ირაკლი კობახიძე: არის ძალიან მკაფიო მოწოდება ოპოზიციის მიმართ, რომ ისინი უნდა შევიდნენ პარლამენტში
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და მთლიანობაში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. მიუხედავად ამისა, დოკუმენტში არჩევნებთან დაკავშირებულ არაერთ სერიოზულ პრობლემაზეა ყურადღებაა გამახვილებული, რომლებმაც საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესის გარკვეული ასპექტებისადმი შეამცირა.
დოკუმენტში საქართველოს ხელისუფლების მიმართ მკაფიო მოწოდებაა, ამ საპარლამენტო არჩევნების განმავლობაში გამოვლენილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ასამბლეასა და ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობა გააგრძელოს. უშუალოდ ანგარიშში, მოწოდება ოპოზიციის მიმართ, რომ ისინი უნდა შევიდნენ პარლამენტში და მათ უნდა დაიწყონ საპარლამენტო მუშაობა, არ არის. თუმცა ასამბლეის წევრები ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ, ხოლო ხელისუფლებას - არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საჩივრის განხილვისკენ, მოუწოდებენ. შესაბამისად, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
ანალიზი
11 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ანგარიში გამოქვეყნდა, რომელიც გასულ წელს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხება.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძეს შეფასებით, მონიტორინგის ანგარიში, სადაც არის წარმოდგენილი რეკომენდაცია საქართველოსთან დაკავშირებით, ზუსტად მათ („ქართული ოცნების“) სულისკვეთებას ასახავს.
„ანგარიშში კერძოდ საუბარია იმაზე, რომ ყველა ის დარღვევა, რაც გამოვლინდა ამ არჩევნებში, უნდა იყოს აუცილებლად გადამოწმებული და სწორედ ამისთვის ვთავაზობთ ჩვენ ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნას, და ასევე, არის ძალიან მკაფიო მოწოდება ოპოზიციის მიმართ, რომ ისინი უნდა შევიდნენ პარლამენტში და მათ უნდა დაიწყონ საპარლამენტო მუშაობა“, - განაცხადა კობახიძემ.
რა წერია მონიტორინგის ანგარიშში ?
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ანგარიშში არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხია შეფასებული: საარჩევნო სისტემა და საარჩევნო ადმინისტრაცია, საარჩევნო კამპანია, დაფინანსება და მედიაგარემო, საარჩევნო დავები, არჩევნების დღე და ა.შ. ასევე, რეკომენდაციებია მოცემული.
მიუხედავად იმისა, რომ სადამკვირვებლო დელეგაციის შეფასებით, მთლიანობაში, არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, ანგარიშში არაერთ სერიოზულ დარღვევაზე და საკანონმდებლო დონეზე არსებულ ნაკლოვანებაზეა საუბარი, რომლებიც ხელისუფლებამ ყურადღების მიღმა დატოვა და მათზე დღესაც არ საუბრობს.
როგორც შეფასებაში ვკითხულობთ, არჩევნები არსებითად შეცვლილი კანონმდებლობის ფარგლებში ჩატარდა, რამაც მისი დემოკრატიულად ჩატარების კუთხით, გარკვეული გაუმჯობესება მოიტანა. თუმცა ხარვეზების გამოსასწორებლად დამატებითი ძალისხმევა კვლავ საჭიროა. კერძოდ, სადამკვირვებლო მისიის დასკვნით, „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და მთლიანობაში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. მიუხედავად ამისა, ამომრჩევლებზე ზეწოლის, მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვრის მოშლის და კამპანიის დაფინანსების მკაფიო რეგულაციების არარსებობის ფართოდ გავრცელებულმა ბრალდებებმა საზოგადოების ნდობა პროცესის გარკვეული ასპექტებისადმი შეამცირა“.
საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ანგარიშში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისიისა და ODIHR-ის[1] რიგი რეკომენდაციები, რომლებიც სამართლებრივი ჩარჩოს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად გაიცა, საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებული არ იქნა.
დელეგაციის შეფასებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ დაიცვა კანონით დადგენილი ვადები და ეფექტიანად მართა არჩევნების ტექნიკური ასპექტები „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში. მიუხედავად ამისა, იქვე ვკითხულობთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში მმართველი პარტიის დომინანტური წარმომადგენლობა, განსაკუთრებით, დაბალ დონეებზე, საარჩევნო კომისიის მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების აღქმაზე, უარყოფითად აისახა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჩატარებული არჩევნები ძირითადად თავისუფალი იყო, თუმცა შეშფოთებაა გამოთქმული საარჩევნო კამპანიის ხარჯებთან დაკავშირებით მკაფიო წესების არარსებობის გამო, რაც, დელეგაციის შეფასებით, არჩევნების სამართლიანობაზე ნეგატიურად აისახა.
საარჩევნო დავებთან დაკავშირებით ანგარიშში აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით ვენეციის კომისიის და ODIHR-ის რეკომენდაციები საარჩევნო დავების პროცესის გამარტივებასთან და გასაჩივრების ნორმების გაფართოებასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული არ იქნა. გარდა ამისა, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საარჩევნო კომისიებში საჩივრების აბსოლუტური უმრავლესობა განუხილველი დარჩა, ბევრი - ადეკვატური გამოძიების გარეშე ან კანონმდებლობის საეჭვო ინტერპრეტირებით, რამაც ეფექტური სამართლებრივი დაცვის უფლებას ძირი გამოუთხარა.
ანგარიში შეეხო მედიაგარემოსაც. კერძოდ, აღნიშნულია, რომ მრავალფეროვანი და პლურალისტური მედიაგარემო პოლიტიკური მოტივებით და ბიზნესინტერესებით იყო პოლარიზებული. „პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც არ ჰქონდათ სახელმწიფო დაფინანსების უფლება, არსებითად ნაკლები უფასო საეთერო დრო მიიღეს და მხოლოდ საზოგადოებრივ მედიაში, რაც მათ უთანასწორო პირობებში აყენებდა. მეტიც, პოლიტიკური დისკუსიების, საგამოძიებო გადაცემებისა და ანალიტიკური რეპორტაჟების არარსებობის გათვალისწინებით, როდესაც მთავარ პოლიტიკურ ალტერნატივებს შორის მხოლოდ რამდენიმე დებატი შედგა, ამომრჩევლებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შეზღუდული შესაძლებლობა ჰქონდათ“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
საბოლოოდ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, ამ საპარლამენტო არჩევნების განმავლობაში გამოვლენილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ასამბლეასა და ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობა გააგრძელოს.
უშუალოდ ანგარიშში, მოწოდება ოპოზიციის მიმართ, რომ ისინი უნდა შევიდნენ პარლამენტში და მათ უნდა დაიწყონ საპარლამენტო მუშაობა, არ არის. თუმცა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებისგან ასეთი მოწოდებები ასამბლეის ზამთრის სესიის პირველ სხდომაზე გაკეთდა. ასამბლეის წევრებმა მთავრობას არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საჩივრის განხილვისკენ და პარტიების თანამშრომლობისთვის კიდევ ერთხელ მოწვევისკენ მოუწოდეს.
„თანამომხსენებლებმა საქართველოს საკითხებზე უკვე მოუწოდეს პარტიებს, დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში, რათა ხელი შეუწყონ დემოკრატიის კონსოლიდაციას. ხელისუფლებას კი მოვუწოდებ, შეამოწმონ ყველა საჩივარი საარჩევნო პროცესთან და დაკავშირებით და ყველა მხარე ჩაერთოს დიალოგში წარმოქმნილი პრობლემების მოსაგვარებლად და შემდგომი საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმის მიზნით”, – განაცხადა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე მომხსენებელმა, ჰოლანდიელმა დეპუტატმა, ტინი კოქსმა.
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური პარტიების ძირითადი ნაწილი პარლამენტში არ შედის, 4 თებერვალს პარლამენტში საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დარეგისტრირდა. თუკი გავითვალისწინებთ, რომ არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებსა და ცესკოში შესული საჩივრების უმრავლესობა არ დაკმაყოფილდა, ასევე, არ დაკმაყოფილდა საერთო სასამართლოებში წარდგენილ სარჩელთა უმრავლესობა, ხოლო ოპოზიციური პარტიების ძირითადი ნაწილი კომისიის საქმიანობაში არ ჩაერთვება, საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სანდოობა ეჭვქვეშ დგება.[2]
[1] ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი
[2] შეგახსენებთ, რომ კომისიაში ოპოზიციის წილი შემადგენლობის ნახევარზე ნაკლები არ უნდა იყოს.