენცია, რომელზეც მინისტრი საუბრობს, ნამდვილად შემცირებისკენ იყო მიმართული. თუმცა, საქართველოში მკაცრმა შეზღუდვებმა და ქვეყნის ტურიზმზე მაღალმა დამოკიდებულებამ, სხვა ქვეყნებთან შედარებით, უფრო მკვეთრი შემცირება გამოიწვია. შედეგად, საქართველო, 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში, მე-16 ადგილას აღმოჩნდა.
ცხრილი 1: ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების[1] მშპ-ს ზრდა, 2020
წყარო: მსოფლიო ბანკი
საინტერესოა ისიც, რომ საქართველოს ეკონომიკის ასეთი რადიკალური შემცირება, ძირითადად, იმ შეზღუდვების სიმკაცრით და ხანგრძლივობით არის განპირობებული, რომელიც პანდემიის პერიოდში მთავრობის მიერ იქნა შემოღებული. აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში შეზღუდვების ინდექსში, რუმინეთის შემდეგ, საქართველო მეორე ადგილს იკავებს. ინდექსის თანახმად, ქვეყნებში, სადაც მკაცრი და ხანგრძლივი შეზღუდვები იქნა დაწესებული, ეკონომიკა უფრო მეტად შემცირდა, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც შეზღუდვები შედარებით უფრო მსუბუქი იყო.
ცხრილი2: მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების ინდექსი
წყარო: ourworldindata.org
საბოლოო ჯამში, მსოფლიოს და, მათ შორის, ჩვენი რეგიონის ეკონომიკური მაჩვენებელი შემცირების ტრენდისკენ არის მიმართული. თუმცა, საქართველოს ეკონომიკა, დაწესებული შეზღუდვების სიმკაცრის და ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ამავე ტრენდზე მეტად შემცირდა, რაც ჩვენი რეგიონის ქვეყნების ზრდის მაჩვენებლების სიაშიც აისახა. აქედან გამომდინარე, ნათია თურნავას განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
[1] ჯგუფში ასევე შედის თურქმენეთი, თუმცა მსოფლიო ბანკს უკანასკნელ პროგნოზებში ქვეყანა არ შეუფასებია
[2] 2020 წლის მდგომარეობით გაეროს 193 ქვეყნიდან, კოსოვოს დამოუკიდებლობას მხოლოდ 98 ქვეყანა აღიარებს, მათ შორის საქართველო არ არის.