იტვირთება

21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნაგადაწყვეტილება საქმეზე საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ (II), რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მის შემდგომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებულ დარღვევებს შეეხება.

გადაწყვეტილებაში სასამართლომ წარდგენილი ბრალდებების ძირითადი ნაწილი დააკმაყოფილა და რუსეთის მხრიდან ისეთი უფლებების დარღვევა დაადგინა, როგორიცაა სიცოცხლის უფლება, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლებები, გადაადგილების თავისუფლება და თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებები.

მიუხედავად გადაწყვეტილების ისტორიული და სამართლებრივი მნიშვნელობისა, მისმა ერთ-ერთმა ნაწილმა საზოგადოებაში გარკვეული იმედგაცრუება გამოიწვია. კერძოდ, უკმაყოფილება გადაწყვეტილების იმ ნაწილმა დაიმსახურა, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის 8-12 აგვისტოს, აქტიური საომარი მოქმედებებისას მომხდარი მოვლენები რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში არ ექცეოდა. შესაბამისად, დროის ამ მონაკვეთში რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილ ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებლობის საკითხზეც არ იმსჯელა.

აღნიშნულმა საკითხმა არა მხოლოდ საზოგადოების ნაწილის, არამედ საქმის მოსამართლეების მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. მოსამართლეთა ნაწილის მოსაზრებით, უმრავლესობის გადაწყვეტილება აქტიური საომარი მოქმედებების დროს ექსტრატერიტორიულ იურისდიქციასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემაში სამართლებრივ ვაკუუმს ქმნის.

რით დაასაბუთა სასამართლომ, რომ 8-12 აგვისტოს, აქტიური საომარი მოქმედებებისას მომხდარი მოვლენები რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში არ ექცეოდა?

გადაწყვეტილების დასაბუთებისას სასამართლო სხვადასხვა გადაწყვეტილებას დაეყრდნო, (მაგ. Bankovic and other vs Belgium and other ) და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ მისი ტერიტორიის გარეთ ჩადენილი ქმედებები, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება მოექცეს მის იურისდიქციაში განხორციელებულად ადამიანის ევროპული კონვენციის 1-ლი მუხლის[1] მნიშვნელობისთვის.

ექსტრატერიტორიულ იურისდიქციაზე მსჯელობისას სასამართლომ 2 კრიტერიუმზე დაყრდნობით იმსჯელა: სახელმწიფოს „ეფექტური კონტროლი“ ტერიტორიაზე (ე.წ. სივრცის კონტროლი) და „სახელმწიფოს აგენტის უფლებამოსილება და კონტროლი“ ინდივიდებზე (ე.წ. პიროვნული კონტროლი).

სასამართლომ განმარტა, რომ საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში, როდესაც შექმნილია ქაოტური სიტუაცია და ასეთ ვითარებაში სახელმწიფოები ცდილობენ ტერიტორიაზე კონტროლის მოპოვებას, სახელმწიფოს „ეფექტური კონტროლი“ და „სახელმწიფოს აგენტის უფლებამოსილება და კონტროლი“ ინდივიდებზე გამორიცხულია, განსხვავებით ისეთი შემთხვევებისგან, როდესაც ადგილი აქვს ცალკეულ და სპეციფიკურ (არამასშტაბურ) ინციდენტებს.

გადაწყვეტილების მიხედვით, ასეთი ქაოტური სიტუაცია იყო შექმნილი ამ კონკრეტულ საქმეშიც. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან 8-12 აგვისტოს განმავლობაში აქტიური სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა, ამ პერიოდში განვითრებული მოვლენები რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში ვერ მოხვდებოდა.

აღსანიშნავია, რომ სასამართლომ, ასევე, მიუთითა კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში გარემოებების დადგენის სირთულეზე და აღნიშნა ისიც, რომ მსგავს სიტუაციებში, აქტიური შეიარაღებული კონფლიქტისას, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები გამოიყენება.

როგორ უპასუხა უმრავლესობის გადაწყვეტილებას მოსამართლეთა ნაწილმა?

აქტიური საომარი მოქმედებების დროს ექსტრატერიტორიულ იურისდიქციასთან დაკავშირებით, ექვსმა მოსამართლემ უმრავლესობისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. მათ დაასაბუთეს, რომ 8-12 აგვისტოს, აქტიური საომარი მოქმედებებისას მომხდარი მოვლენები რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში ექცეოდა.

იონკო გროზევი

მოსამართლე გროზევის აზრით, შეიარაღებული დაპირისპირების დროს ექსტრატერიტორიული იურისდიქციის დასადგენად „ეფექტური კონტროლის“ ცნების გამოყენება პრობლემურია.

მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის, იურისდიქცია ტერიტორიულია, არსებობს გამონაკლისებიც, ისევე როგორც ამ კონკრეტული საქმის შემთხვევაში.

მოსამართლის აზრით, იმის გამო, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე აქტიური საომარი მოქმედების გამო ვერ დგინდება, თუ ვის აქვს ეფექტური კონტროლი, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ვაკუუმი არ უნდა შეიქმნას. გროზევი მიიჩნევს, რომ რომელი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზეც არ უნდა ხორციელდებოდეს სამხედრო ქმედებები, სახელმწიფო ვალდებულია, კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დაცვა უზრუნველყოს.

იუდკივსკა, პინტო დე ალბუკერკე, ჭანტურია - ერთობლივი მოსაზრება

მოსამართლეებმა მწუხარება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხი არ განიხილა - კერძოდ, დაირღვა, თუ - არა, კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება) რუსული შეიარაღებული ძალების მიერ სოფლების ერედვის, კარბის, თორტიზას და ქალაქ გორის დაბომბვით 2008 წლის 8-დან 12 აგვისტომდე.

მოსამართლეებმა ერთობლივ დასაბუთებაში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილება (Varnava and Others v.Turkey) მოიხმეს, სადაც, განსხვავებით მოცემული საქმისგან, სასამართლომ დაადგინა, რომ შეიარაღებულ კონფლიქტებში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი კონვენციას ვერ ანაცვლებს. მეტიც, „კონვენციით დაცული ადამიანის სიცოცხლის უფლება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალთან ჰარმონიულად უნდა იყოს ინტერპრეტირებული“.

იუდკივსკა, ვოიტიჩეკი, ჭანტურია - ერთობლივი მოსაზრება

“ Silent enim leges inter arma - ომის დროს კანონი დუმს“- მოსამართლეებმა მწუხარება გამოთქვეს, რომ უმრავლესობამ საკუთარი გადაწყვეტილება აღნიშნული პრინციპით მიიღო, რომელიც ქრისტეშობამდე პირველ საუკუნეშია დაწერილი. როგორც განსხვავებული მოსაზრების ავტორებმა აღნიშნეს, საერთაშორისო სამხედრო კონფლიქტისას დაპირისპირების არეალში მცხოვრებ მოქალაქეებზე მებრძოლი სახელმწიფოების იურისდიქციის გამორიცხვა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის არსს ძირს უთხრის.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ სასამართლოს წინა პრაქტიკის მოხმობით ურთიერთგამომრიცხავ დასაბუთებებზე მიუთითეს. მაგალითად, მიუთითეს საქმეზე (Hassan v. the United Kingdom), რომელშიც სასამართლომ აქტიური სამხედრო მოქმედებების ფაზაში გაერთიანებული სამეფოს იურისდიქცია დაადგინა „ფიზიკური ძალისა და კონტროლის“ სტანდარტით და არა „ეფექტური კონტროლის“ტესტით. გარდა ამისა, მოსამართლეებმა აღნიშნეს, რომ იმავე გადაწყვეტილებაში სასამართლო მიუთითებდა, რომ სამხედრო კონფლიქტების აქტიურ ფაზაში მხოლოდ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები არ გამოიყენება.

მოსამართლეებმა გადაწყვეტილების არაერთი დასაბუთება გააკრიტიკეს. განსაკუთრებით - უმრავლესობის აზრი, რომ მსგავსი „რთული შემთხვევები“ კონვენციით არ რეგულირდება.

საერთო ჯამში კი მათ არაერთი არგუმენტით დაასაბუთეს აქტიური სამხედრო მოქმედებების ფაზაში რუსეთის იურისდიქციის არსებობა. მათ შორის, აღნიშნეს, რომ რუსეთის ფედერაციასა და მათი ქმედებებით დაზარალებულ მოსახლეობას შორის იურისდიქციული კავშირი არსებობდა, და რომ სასამართლოს ეს კრიტერიუმიც უნდა გამოეყენებინა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის დადგენისას.

პაულო პინტო დე ალბუკერკე

პორტუგალიელმა მოსამართლემ, მსგავსად მისი არაერთი კოლეგისა, სასამართლო პრაქტიკის გაურკვევლობაზე მიუთითა, როდესაც საქმე იურისდიქციის დადგენას ეხება კონვენციის 1-ლი მუხლის მიზნებისთვის.

მისი აზრით, სახელმწიფო აგენტის მიერ ადამიანებისკენ სროლა სახელმწიფოს კონტროლის ფორმას წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, სად ხდება გასროლა, არის ეს განზრახი ქმედება, თუ - არა და ა.შ. მოსამართლის განმარტებით, ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაგეგმვა ქვეყნის ფარგლებს გარეთ სწორედ რომ სახელმწიფოს ძალაუფლების გამოხატულებაა, შესაბამისად, მიუხედავად საომარ ტერიტორიაზე შექმნილი ქაოსისა, ასეთ შემთხვევებში სახელმწიფოს იურისდიქცია არ უნდა გამოირიცხებოდეს.

აღსანიშნავია, რომ სასამართლომ დასაბუთებისას აღნიშნა, რომ ის მგრძნობიარეა იმ ფაქტის მიმართ, რომ კონვენციის 1-ლი მუხლის „იურისდიქციის“ ცნების მათი ინტერპრეტაცია [რის შედეგადაც, 8-12 აგვისტოს მომხდარ მოვლენებზე რუსეთის ექსტრატერიტორიული იურისდიქცია გამოირიცხა] შეიძლება არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდეს მოპასუხე სახელმწიფოს მიერ ჩადენილი ქმედებებისა და უმოქმედობის მსხვერპლთათვის. აღნიშნულ ფაქტს ალბუკერკე ცინიკურად გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სასამართლოს მოთქმა „არადამაკმაყოფილებელ“ გადაწყვეტილებაზე ომის მსხვერპლების და მათი ნათესავების თვალში ნიანგის ცრემლებს ჰგავს.

ლადო ჭანტურია

იურისდიქციის დადგენის ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ საკმაოდ კრიტიკული აღმოჩნდა ქართველი მოსამართლე, ლადო ჭანტურია.

მისი შეფასებით, მოსამართლეთა უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები არ არის დამაჯერებელი და არ შეესაბამება სასამართლოს ბოლოდროინდელ პრაქტიკას. ექსტრატერიტორიული იურისდიქციის საკითხის განხილვისას სასამართლომ არასწორი მეთოდოლოგია გამოიყენა და ამ გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემაში ვაკუუმი შექმნა.

ჭანტურიამ მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ დასაბუთებისას ძველი გადაწყვეტილებით (Bankovic and other vs Belgium and other) იხელმძღვანელა და არ გამოიყენა უფრო ახალი პრაქტიკა, სადაც ექსტერიტორიული იურისდიქციის საკითხზე მიდგომა მნიშვნელოვნად განვითარდა (მაგ. Al‑Skeini and Others v. the United Kingdom).

მოსამართლემ განმარტა, რომ მოცემულ საქმეში ერთადერთი სწორი მიდგომა იქნებოდა ის, რომ სასამართლოს გაერკვია, ჰქონდა, თუ - არა, მოპასუხე სახელმწიფოს ეფექტური კონტროლი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე აქტიური სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე და ამის მიხედვით ემსჯელა იურისდიქციის საკითხზეც. იმის დასამტკიცებლად, რომ რუსეთს ეფექტური კონტროლი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე აქტიური სამხედრო მოქმედებების დაწყებამდეც ჰქონდა, ჭანტურიამ არაერთი მტკიცებულება წარადგინა.

ქართველმა მოსამართლემ გადაწყვეტილება იმ ნაწილის გამოც გააკრიტიკა, სადაც მოსამართლეებმა საქმეში გარემოებების დადგენის სირთულე დაასახელეს ერთ-ერთ მიზეზად, რატომაც იურისდიქციაზე პრეცედენტული სამართალი მეტად არ განავითარეს. ჭანტურიას შეფასებით, სასამართლოს სამართლებრივი შეფასებისთვის საკმარისზე მეტი მტკიცებულება გააჩნდა.

პოლ ლემენსი

მოსამართლე ლემენსმა ექსტრატერიტორიულ იურისდიქციასთან დაკავშირებით ჭანტურიას პოზიცია გაიზიარა და აღნიშნა, რომ შეიარაღებული კონფლიქტი ექსტრატერიტორიულ იურისდიქციას არ გამორიცხავს.

მისთვის გაუგებარი აღმოჩნდა, რატომ მიიღო უმრავლესობამ ასეთი გადაწყვეტილება - იმიტომ რომ მათი აზრით კონვენცია არ იძლევა შესაბამის სამართლებრივ საფუძველს აქტიური საბრძოლო მოქმედებების შესაფასებლად, თუ იმიტომ რომ მტკიცებულებების შეგროვებასთან დაკავშირებული პრაქტიკული სირთულეებიდან გამომდინარე, სასამართლომ თავი უნდა შეიკავოს კონვენციის დებულებების გამოყენებისგან?

საბოლოოდ, მოსამართლემ უმრავლესობის გადაწყვეტილება უკან გადადგმულ ნაბიჯად და კონვენციის ფარგლების შეზღუდვად შეაფასა.

დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, აქტიური სამხედრო მოქმედებებისას ექსტრატერიტორიული იურისდიქციის დადგენა სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაში, პრობლემატურია. თუმცა, თუკი იმ პრეცედენტებს გადავხედავთ, რაზეც განსხვავებული პოზიციის მქონე მოსამართლეებმა მიუთითეს, აშკარაა, რომ სასამართლოს აღნიშნულ საკითხზე განსხვავებული მიდგომები აქვს.

აღსანიშნავია, რომ ომის დანაშაულებს, მათ შორის, აგვისტოს ომთან დაკავშირებულ დანაშაულებს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იძიებს. თუმცა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევისთვის მხოლოდ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დაკისრებაა შესაძლებელი.

მიუხედავად საქმის ამ არასასიამოვნო ნაწილისა, რაზეც ზემოთ დავწერეთ, ვერ ვიტყვით, რომ ეს გადაწყვეტილების სამართლებრივ და ისტორიულ ღირებულებას აკნინებს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის პასუხისმგებლობის პირველი საერთაშორისო სამართლებრივი დადასტურებაა ოკუპირებულ ტერიტორიებთან და იქ განხორციელებულ უმძიმეს დანაშაულებთან მიმართებით.

შეიძლება ითქვას, რომ მოცემულმა გადაწყვეტილებამ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებასთან დაკავშირებით რუსეთის პოლიტიკას მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა და მომავალშიც, მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში, ეს იქნება რუსეთის ოკუპაციასთან ბრძოლის უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი ბერკეტი.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

2904 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი