იტვირთება

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ რომ დაგვცლოდა 7-8 წელიწადი, დღეს საქართველო იქნებოდა ლიტვაზე წინ, ხორვატიის დონეზე, საბერძნეთის წინ, ერთიანი ეროვნული პროდუქტით [მშპ]

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის მცდარი

რეზიუმე:

სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკის შედარებისას, მართებულია მსყიდველუნარიანობის პარიტეტის გათვალისწინებით გამოთვლილი, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის განხილვა ერთ სულზე[1]. აღნიშნული მონაცემით, 2012 წელს, ხორვატია საქართველოზე 2.1-ჯერ მდიდარი იყო, საბერძნეთი 2.5-ჯერ, ხოლო ლიეტუვა 2.4-ჯერ. 2004-2012 წლებში, საქართველოს რეალური ეკონომიკა საშუალოდ 6.2%-ით იზრდებოდა, ხოლო 2013-2019 წლებში 4.1%-ით. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, ეკონომიკის რეალური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (12.6%) 2007 წელს დაფიქსირდა. 2008-2009 წლის მაჩვენებლებს თუ არ გავითვალისწინებთ, რუსეთთან ომის და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 8.2%-ს შეადგენს.

2012 წლიდან, 12.6% ზრდის შემთხვევაში, 2019 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა 2.21-ჯერ გაიზრდებოდა და მოახერხებდა 2019 წელს, პოლიტიკოსის მიერ დასახელებული სამი ქვეყნიდან, მხოლოდ ხორვატიაზე მაღალი მშპ-ს (PPP, ერთ სულზე) მაჩვენებლისთვის მიეღწია, ისიც იმ შემთხვევაში, თუ თეორიულად, 2012 წელთან შედარებით, ხორვატიის მშპ არ გაიზრდებოდა, რაც ბუნებრივია, არარეალისტურია. 8.2% ან 6.2% ზრდის შენარჩუნების შემთხვევაში, საქართველო, 2019 წლისთვის, ხორვატიის 2012 წლის დონეზე არსებულ ეკონომიკასაც ვერ მიაღწევდა. ამავდროულად, ნაციონალური მოძრაობის დროს ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებლის შენარჩუნება, როგორც დაშვება, უხეშ უტრირებას წარმოადგენს და არარეალისტურია. რეალურად, 2019 წლის ხორვატიის ეკონომიკა (მშპ ერთ სულზე) საქართველოს 2012 წელს არსებულ მაჩვენებელს 2.5-ჯერ აღემატებოდა. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის განცხადება ყველა შემთხვევაში მცდარია.

ასევე, გაუგებარია, რის საფუძველზე აცხადებს პოლიტიკოსი, რომ საქართველო ხორვატიის დონეზე, ლიეტუვასა და საბერძნეთზე წინ იქნებოდა. ფაქტია, რომ დასახელებულ 3 ქვეყანასთან შედარებით, ერთ სულზე მშპ-ს მონაცემებით ხორვატია ყველაზე ღარიბია.

ანალიზი:

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, TV პირველის გადაცემა „საჯარო პოლიტიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა[ვიდეო]: „ჩვენ რომ დაგვცლოდა 7-8 წელიწადი, დღეს საქართველო იქნებოდა ლიტვაზე წინ, ხორვატიის დონეზე, საბერძნეთის წინ, ერთიანი ეროვნული პროდუქტით [მშპ]“. აღსანიშნავია, რომ გადაცემაში მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკის დატოვების გადაწყვეტილებას აფასებდა.

სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკის ერთმანეთთან შედარება მნიშვნელოვან პრობლემებთან არის დაკავშირებული. ქვეყნებს გააჩნიათ ეროვნული ვალუტები, რომელშიც მათი მთლიანი შიდა პროდუქტი უნდა იქნას დათვლილი. აგრეთვე, წლიდან წლამდე, სხვადასხვა ქვეყნებში ფასების დონე სხვადასხვა დონით იცვლება, სხვადასხვაა მთლიანი შიდა პროდუქტის დათვლის სტატისტიკური მიდგომები და მეთოდიკა, ხოლო მიმდინარე აშშ დოლარში გადაყვანილი მაჩვენებლები მეტად არის დამოკიდებული გაცვლით კურსზე და ეკონომიკის რეალურ დინამიკას არ ასახავენ. აღსანიშნავია, რომ წარსულში, საქართველოს დინამიკაზე საუბრისას მიხეილ სააკაშვილი ძირითადად აშშ დოლარში ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მონაცემებს ასახელებდა. შესაბამისი მონაცემები გრაფიკ 1-ზეა ასახული.

გრაფიკი 1: ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე განხილულ ქვეყნებში, გამოსახული აშშ დოლარში

წყარო: მსოფლიო ბანკი

სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკური წარმატების შედარებისთვის მუდმივ ფასებში გამოსახული, მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (Ppurchasing Power Parity) მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე დათვლილი მშპ (GDP per capita in PPP dollars) გამოიყენება, რაც მოსახლეობის ცხოვრების დონის ერთ-ერთი საზომია და ქვეყნებს შორის ცხოვრების დონის სხვაობას ასახავს. ერთ სულ მოსახლეზე რაც უფრო მეტი შემოსავალი ნაწილდება, ცხოვრების დონე მით უკეთესია. PPP მიდგომაში გათვალისწინებულია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვალუტებს განსხვავებული მსყიდველობითი უნარი გააჩნიათ. დაბალშემოსავლიან სახელმწიფოებში პროდუქციაზე უფრო დაბალი ფასებია, ვალუტის მსყიდველობითი უნარი კი მეტია (1 დოლარით მეტი პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი). შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მშპ-ს დინამიკის შეფასებისას ეროვნული ვალუტის კურსის მერყეობის ტექნიკურად ასახვას გამორიცხავს. აღნიშნულის მიუხედავად, მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით დათვლილი მთლიანი შიდა პროდუქტი გარკვეულწილად ხელოვნურ მაჩვენებელს წარმოადგენს და მოსალოდნელია სტატისტიკური უზუსტობის სხვა მაჩვენებლებთან შედარებით მაღალი დონე, თუმცა ქვეყნების შესადარებლად, მასზე ოპტიმალური მაჩვენებლის გამოყენება შეუძლებელია.

გრაფიკი 2: მშპ ერთ სულზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით 2012-2019 წლებში, მუდმივ 2017 წლის ფასებში, საერთაშორისო დოლარში

წყარო: მსოფლიო ბანკი

მონაცემები აჩვენებს რომ 2012 წელს, ხორვატია საქართველოზე 2.1-ჯერ მდიდარი იყო, საბერძნეთი 2.5-ჯერ, ხოლო ლიეტუვა 2.4-ჯერ. 2004-2012 წლებში, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 6.2%-ით იზრდებოდა, ხოლო 2013-2019 წლებში დაახლოებით 4.1%-ით. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, ეკონომიკის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (12.6%) 2007 წელს დაფიქსირდა, ხოლო 2008-2009 წლის მაჩვენებლებს თუ არ გავითვალისწინებთ რუსეთთან ომის და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 8.2%-ს შეადგენს. ცხრილ-1 ზე, წარმოდგენილია თუ თეორიულად, რამდენჯერ გაიზრდებოდა საქართველოს ეკონომიკა ზემოთ ჩამოთვლილი ზრდის სამი მაჩვენებლის შენარჩუნების შემთხვევაში. როგორც ვხედავთ, 12.6% ზრდის შემთხვევაში, საქართველო მოახერხებდა 2019 წელს პოლიტიკოსის მიერ დასახელებული სამი ქვეყნიდან მხოლოდ ხორვატიაზე მაღალ მშპ-ს (ერთ სულზე, PPP) მაჩვენებლისთვის მიეღწია, ისიც იმ შემთხვევაში, თუ თეორიულად, 2012 წელთან შედარებით ხორვატიის მშპ (PPP) არ გაიზრდებოდა, რაც ბუნებრივია, არარეალისტურია. ასევე, ნაციონალური მოძრაობის დროს ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებლის შენარჩუნება, როგორც დაშვება, უხეშ უტრირებას წარმოადგენს და არარეალისტურია. რეალურად, 2019 წლის ხორვატიის რეალური მშპ ერთ სულზე (PPP) საქართველოს 2012 წელს არსებულ მაჩვენებელს 2.5-ჯერ აღემატებოდა. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის განცხადება მცდარია.

ცხრილი 1: ეკონომიკის ზრდის პროექცია (2012=1; ჯერადი ზრდა 2012 წელთან შედარებით)

წყარო: მსოფლიო ბანკი, ავტორის გამოთვლები

ხორვატიასთან (ქვეყანა, რომელიც შედარებისთვის მოყვანილ ქვეყნებს შორის ყველაზე ღარიბია) შედარების ვიზუალიზაცია, წარმოდგენილია გრაფიკ 3-ზე. წითელი მრუდი წარმოადგენს საქართველოს მშპ-ს ერთ სულზე რეალურ მონაცემებს, ხოლო მწვანე მრუდი - ხორვატიის რეალურ მონაცემებს. წყვეტილ მრუდებზე წარმოდგენილია პროექცია 6.2%, 8.2% და 12.6% წლიური ზრდის შემთხვევებში, რამდენად დაუახლოვდებოდა საქართველო ხორვატიის მაჩვენებელს 2012-2019 წლების განმავლობაში.

გრაფიკი 3: ეკონომიკური ზრდების პროექცია, საქართველოს შედარება ხორვატიასთან, რეალური მშპ PPP ერთ სულზე

წყარო: მსოფლიო ბანკი, ავტორის გამოთვლები

[1]ბუნებრივია, მოსახლეობის ცვლილება ჩამოთვლილ ქვეყნებში მშპ ერთ სულზე მაჩვენებელში გარკვეულ ცვლილებას შეიტანს, თუმცა საანალიზო მონაცემზე, რომლებიც სტატიაში საორიენტაციო ხასიათს ატარებენ, აღნიშნულ ცვლილებას მნიშვნელოვანი გავლენა ვერ ექნება.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

2847 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
26%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
13%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი