დეზინფორმაცია: COVID-19 მკურნალობის წესი იცვლება! ეს არ არის ინფექცია, არამედ ბაქტერიაა!

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-ში კორონავირუსთან და მის მკურნალობასთან დაკავშირებით მანიპულაციური და დეზინფორმაციის შემცველი პოსტი გავრცელდა. „კოვიდ ინფექციასთან დაკავშირებით, მკურნალობის წესი იცვლება! გერმანელი მეცნიერების სენსაციური აღმოჩენა - ეს არ არის ინფექცია, არამედ ბაქტერიაა! სიკვდილი დგება თრომბით, ვინაიდან კოვიდ-19 ასქელებს... მკურნალობა უნდა ანტიბიოტიკებით, ანტიანთებითი საშუალებებით - აპრონაქსით ან პარაცეტამოლით და სისხლის გამათხელებლად 100 მგ ასპირინით! გერმანიაში 14 000 ავადმყოფს უმკურნალეს ამ წესით, მოარჩინეს და 1 დღეში გაუშვეს სახლში!“. პოსტის ავტორის წყარო სოციალურ ქსელში გავრცელებულ რუსულენოვანი პოსტია, რომელიც მისივე თქმით უკვე წაშალეს.

სინამდვილეში, COVID-19 არ არის ბაქტერიული ინფექცია, ეს არის ვირუსი. ანტიბიოტიკი ბაქტერიებს ანადგურებს, მაგრამ ვირუსებზე არ მოქმედებს. ანტიბიოტიკი COVID-19-ის სამკურნალოდ არ გამოიყენება. ანტიბიოტიკის გამოყენება, შესაძლოა, საჭირო მხოლოდ თანმხლები ბაქტერიული ინფექციის არსებობისას გახდეს. COVID-19-ის მკურნალობა, დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, სიმპტომურია. ექიმის დანიშნულების გარეშე, ანტიბიოტიკების ან სხვა სახის მედიკამენტების მიღება ჯანმრთელობისთვის სახიფათოა!

COVID-19-ის ერთ-ერთი გართულება არის ჰიპერკოაგულაცია (სისხლის შედედების გააქტიურება), რომელიც თრომბის (სისხლის კოლტი) წარმოქმნას განაპირობებს. კოვიდ ინფიცირებულ პაციენტს შესაძლოა, ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის ემბოლია (ფილტვის არტერიის დახშობა თრომბით) განუვითარდეს, რაც ხშირად გარდაცვალების მიზეზი ხდება. თრომბის განვითარების მაღალ რისკ-ჯგუფს ჰოსპიტალიზებული (მძიმე და განსაკუთრებით კრიტიკული) პაციენტები მიეკუთვნებიან. COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს პროფილაქტიკის ან მკურნალობის მიზნით ანტიკოაგულანტები ენიშნებათ, რომელიც ორგანიზმში თრომბის წარმოქმნას აფერხებს, თუმცა ამ უკანასკნელის საჭიროება და დოზირება ექიმის მიერ, შესაბამისი ანალიზების საფუძველზე, უნდა განისაზღვროს! ანტიკოაგულანტებს, ისევე როგორც სხვა მედიკამენტებს, უკუჩვენებები (მათ შორის, ჭარბი დოზირება იწვევს სისხლდენას) აქვს. შესაბამისად, მისი თვითნებურად მიღება, რეკომენდებული არ არის!

COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში შესაძლოა, თრომბი წარმოიქმნას, რაც გარდაცვალების მიზეზიც ხდება. თუმცა მტკიცება, რომ COVID-19 ბაქტერიაა, არის მცდარი, ის არის ვირუსული დაავადება. ამასთან, მტკიცება, რომ კონკრეტული დასახელების მედიკამენტებით გერმანიაში 1 დღეში პაციენტები განკურნეს, არის ყალბი ამბავი. ანტიბიოტიკები და ანტიკოაგულანტები COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში (თანმხლები ბაქტერიული ინფექციების, ჰიპერკოაგულაციის მომეტებული რისკის დროს) ინიშნება. სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტი ასევე თვითნებური მკურნალობისკენ მოწოდებას შეიცავს, რაც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა - მედიკამენტების არამიზნობრივმა მიღებამ შესაძლოა, ორგანიზმს ზიანი მიაყენოს.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები: