იტვირთება

ლევან იოსელიანი: პარლამენტის შიგნით არასდროს ყოფილა 60 ოპოზიციონერი დეპუტატი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან იოსელიანის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ოპოზიციურმა პარტიებმა ჯამში 60 საპარლამენტო მანდატი მოიპოვეს, რაც მანდატების საერთო რაოდენობის 40%-ია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, ოპოზიციური პარტიების მიერ მოპოვებული მანდატების პროცენტული წილი მანდატების საერთო რაოდენობაში უფრო მაღალი, მხოლოდ 2012 წელს იყო, როდესაც ოპოზიციაში გადასულმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 65 მანდატი მიიღო, რაც მანდატების საერთო რაოდენობის 43.3% იყო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2012 წელს ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკურმა ძალამ ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი „დამატებითი საშუალებების“ (ადმინისტრაციული რესურსი, კერძო სექტორის კეთილგანწყობა, სამთავრობო მედია საშუალებები და ა.შ.) გამოყენების მიუხედავად, წააგო არჩევნები და საპარლამენტო ოპოზიციის როლში თავად აღმოჩნდა. შესაბამისად, 2012 წლის მაგალითი, ლევან იოსელიანის განცხადების კონტექსტისთვის არარელევანტურია, რადგან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობამ“ მანდატების საერთო რაოდენობის 43.3 %, როგორც ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ და არა როგორც ოპოზიციურმა პარტიამ, მოიპოვა.

ანალიზი:

2020 წლის 18 ნოემბერს, „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში ოპოზიციის პარლამენტში შესვლის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „პარლამენტის შიგნით არასდროს არ ყოფილა 60 ოპოზიციონერი დეპუტატი, არასდროს! და დღეს გვაქვს შანსი, რომ, ეს ადამიანები შევიდეთ ყველანი და შევცვალოთ ქართული ოცნება არჩევნების გზით“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საპარლამენტო მანდატი 9 საარჩევნო სუბიექტმა მოიპოვა.

ცხრილი 1: 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად განაწილებული მანდატები

წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, პარლამენტის წევრთა რაოდენობა არაერთხელ შეიცვალა. შესაბამისად, სხვადასხვა მოწვევის პარლამენტში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლობის განსაზღვრისთვის საჭიროა, მანდატების საერთო რაოდენობაში, ოპოზიციური პარტიების მიერ მოპოვებული მანდატების ჯამის პროცენტული წილი შევადაროთ ერთმანეთს.

ცხრილი 2: საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ოპოზიციური პარტიების მიერ მოპოვებული მანდატების რაოდენობა და მათი პროცენტული წილის მიმართება პარლამენტის მანდატების საერთო რაოდენობასთან

წყარო: პარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდი.

1990 წლის საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს არჩევნების შედეგად, მანდატების უმრავლესობა (155 მანდატი) „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველომ“ მოიპოვა. ოპოზიციურმა პარტიებმა, მათ შორის „კომუნისტურმა პარტიამ“, ჯამში 92 მანდატი მოიპოვეს, რაც მანდატების საერთო რაოდენობის 36.8%-ია.

1992 წლის საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული სისტემის საფუძველზე 150 დეპუტატი, ხოლო მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე 84 დეპუტატი აირჩეოდა. შიდა ტერიტორიული კონფლიქტების გამო, მაჟორიტარული სისტემით არჩევნები 84 მაჟორიტარული ოლქიდან 75 ოლქში გაიმართა[2] . პროპორციული სისტემის საფუძველზე საპარლამენტო მანდატი 24-მა საარჩევნო სუბიექტმა მოიპოვა. ყველაზე მეტი, 29 მანდატი საარჩევნო ბლოკმა „მშვიდობა“ მიიღო. „ფაქტ-მეტრმა“ ღია წყაროებზე დაყრდნობით 1992 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უმრავლესობის და ოპოზიციის გადანაწილების შესახებ, ინფორმაცია ვერ მოიპოვა. ასევე, უცნობია 75 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეული პირების პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე, შეუძლებელია, დავადგინოთ, მე-3 მოწვევის პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობას და საპარლამენტო ოპოზიციას, ვინ წარმოადგენდა.

1995 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად 108 მანდატი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა“ მიიღო და 2 საპარლამენტო ფრაქციასთან (ფრაქციები „იმედი“ და „მამული“) ერთად, საპარლამენტო უმრავლესობა შემქნა, რომელიც 120 დეპუტატს აერთიანებდა. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაზე საქართველოს ხელისუფლების კონტროლის დაკარგვის გამო, 12 მაჟორიტარ დეპუტატს, როგორც აფხაზეთის რაიონების მაჟორიტარ დეპუტატებს, უფლებამოსილება ავტომატურად მიენიჭა. 1995 წლის არჩევნებში ოპოზიციურმა პარტიებმა ჯამში 101 მანდატი მოიპოვეს, რაც მანდატების საერთო რაოდენობის 43%-ია. თუმცა აღსანიშნავია, რომ მე-4 მოწვევის პარლამენტის ოპოზიციურ პარტიებს შორის, ასლან აბაშიძის „დემოკრატიული აღორძინების კავშირიც“ მოიაზრება. „აღორძინების კავშირმა“ 1995 წლის არჩევნებში 31 მანდატი მიიღო. „აღორძინების კავშირი“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველი პარტია იყო, შესაბამისად, მისი ოპოზიციურ პარტიად განხილვა მართებული არ არის. „აღორძინების კავშირის“ მანდატების გარეშე, ოპოზიციურმა პარტიებმა ჯამში 70 მანდატი მიიღეს, რაც მანდატების საერთო რაოდენობის 29.8%-ია.

1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში 131 მანდატი და შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობა „საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა“ მოიპოვა. 12 მაჟორიტარ დეპუტატს, როგორ აფხაზეთის წარმომადგენლებს, უფლებამოსილება კვლავ გაუხანგრძლივდა. ოპოზიციურმა პარტიებმა ჯამში 91 მანდატი მოიპოვეს. საარჩევნო ბლოკმა, „საქართველოს აღორძინება“ 58 მანდატი მიიღო. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, „აღორძინების კავშირის“ და შესაბამისად, „საქართველოს აღორძინების“ ოპოზიციურ პარტიად განხილვა მართებული არ არის. მათი მანდატების გამოკლების შემთხვევაში, ოპოზიციურ პარტიებს, ჯამში 33 მანდატი დარჩათ, რაც მანდატების საერთო რაოდენობის 14.05%-ია

2003 წლის საპარლამენტო არჩევნების მასშტაბურად გაყალბების გამო, არჩევნების პროპორციული ნაწილი (150 მანდატი) ბათილად ჩაითვალა. არჩევნების შედეგების გაბათილება მაჟორიტარულ ნაწილს (85 მანდატი) არ შეხებია. ხელახალი არჩევნები 2004 წელს ჩატარდა. არჩევნების შედეგად, 152 მანდატი „ნაციონალური მოძრაობა- დემოკრატებმა“ მოიპოვეს. 12 მაჟორიტარ დეპუტატს, როგორ აფხაზეთის წარმომადგენლობას, უფლებამოსილება კვლავ გაუხანგრძლივდა. ოპოზიციამ ჯამში 71 მანდატი მიიღო, რაც მანდატების საერთო რაოდენობის 30.2%-ია.

2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 119 მანდატი მიიღო. ოპოზიციურმა პარტიებმა, ჯამში 31 მანდატი მიიღეს, რაც მანდატების საერთო რაოდენობის 20.6%-ია.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ გადალახა. არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა და 85 მანდატი მოიპოვა. ოპოზიციაში გადასულმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 65 მანდატი მიიღო, რაც მანდატების საერთო რაოდენობის 43.3%-ია.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ 115 მანდატი მიიღო. ოპოზიციურმა საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში 35 მანდატი მიიღეს, რაც მანდატების საერთო რაოდენობის 23.3%-ია.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ოპოზიციურმა პარტიებმა ჯამში 60 საპარლამენტო მანდატი მოიპოვეს, რაც მანდატების საერთო რაოდენობის 40%-ია.

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლევან იოსელიანის განცხადება არის სიმართლე. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, ოპოზიციური პარტიების მიერ მოპოვებული მანდატების პროცენტული წილი მანდატების საერთო რაოდენობაში, უფრო მაღალი, მხოლოდ ერთხელ, 2012 წელს იყო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2012 წელს ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკურმა ძალამ ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი „დამატებითი საშუალებების“ (ადმინისტრაციული რესურსი, კერძო სექტორის კეთილგანწყობა, სამთავრობო მედია საშუალებები და ა.შ.) გამოყენების მიუხედავად, წააგო არჩევნები და საპარლამენტო ოპოზიციის როლში თავად აღმოჩნდა. შესაბამისად, 2012 წლის მაგალითი, ლევან იოსელიანის განცხადების კონტექსტისთვის არარელევანტურია, რადგან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობამ“ მანდატების საერთო რაოდენობის 43.3% მოიპოვა, როგორც ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ და არა, როგორც ოპოზიციურმა პარტიამ.

[1]„ფაქტ-მეტრმა“ ღია წყაროებზე დაყრდნობით 1992 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უმრავლესობის და ოპოზიციის გადანაწილების შესახებ, ინფორმაცია ვერ მოიპოვა. ასევე, უცნობია 75 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეული პირების პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე, შეუძლებელია, დავადგინოთ მე-3 მოწვევის პარლამენტში ვინ წარმოადგენდა საპარლამენტო უმრავლესობას და ვინ უმცირესობას. შესაბამისად, აღნიშნულ გრაფას ცარიელს ვტოვებთ.

[2]არჩევნები გადატანილ იქნა შემდეგ საარჩევნო ოლქებში: ჯავა, ცხინვალი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, გაგრა, გალი, გუდაუთა და ტყვარჩელი.

ფოტო: interpressnews.ge

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

3013 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
ყალბი ამბავი
15%
მეტწილად სიმართლე
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი