იტვირთება

კახა კალაძე: ფაქტობრივად ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა დასრულებული გვაქვს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, კახა კალაძის განცხადება არის სიმართლე

რეზიუმე: თბილისის მერიამ მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლება 2016 წელს დაიწყო. ამ მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა თბილისის მერიას 27 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოუყო, რომლის ფარგლებში 143 ერთეული, 12-მეტრიანი, ადაპტირებული, GNG საწვავზე მომუშავე ავტობუსი იქნა შეძენილი. შემდგომში თბილისის მერიამ კიდევ 536 ახალი, EURO 6-ის ტიპის, ISUZU-ს, Man-ის და BMC-ის მარკის 8,10 და 12-მეტრიანი ავტობუსი შეიძინა. სულ 2016 წლიდან 679 ახალი ავტობუსი არის ნაყიდი, რომელთაგან 579 უკვე თბილისშია, დარჩენილი 100 ერთეული კი, დედაქალაქში მიმდინარე წლის მარტამდე ეტაპობრივად შემოვა. მანამდე თბილისს 650 ყვითელი, ბოგდანის მარკის ავტობუსი ემსახურებოდა. შესაბამისად, 100 ერთეული ავტობუსის დედაქალაქში ჩამოსვლის შემდეგ, ყვითელი ავტობუსები უკვე სრულად ჩანაცვლდება. აქედან გამომდინარე, თბილისის მერის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი

თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის მიზნებზე ისაუბრა და განაცხადა: „ფაქტობრივად ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა დასრულებული გვაქვს, ველოდებით 100 ერთეული ავტობუსის შემოსვლას, რომელიც უკვე შესყიდული გვაქვს. ეს არის BMC-ის მარკის12-მეტრიანი ავტობუსები და ამით არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი მთლიანად ჩანაცვლებული გვექნება და არც ერთი ყვითელი ავტობუსი არ იმოძრავებს დედაქალაქში. იქნება მხოლოდ განახლებული ახალი ავტობუსები, 12, 10 და 8-მეტრიანი“.

თბილისის მერიამ მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლება 2016 წელს დაიწყო.

„თბილისის ავტობუსების პროექტის“ მხარდაჭერის მიზნით, 2016 წლის 11 მაისს ქალაქ თბილისის მერიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. პროექტის ფარგლებში, ქალაქ თბილისის მერიისთვის ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივ აირზე მომუშავე 150 ახალი ავტობუსის შეძენა იყო გათვალისწინებული. ამ მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა თბილისის მერიას 27 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოუყო. გარდა ამისა, აღმოსავლეთ ევროპის ენერგო-ეფექტურობისა და გარემოსდაცვის პარტნიორობის ფონდმა (E5P) თბილისის მერიას 7 მილიონი ევროს გრანტი მისცა.

2016 წლის ივლისში მერიამ ხელშეკრულება, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ, კომპანია „Man Truck and Bus AG”-სთან გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, აღნიშნულ კომპანიას 143 ერთეული, 12-მეტრიანი, ადაპტირებული, GNG საწვავზე (ბუნებრივ აირი, რომელიც დიზელთან შედარებით უფრო მცირე რაოდენობით მავნე გამონაბოლქვს გამოყოფს. შემცირებულია ნახშირბადის მოცულობა, არ გააჩნია შავი კვამლი და უსიამოვნო სუნი) მომუშავე ძრავით აღჭურვილი ავტობუსები უნდა შემოეყვანა. ავტობუსების შემოყვანა 2016 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. 2017 წლის აპრილისთვის, 143 ავტობუსი უკვე თბილისში იყო. მათი ხაზებზე გაშვება ეტაპობრივად განხორციელდა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მუნიციპალური ავტობუსები 2018 და 2019 წლებშიც შეიძინა. ამ მიზნით, 2018 წლის აგვისტოში 90 ერთეული მუნიციპალური ავტობუსის შესაძენად ტენდერი (NAT180010244) გამოცხადდა, რომლის ღირებულება 45 მლნ ლარი იყო. ტენდერში კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ გაიმარჯვა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას დიზელის ძრავზე მომუშავე, EURO 6-ის ტიპის, 90 ცალი Man-ის მარკის 10-მეტრიანი ავტობუსი ცხრა თვის განმავლობაში ეტაპობრივად უნდა შემოეყვანა. ავტობუსი 82 მგზავრზე ( 27 დასაჯდომი ადგილი) იყო გათვლილი და ერთი ერთეულის ღირებულება 500 000 ლარი (დღგ-ს გარეშე) იყო. მუნიციპალური ავტობუსების შესაძენად სატრანსპორტო კომპანიამ ტენდერი (NAT180017308) 2019 წლის აპრილშიც გამოაცხადა. სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას 220 რვამეტრიანი ავტობუსი უნდა შეეძინა. ტენდერში კომპანია „ჯი-თი გრუპმა“ გაიმარჯვა. ხელშეკრულების ღირებულება 64 790 000 ლარი იყო. კომპანიამ დიზელის ძრავზე მომუშავე, EURO 6-ის ტიპის, ISUZU-ს მარკის ავტობუსები შეიძინა, რომელიც 53 მგზავრზე იყო გათვლილი (21 დასაჯდომი ადგილი). ერთი ერთეული ავტობუსის ღირებულება 293 029 ლარი (დღგ-ს გარეშე) იყო.

2019 წლის 29 ნოემბერს საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს შორის (EBRD) თბილისის ავტობუსების პროექტის გასაგრძელებლად სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს 80 000 000 ევრო გამოეყო, საიდანაც 64 350 000 ევრო 12-მეტრიან, დაბალძირიანი CNG ტიპის, 226 ავტობუსის შესაძენად იყო განსაზღვრული, 14 850 000 ლარი კი - ავტობუსების დეპოს ასაშენებლად.

აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში შეძენილი 226 ავტობუსიდან, 126 უკვე დედაქალაქშია, დარჩენილი 100 ერთეული 2021 წლის მარტის ბოლომდე ეტაპობრივად შემოვა. ავტობუსები 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტისაა. ახალი ავტობუსები 90 მგზავრზე არის გათვლილი, აქედან 28 დასაჯდომი ადგილია.

დედაქალაქის ავტოპარკი 650 ბოგდანის მარკის ყვითელი ავტობუსისგან შედგებოდა. 2016 წლიდან დღემდე, „ავტობუსების განახლების პროექტის“ ფარგლებში, ჯამში 679 ახალი, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი იქნა შეძენილი, საიდანაც 579 უკვე დედაქალაქშია, დარჩენილი 100 ავტობუსი თბილისში მიმდინარე წლის მარტის ბოლომდე უნდა შემოვიდეს. აქედან გამომდინარე, ყვითელი ავტობუსების პარკი, 100 ავტობუსის შემოსვლის შემდეგ, უკვე მთლიანად ჩანაცვლდება. შესაბამისად, კახა კალაძის განცხადება არის სიმართლე.

გარდა ავტობუსებისა, დასახელებული პროექტის ფარგლებში 300 ერთეული FORD-ის მარკის, დიზელის ძრავზე მომუშავე, ევრო 5 ემისიის, ეკოლოგიურად სუფთა მიკროავტობუსია შესყიდული. 17-ადგილიანი მიკროავტობუსები კომპანი „ჯი-თი მოტორსმა“ შეიძინა. ერთი ერთეულის ღირებულებამ 101 656 ლარი შეადგინა.

2021 წელს დედაქალაქის მერიას დამატებით 180 ერთეული, 18-მეტრიანი ავტობუსის შეძენა აქვს დაგეგმილი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 28 ნოემბრიდან დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი არ მუშაობს. პანდემიის განმავლობაში თბილისში ტრანსპორტი მეორედ არის გაჩერებული. ტრანსპორტის შეზღუდვა ძალაში ჯერჯერობით 1 მარტამდე რჩება.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4280 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
26%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
ტყუილი
6%

ყველაზე კითხვადი