იტვირთება

ირაკლი შოთაძე: გაზრდილია ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი, რაც წინა წლებთან შედარებით ფაქტიურად გაორმაგდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი შოთაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: პროკურატურის მონაცემებით, ოჯახურ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, 99%-ით არის გაზრდილი, ანუ თითქმის გაორმაგებულია. ეს მაჩვენებელი 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით - 15,8%-ითაა გაზრდილი. რაც შეეხება 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, ოჯახურ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი უმნიშვნელოდ გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობაც ასევე მკვეთრად გაიზარდა, რასაც ბუნებრივია, შესაძლოა, დევნის დაწყების მაჩვენებლის ზრდაც გამოეწვია. მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში განხორციელებული არაერთი ღონისძიება/ცვლილება ცხადყოფს, რომ ოჯახური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა, როგორც მთავრობის, ისე საქართველოს პროკურატურის, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

ანალიზი

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, საპროკურორო საბჭოს საქმიანობის 2020 წლის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის წარდგენისას შოთაძემ ოჯახურ დანაშაულზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროკურატურა ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს.

მისი თქმით, ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი გაზრდილია, რაც წინა წლებთან შედარებით, ფაქტიურად გაორმაგდა. გარდა ამისა, როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, პროკურორთა მიერ ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელიც, გაზრდილია.

ოჯახური დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის განსაზღვრული[1] მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულია, რომელიც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართაა ჩადენილი. ასეთი დანაშაულების მსხვერპლთა მნიშვნელოვან სეგმენტს ქალები წარმოადგენენ, შესაბამისად, გენდერულად მგრძნობიარე მართლმსაჯულების განხორციელება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

პროკურატურის მონაცემებით, 2020 წელს ოჯახურ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 4 633 პირის მიმართ დაიწყო. გასული წლების დინამიკას თუ შევხედავთ, 2014 წლის შემდეგ, ამ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი თანდათან იმატებს, განსაკუთრებით მკვეთრი მატება კი - 2018 წელს დაფიქსირდა.

2018 წელს ეს მაჩვენებელი, 2017 წელთან შედარებით 99%-ით არის გაზრდილი, ანუ თითქმის გაორმაგებულია, 2019 წელს, 2018-თან - 15,8%-ითაა გაზრდილი. რაც შეეხება 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, ოჯახურ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი უმნიშვნელოდ გაიზარდა.

გრაფიკი 1: პროკურატურის მიერ ოჯახურ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი 2014-2020 წლებში.

წყარო: საქართველოს პროკურატურა

გასათვალისწინებელია, რომ 2018 წლიდან რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობამ მკვეთრად იმატა (იხ. სტატია). გარკვეული მიზეზების გამო, დაუდგენელია, რამ განაპირობა ასეთი ცვლილება. თუ დავუშვებთ, რომ სტატისტიკური მონაცემები გარკვეულწილად რეალურ სურათს ასახავს, მაშინ ოჯახურ დანაშაულებზე დევნის დაწყების მაჩვენებლის ზრდა ლოგიკურია. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ არ ვიცით, რეალურად იმატა, თუ - არა, უკანასკნელ წლებში დანაშაულმა, მათ შორის, ოჯახურმა დანაშაულებმა, პროკურატურის მიერ ოჯახურ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ცალკე აღებული მაჩვენებლით დასკვნებს ვერ გავაკეთებთ.

გარდა დევნის დაწყების მაჩვენებლისა, პროკურორთა მიერ ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელიც გაზრდილია. განსაკუთრებით - გასული ოთხი წლის განმავლობაში. მიდგომის გამკაცრების შემდეგ, საპროცესო შეთანხმებები ბრალდებულებთან პრაქტიკულად აღარ ფორმდება. პროკურატურის მონაცემებით, 2020 წელს სასამართლოში წარდგენილი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობების 94% პატიმრობის მოთხოვნა იყო.

გრაფიკი 2: ოჯახურ დანაშაულებზე პატიმრობის მოთხოვნის პროცენტული მაჩვენებელი 2014-2020 წლებში

წყარო: საქართველოს პროკურატურა

2020 წელს, 2016 წელთან შედარებით, ოჯახურ ძალადობაზე პატიმრობის მოთხოვნა დაახლოებით გაორმაგებულია, ხოლო 2014 წელთან შედარებით, ანალოგიური მაჩვენებელი 6,7-ჯერაა გაზრდილი. ეს იმას ნიშნავს, დანაშაულის აღრიცხვიანობის მეთოდოლოგიის დახვეწასთან ერთად, რეგისტრირებულ ოჯახურ დანაშაულებზე პროკურატურის მხრიდან რეაგირების კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლაა.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულის სპეციფიკური ბუნებიდან და მისი არაერთჯერადი ხასიათიდან გამომდინარე, აღკვეთის ღონისძიების შერჩევას დიდი დატვირთვა აქვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პატიმრობის შეფარდების საკითხია, რაც დაზარალებულისთვის შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი საგრძნობლადაა გაზრდილი, სასამართლოს მიერ ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილების მაჩვენებელი უკანასკნელ წლებში გარკვეულწილად მცირდება.

გრაფიკი 3: ოჯახურ დანაშაულებზე მოთხოვნილი პატიმრობის დაკმაყოფილების მაჩვენებელი 2014-2020 წლებში.

წყარო: საქართველოს პროკურატურა

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. შესაბამისად, ამ მხრივ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მიუხედავად ამისა, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და ასეთ დანაშაულებზე ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება, პროკურატურისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) პოლიტიკის დოკუმენტი შეიმუშავა, რომელიც დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში პროკურატურის წინაშე არსებულ გამოწვევებს ეხება.

ორგანიზაციის მიერ მომზადებულ 2020 წლის პოლიტიკის დოკუმენტში[2] აღნიშნულია, რომ ოჯახური დანაშაულების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით სპეციალიზებულ პროკურორთა დატვირთულობა მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

იქვე აღნიშნულია, რომ ოჯახური დანაშაულის შემთხვევაში ბრალად წარდგენილი მუხლით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის ობიექტური მხარის სრულყოფილად დასაბუთება და მისი სიღრმისეული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული არგუმენტებით გამყარება, პროკურატურისთვის გამოწვევად რჩება.

დოკუმენტში, ასევე საუბარია, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების/ძალაში დატოვების მოთხოვნის დროს პროკურატურის მხრიდან დასაბუთებულობის პრობლემაზეც. სწორედ ამ გარემოებით უნდა იყოს გამოწვეული ის ფაქტი, რომ, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ (გრაფიკი 3), სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის მოთხოვნის დაკმაყოფილების მაჩვენებელი არც თუ ისე მაღალია.

დოკუმენტში კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემად მოწმეთა დაკითხვის დროს პროკურორთა პასიურობა და დაზარალებულთან ბრალდების მხარის კომუნიკაციის სისუსტე არის დასახელებული.

მოცემული ანალიზის შედეგად, შეიძლება ითქვას, მიუხედავად ზემოთ ხსენებული გამოწვევებისა, პროკურატურის მიდგომა ოჯახურ დანაშაულებთან მიმართებით უმჯობესდება. ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი ფაქტობრივად გაზრდილია. დადებითად უნდა შეფასდეს პროკურატურის მიერ ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის საგრძნობლად გაზრდილი მაჩვენებელიც, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ასეთ მოთხოვნებს ნაკლებად აკმაყოფილებს. აქედან გამომდინარე, ირაკლი შოთაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

[1] კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები.

[2] პოლიტიკის დოკუმენტი დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში პროკურატურის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.

ფოტო: netgazeti.ge

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

2925 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი