იტვირთება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 6.1%-ით შემცირდა. კლება ძირითადად მშენებლობის, განთავსების უზრუნველყოფის, ტრანსპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის დარგებში ფიქსირდება.

2020 წელი 5.1%-იანი ზრდით დაიწყო, შემდეგ ყველაზე დიდი ორნიშნა კლება აპრილში (-16.6%) და მაისში (-13.5%) დაფიქსირდა, რაც კოვიდპანდემიისგან გამოწვეულმა შეზღუდვებმა განაპირობა. შემდეგ შედარებით გახსნილმა ეკონომიკამ, მაგალითისთვის, სექტემბერში (-0.7%) და ოქტომბერში (-3.9%), კლება შეამცირა. მაგრამ წელი ისევ მკაცრი შეზღუდვებით დასრულდა, რაც ეკონომიკის ზრდაზეც ნეგატიურად აისახა. ეკონომიკური ზრდის ტემპის ცვლილების კორელაცია დაწესებული შეზღუდვების სიმკაცრესთან, ნათლად ჩანს გრაფიკზე 1.

მიუხედავად ეკონომიკის გახსნილობისა, საქართველოს ეკონომიკა ვერც ზაფხულის სეზონზე გაიზარდა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ აღნიშნული თვეები, გასული წლის შესაბამის თვეებს უნდა შეედაროს და საბაზისო ეფექტის გავლენა საბოლოო შედეგზე შედარებით მაღალია. ზაფხულის პერიოდის ზრდის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოელ ვიზიტორებზე მოდის. საზღვრების ჩაკეტვამ ტურისტულ სეზონზე უარყოფითი გავლენა იქონია და მიუხედავად რეგულაციების სიმსუბუქისა, ზაფხულში ეკონომიკამ, წინა წლის მაჩვენებელთან მიმართებით, უკეთესი შედეგის დაფიქსირება მაინც ვერ შეძლო. მარტივად რომ ვთქვათ, უფრო რთულია, ზაფხულის თვეებმა აჯობოს წინა წლის ანალოგიურ პერიოდს ჩაკეტილი საზღვრების პირობებში და შესაბამისად, მიუხედავად რეგულაციების სიმსუბუქისა, ზრდა ვერც ზაფხულში დავაფიქსირეთ.

გრაფიკი 1: ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემები 2020 წელი (თვე წინა წლის შესაბამის თვესთან)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

ყველაზე დიდი კლება ტურიზმის სექტორში შემავალი სარესტორნო ბიზნესის, განთავსების და ტრანსპორტის ქვედარგებისთვის იყო, რადგან მათთვის საქმიანობა თითქმის აიკრძალა, დაიკეტა საზღვრები, შეიზღუდა რესტორნების მუშაობის გრაფიკი და სასტუმროებს შეეზღუდათ დამსვენებლების მიღება. 2020 წელს ტურიზმიდან შემოსავლებმა, წინა წელთან შედარებით 83%-ით იკლო, რაც აბსოლუტურ ციფრებში ტურიზმის დარგისთვის 2.7 მილიარდ აშშ დოლარიანი კლებით გამოიხატება.

ასევე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 2020 წლის პირველი სამი კვარტლის მიხედვით, 24%-ით შემცირდა, რაც აბსოლუტურ რიცხვებში 946.3 მილიონი აშშ დოლარიდან 718.9 აშშ დოლარამდე კლებაა.

გრაფიკი 2: საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

წყარო:საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წელს ადგილობრივი ექსპორტის მსგავსად უცხოეთიდან გადმორიცხვები გაიზარდა, რამაც ეკონომიკური ვარდნა შედარებით უფრო შეაჩერა. უცხოეთიდან გადმორიცხვები 2020 წელს 8.8%-ით გაიზარდა და 1.81 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

გრაფიკი 3: უცხოეთიდან გადმორიცხვები 2011-2020 წლები.

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

საინტერესოა ისიც, რომ 1994 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკას ყველაზე დიდი შემცირება აქვს, ხოლო 2009 წლის აგვისტოს ომის შემდგომი პერიოდის და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, 2020 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი პირველად შემცირდა.

გრაფიკი 4: საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 1991-2020

წყარო: მსოფლიო ბანკი

ფოტო: imedinews.ge


მსგავსი სიახლეები

3686 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
ყალბი ამბავი
8%

ყველაზე კითხვადი