დეზინფორმაცია: 500 ლარი ყველა ოჯახს 6 თვის განმავლობაში

ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება

ანალიზი

clickbait ვებგვერდებმა (ვებგვერდი, რომელიც ინტერნეტში მნახველთა წახალისების მიზნით, ისეთ მასალას ავრცელებს, რომელიც ბმულზე გადასასვლელად მკითხველის ყურადღების მიპყრობას ცდილობს) – myposts.ru, sportery.ge, siaxleebi.com.ge - მანიპულაციური სახის ინფორმაცია (იხილეთ სურათებზე) გაავრცელეს.

სტატიის სათაურისა და სურათის ერთობლიობას მკითხველი შეცდომაში შეჰყავს. Facebook-ზე აღნიშნული სტატიის გაზიარების დროს კი მხოლოდ სათაური და სურათი ჩანს. მისი ნახვისას მკითხველს შთაბეჭდილება რჩება, თითქოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თითოეულ ოჯახს 500-ლარიან დახმარებას ჰპირდება და მსგავსი მანიპულაციური სათაური მათ სტატიაზე გადასვლისკენ უბიძგებს, რაც clickbait-ის კლასიკური მახასიათებელია (ინტერნეტში გავრცელებული მასალა, რომლის მიზანი ყურადღების მიპყრობა და ბმულზე გადასასვლელად მნახველთა წახალისებაა).

გიორგი გახარია თითოეული ოჯახისთვის 6 თვის განმავლობაში 500 ლარის გადაცემას რომ არ აანონსებს, თავად სტატიის ტექსტიდანაც ჩანს. სტატიის ძირითად ტექსტში ეკონომისტ ირაკლი ყიფიანის მიერ გადაცემა „დღის სტუმარში“ გაჟღერებული ინიციატივის შესახებაა საუბარი. აღსანიშნავია, რომ სტატიის სათაური ირაკლი ყიფიანის მიერ გადაცემაში გაკეთებულ განცხადებასაც არ შეესაბამება. მისი ინიციატივა თითოეული ოჯახისთვის 3 თვის განმავლობაში ათასი ლარის გადაცემის გეგმას გულისხმობდა და არა - 6 თვის განმავლობაში 500 ლარის, როგორც სტატიის ტექსტშია მოცემული. შესაბამისად, დასახელებული ვებგვერდების მიერ გავრცელებული ინფორმაციის სათაური, მცდარია. აგრეთვე, მოცემული სათაურის გიორგი გახარიას სურათთან ერთად გავრცელებაც, მანიპულაციურია. თავად სტატიის ტექსტში მოწოდებული ინფორმაცია სწორია, თუმცა სათაურთან და თანდართულ სურათთან საერთო არაფერი აქვს.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები: