იტვირთება

ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში კორონავირუსის პანდემიასა და მის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მრავალი დეზინფორმაცია ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

რეზიუმე:

25 იანვარს ტელეკომპანია „ობიექტივის” ეთერში გადაცემა „ღამის სტუდიის“ სტუმარმა, ფსიქოლოგმა ნონა აღდგომელაშვილმა, კორონავირუსის პანდემიასა და მის საწინააღმდეგო ვაქცინაზე ისაუბრა. ინტერვიუს განმავლობაში რამდენიმე მანიპულაციური განცხადება და დეზინფორმაცია გაჟღერდა. გადაცემაში ნონა აღდგომელაშვილმა აღნიშნა, რომ ფარმაცევტულმა კომპანია MERCK-მა ორი წლის წინ პაპილომა (HPV) ვირუსისა და წითელას/წითურა/ყბაყურას (წწყ/MMR) ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინების გამო სასამართლო პროცესები წააგო. სტუმარი ასევე აღნიშნავს, რომ ევროპის ყველა ქვეყანაში 2020 წელს უფრო ცოტა ადამიანი დაიღუპა, ვიდრე 2019-ში. გადაცემის ბოლოს ნონა აღდგომელაშვილი ამტკიცებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Pfizer-მა ამერიკაში 66 ადამიანი, ნორვეგიაში - 33, ხოლო გერმანიაში 10 ადამიანი იმსხვერპლა. აღნიშნული მტკიცებები დეზინფორმაციული შინაარსისაა და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

მტკიცება 1: ფარმაცევტულმა კომპანია MERCK-მა ორი წლის წინ პაპილომა ვირუსისა (HPV) და წითელას/წითურა/ყბაყურას (წწყ/MMR) ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინების გამო სასამართლო პროცესები წააგო, რადგან დადასტურდა, რომ HPV-ის ვაქცინით აცრილ ადამიანებში სიმსივნით დაავადებულები უფრო მეტი იყვნენ, ვიდრე არავაქცინირებულებში, ხოლო MMR-ის ვაქცინა აუტიზმს იწვევდა.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული მტკიცება არის ყალბი ამბავი

ნონა აღდგომელაშვილის თანახმად, ფარმაცევტული კომპანია MERCK-ის მიერ სასამართლო პროცესების წაგების მიზეზი მათი ვაქცინების წარმოებიდან 12 წლის შემდეგ ინგლისში ჩატარებული კვლევა იყო, რომელმაც დაადასტურა, რომ HPV-ის ვაქცინით აცრილ ადამიანებში სიმსივნით დაავადებულები უფრო მეტი იყვნენ, ვიდრე აუცრელებში, ხოლო MMR-ის ვაქცინით აცრილებში აუტიზმის შემთხვევები ჭარბობდა. აღნიშნული მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება.

ფარმაცევტული კომპანია MERCK პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, Gardasil-ის, მწარმოებელია. ვაქცინა ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ასოციაციამ (FDA) 2006 წელს დაამტკიცა. ამჟამად, ამერიკაში პაპილომავირუსის საწინააღმდეგოდ მხოლოდ Gardasil 9-ს იყენებს, რომელიც ასევე MERCK-ის წარმოებისაა და FDA-მ 2014 წელს დაამტკიცა. ორივე ვაქცინის უსაფრთხოების მონიტორინგი როგორც კლინიკურ ეტაპებზე, ისე მათი წარმოებაში ჩაშვების შემდეგ, სისტემატურად მიმდინარეობს. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) თანახმად, 12-წლიანმა მონიტორინგმა და კვლევებმა პაპილომავირუსის ვაქცინის ეფექტურობა და მაღალი უსაფრთხოება აჩვენა.

ნონა აღდგომელაშვილის მტკიცება, რომ 2018 წელს კვლევებმა პაპილომავირუსის ვაქცინით აცრილ ადამიანებში უფრო მეტი სიმსივნური დაავადებები აღმოაჩინა, ვიდრე აუცრელებში, ყალბია. CDC-ის მონაცემებით, პაპილომავირუსით გამოწვეული ინფექციები და საშვილოსნოს ყელის სიმსივნეები ვაქცინის გამოყენების შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა - კონკრეტულად, ვაქცინირებულ თინეიჯერ გოგონებში 86%-ით, ახალგაზრდა ქალებში 71%-ით, ხოლო ზრდასრულ ქალებში კი 40%-ით დაეცა. ვიდეოში ვაქცინით გამოწვეულ უშვილობაზეც იყო საუბარი, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. CDC ამტკიცებს, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ პაპილომავირუსის ვაქცინა უშვილობის პრობლემებს იწვევს. პირიქით, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიუღებლობის შემთხვევაში, ქალებს საშვილოსნოს სიმსივნის განვითარების რისკი აქვთ. დაავადებასთან გასამკლავებლად კი შესაძლოა, ისეთი მკურნალობა გახდეს (მაგ.: ჰისტეროქტომია, ქიმიოთერაპია, რადიაცია და ა.შ.) საჭირო, რომელიც ფერტილობას უშლის ხელს. ვაქცინოლოგები HPV ვაქცინით აცრის რეკომენდაციას 11-12 წლიდან გასცემენ. კვლევებმა აჩვენეს, რომ HPV ვაქცინის ეფექტურობა ხანგრძლივია და ის წლების განმავლობაში მოქმედებს.

რაც შეეხება წითელას/წითურა/ყბაყურას (წწყ/MMR) ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინას, ის 1978 წლიდანაა ხელმისაწვდომი. მისი მწარმოებელიც ფარმაცევტული კომპანია MERCK-ია. აღნიშნული ვაქცინისა და აუტიზმის კავშირზე ეჭვები პირველად 1998 წელს განაცხადეს, მას შემდეგ, რაც 12 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოკლე, დაუსაბუთებელი ანგარიში გამოქვეყნდა. მათი მშობლები აცხადებდნენ, რომ 12-დან 8 ბავშვმა აუტიზმის სინდრომის განვითარებამდე ერთი თვით ადრე MMR ვაქცინა მიიღეს. თუმცა ჯანმომ, ვაქცინების უსაფრთხოების გლობალური საკონსულტაციო კომიტეტის (GACVS) მოკვლევაზე დაყრდნობით, დაადგინა, რომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, აუტიზმის განვითარების რისკსა და MMR ვაქცინას შორის, არ არსებობდა.

ყველაზე მასშტაბური კვლევა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 1991-დან 1998 წლამდე დაბადებულ 537 303 დანიელ ბავშვს შორის ჩატარდა, რომელთა უმეტესობას (82%) MMR ვაქცინა ჰქონდა მიღებული. ექიმებმა დაადგინეს, რომ ვაქცინირებულ ბავშვებში აუტიზმის განვითარების უფრო მეტი შემთხვევა, ვიდრე არავაქცინირებულ ბავშვებში, არ დაფიქსირებულა. აუტიზმი ან მასთან დაკავშირებული დარღვევები 440 655 ვაქცინირებული ბავშვიდან 608-ში გამოვლინდა, რაც 0.138%-ია, ხოლო 96 648 არავაქცინირებული ბავშვიდან 130-ში, რაც 0.135%-ია. შესაბამისად, აუტიზმის გამოვლენის ალბათობა ორივე ჯგუფში, ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ ბავშვებში, თითქმის იდენტურია. შემდგომმა კვლევებმაც კვლავ დაადასტურა, რომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი აუტიზმის განვითარებასა და MMR ვაქცინის მიღებას შორის არ არსებობს. MMR ვაქცინების უსაფრთხოების დამადასტურებელი სანდო მტკიცებულებების მიუხედავად, ბევრი მშობელი შვილის აცრისგან მაინც თავს იკავებს. შედეგად, 1992 წლის შემდეგ, 2019 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წითელას ყველაზე დიდი აფეთქება განიცადა. CDC-ის თანახმად, ინფიცირებულთა უმეტესობას MMR ვაქცინაცია არ ჰქონიათ ჩატარებული.

რაც შეეხება აღდგომელაშვილის მტკიცებას, რომ ფარმაცევტულმა კომპანია MERCK-ის ვაქცინებმა ადამიანებში სიმსივნისა და აუტიზმის შემთხვევები გაზარდა და ამის გამო, მან სასამართლო პროცესები წააგო, აღნიშნული ამბავიც ყალბია. კომპანიისადმი სარჩელი რამდენჯერმე ნამდვილად შეიტანეს (იხ.: ბმული 1, ბმული 2), თუმცა ბრალდებები, რომლებიც მათ უსაფრთხოებას ეჭვქვეშ აყენებდა, არ დადასტურებულა. სამეცნიერო გამოცემა Nature.com-ის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო ორგანოები ვაქცინის საფრთხის შესახებ ვერაფერს ამტკიცებენ, მსგავსი პროცესები ვაქცინის რეპუტაციას მაინც დიდ ზიანს აყენებს, ხოლო ვაქცინის მოწინააღმდეგეებში ახალ ეჭვებს აჩენს.

მტკიცება 2: 2020 წელს ევროპის ყველა ქვეყანაში უფრო ცოტა ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე 2019 წელს.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული მტკიცება არის ყალბი ამბავი

ევროპის სტატისტიკური მონაცემების ბაზის, Eurostat-ის მიხედვით, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში 2020 წლის მარტის დასაწყისიდან გარდაცვალების რიცხვის სწრაფი ზრდა შეინიშნებოდა. გარკვეულ მათგანში სხვაობა წინა წლების სიკვდილიანობასთან შედარებით განსაკუთრებით მაღალი იყო. საერთო ჯამში, ევროპის 31 ქვეყნის წინასწარი მონაცემები ცხადყოფს, რომ 2020 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე, დაახლოებით 321 000-ით მეტი გადრაცვალება დაფიქსირდა, ვიდრე 2016-დან 2019 წლამდე, ამავე პერიოდში. პირველ კრიტიკულ პერიოდში, 2020 წლის მარტის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე, ევროპაში გარდაცვლილთა მაჩვენებელი, წინა წლების ამავე პერიოდის მაჩვენებლებს, 225 000-ზე მეტით აღემატებოდა. სექტემბრიდან ნოემბრამდე პერიოდის წინასწარი მონაცემები კი მეორე კრიტიკულ პერიოდს აჩვენებს.

ამავეს მოწმობს ევროკავშირის სტატისტიკური მონაცემების ბაზა Euromomo-ც. გრაფიკზე 2019 და 2020 წლების ყველა ასაკობრივი ჯგუფის სიკვდილიანობის წლიური მაჩვენებელია გამოსახული, სადაც კარგად ჩანს, რომ გარდაცვლილთა რიცხვი, 2020 წლის აპრილიდან დეკემბრამდე, 2019 წლის ამავე პერიოდის მონაცემებს აჭარბებს.

შესაბამისად, მტკიცება, რომ ევროპის ყველა ქვეყანაში 2020 წელს უფრო ცოტა ადამიანი დაიღუპა, ვიდრე 2019 წელს, მცდარია.

მტკიცება 3: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Pfizer-მა ამერიკაში 66 ადამიანი, ნორვეგიაში - 33, ხოლო გერმანიაში 10 ადამიანი იმსხვერპლა.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული მტკიცება არის ყალბი ამბავი

სოციალურ ქსელში Pfizer-ის ვაქცინით გარდაცვლილ ადამიანებზე დეზინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამერიკაში 66 ადამიანი გარდაცვალებაზე არც საერთაშორისო და არც ქართული მედიები არ იუწყებოდნენ. მიახლოებული ინფორმაცია report.ge-ის სტატიაში გაჟღერდა, სათაურით „აშშ-ში ვაქცინაციის შემდეგ 55 ადამიანი გარდაიცვალა“. მაგრამ საინტერესოა ის ფაქტი, რომ ვაქცინის მიღებასა და გარდაცვალებას შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე თავად report.ge-იც არ საუბრობს. ხოლო სტატიის ორიგინალი წყაროს, The Epoch Time-ის თანახმად, 55 ადამიანის გარდაცვალების საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მიზეზი ისაა, რომ ინფორმაცია ვაქცინებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების შესახებ ერთგვარი ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, VAERS-იდანაა აღებული, მის ბაზაში კი მონაცემების შეყვანა და დაფიქსირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. აქედან გამომდინარე, VAERS-ის ბაზაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, გარდაცვალების შემთხვევებსა და ვაქცინას შორის მიზეზ-შედეგეობრივი კავშირის დადგენა, არასწორია.

რაც შეეხება ნორვეგიას, 2020 წლის 14 იანვრისთვის ნორვეგიაში ოფიციალურად ვაქცინის შემდგომ 23 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. 18 იანვრის მონაცემებით, ნორვეგიის საყოველთაო ჯანდაცვის ინსტიტუტს უკვე შესწავლილი და გამოქვეყნებული ჰქონდა 23 გარდაცვალების შემთხვევიდან 13-ის აუტოპსიის შედეგები, რომლის თანახმადაც, უშუალოდ ვაქცინასა და გარდაცვალებას შორის კავშირი ვერ დადგინდა. ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ხანდაზმულთა სიკვდილიანობის ბოლოდროინდელ შემთხვევებსა და COVID-19-ის ვაქცინებს შორის პირდაპირი კავშირის მტკიცებულება არ არსებობს. 13 გარდაცვლილის გაკვეთის შემდეგ, ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტომ ივარაუდა, რომ ვაქცინისთვის დამახასიათებელ გვერდით ეფექტებს, შესაძლოა, განსაკუთრებით სუსტ მოხუცებში მწვავე რეაქციის გამოწვევაში გარკვეული როლი ეთამაშა.

გერმანიაში 10 ადამიანის ვაქცინით გარდაცვალების შესახებ დეზინფორმაცია 2021 წლის 18 იანვარს მას შემდეგ გავრცელდა, რაც Facebook-მომხმარებელმა ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით „10 DEAD IN GERMANY AFTER RECEIVING PFIZER VACCINE; 23 DEAD IN NORWAY....Go ahead“. ექიმმა სიუზან შტოკერმა, პოლ ერლიხის ინსტიტუტის პრეს-სპიკერმა, ფაქტების გადამოწმების პლათფორმა AFP-სთან განაცხადა, რომ გერმანიაში Covid-19 ვაქცინების მიღების შემდეგ გარდაცვალების 21 შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა 2020 წლის დეკემბრის ბოლოდან ჩატარებულმა კვლევებმა დაადგინეს, რომ გარდაცვალებასა და ვაქცინას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ არსებობდა.

აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, მტკიცება, რომ კორონავირუსის საწინაღმეგო ვაქცინა Pfizer-მა ამერიკაში 66 ადამიანი, ნორვეგიაში - 33, ხოლო გერმანიაში 10 ადამიანი იმსხვერპლა, ყალბია.

------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4014 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
24%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი