იტვირთება

გია ცაგარეიშვილი: ექვსმაგი სხვაობა არის პირველსა და მეორე პარტიას შორის, ეს არის უნიკალური მოვლენა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით გია ცაგარეიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) პოლიტიკურ კვლევას, იმის შესახებ თუ, რომელი პარტია არის ამომრჩევლების შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება იღებენ მონაწილეობას, საქართველოში არსებულ სხვა პარტიებთან ერთად, 2011 წლიდან ატარებს. ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ ორი პარტიის რეიტინგი მუდმივად იცვლება. ნაციონალური მოძრაობის ყველაზე დაბალი შედეგი 2020 წლის დეკემბერში დაფიქსირდა, როდესაც პარტიას 5% ჰქონდა რეიტინგი, ხოლო ქართული ოცნების ისტორიული მინიმუმი კი 11% გახლდათ, რომელიც 2012 წლის თებერვალში იყო. ყველაზე დიდი სხვაობა 3-ჯერ დაფიქსირდა, 2012-2013 წლების ნოემბერში და 2020 წლის დეკემბერში, სადაც ქართული ოცნების რეიტინგი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეიტინგს 6-ჯერ აღემატებოდა.

ანალიზი: ტელეკომპანია პოსტ-ტვ-ში გია ცაგარეიშვილმა განაცხადა: „მე არ მახსენდება, რომელიმე კვლევაში ნაციონალურ მოძრაობას 5% ჰქონოდეს, ასეთი რამ არ ყოფილა არასოდეს, ექვსმაგი სხვაობა არის პირველსა და მეორე პარტიას შორის, ესეც უნიკალური მოვლენა არის, მმართველ პარტიას ქართულ ოცნებას აქვს 31% და ნაციონალურ მოძრაობას აქვს 5%“.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), 2011 წლიდან ატარებს პოლიტიკურ კვლევებს, სადაც მოსახლეობას ეკითხება, თუ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს რომელი პარტია დგას. ამ კითხვაზე პასუხის შედეგის მიხედვით 2012 წლის ოქტომბრამდე, ნაციონალური მოძრაობა ლიდერობდა, ხოლო მას შემდეგ რაც ხელისუფლება დათმო, რეიტინგს „ქართული ოცნება“ ლიდერობს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ 6-ჯერ უკეთესი შედეგი სამჯერ დააფიქსირა: 2012 წლის ნოემბერში, 2013 წლის ნოემბერსა და 2020 წლის დეკემბერში.

გრაფიკი 1: რომელი პარტია დგას თქვენ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?

წყარო: ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი

გამოკითხვის მიხედვით პარტიების რეიტინგი ორი კითხვით ფასდება, რომელი პარტია დგას თქვენ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს და ვის მისცემდით ხმას ხვალ რომ არჩევნები იყოს. მეორე კითხვა არჩევნების წინა პერიოდის კვლევებში გვხვდება. გია ცაგარეიშვილი ექვსმაგ სხვაობაზე საუბრობს, შესაბამისად, ის გამოკითხვას უნდა გულისხმობდეს, რომელშიც პირველი კითხვაა დასმული.

გრაფიკი 2: ხვალ, რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას?

წყარო: ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი

გამოკითხვების მიხედვით, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მართლაც რეკორდულად დაბალი შედეგი აჩვენა - აქამდე დაფიქსირებულ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე, დაახლოებით, ორჯერ ნაკლები. თუმცა სხვაობა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის რეკორდული არ ყოფილა. ამგვარი სხვაობა მანამდეც, 2012 და 2013 წლებში, დაფიქსირებულა. ამასთან, სამივე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნების“ რეიტინგი, ამ გამოკითხვის მიხედვით, მკვეთრად უმჯობესდება.

თავის მხრივ, „ქართულ ოცნებას“ ასეთი დაბალი შედეგი არცერთ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაუფიქსირებია.

პირველ და მეორე პარტიას შორის ასეთი სხვაობა უნიკალური არ ყოფილა და უკვე მესამედ დაფიქსირდა. სხვა პერიოდებში პირველ პარტიას, მეორესთან შედარებით, 4-ჯერ და მეტჯერ უკეთესი შედეგი არაერთხელ დაუფიქსირებია. მიუხედავად ამისა, ცაგარეიშვილის განცხადების კონტექსტი მთავარი ოპოზიციური პარტიის რეიტინგის კრიტიკულ შემცირებასთან დაკავშირებით, სიმართლეს შეესაბამება. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გია ცაგარეიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

2924 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი