დეზინფორმაცია: COVID-ის პანდემია წინასწარ არის დაგეგმილი

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი

8 იანვარს Facebook-გვერდზე qadageba.ge მამა ათანასეს (ხაბეიშვილი) ვიდეო-მიმართვა გამოქვეყნდა, სადაც მას რამდენიმე „მტკიცებულება“ მოჰყავს, იმასთან დაკავშირებით, რომ „კორონავირუსის პანდემია დაგეგმილია“. ვიდეოში მოყვანილი ფაქტები რეალურ საფუძველს მოკლებულია და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

მტკიცება 1: კორონავირუსის გავრცელებამდე 4 წლით ადრე რიჩარდ როტშილდმა ნიდერლანდების სამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად COVID-19-ის ტესტირების სისტემა და მეთოდი დააპატენტა.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

აღნიშნულმა დეზინფორმაციამ უკვე რამდენიმე თვეა, რაც ინტერნეტ სივრცე მოიცვა და უცხოური ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების ყურადღებაც მიიპყრო (ბმული 1, ბმული 2). დეზინფორმაცია სათავეს სავარაუდოდ, კონსპირაციულ ვებგვერდზე, silview.media-ზე გამოქვეყნებული სტატიიდან იღებს. სტატიაში საუბარია, იმაზე, რომ მიმდინარე პანდემია არის როტშილდების საგვარეულოს, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომლობით დაგეგმილი „მასკარადი“. მასალაში თანდართული ფოტო ნიდერლანდური ვებგვერდიდანაა შემდეგი წარწერით „COVID-19-ის ტესტირების სისტემა და მეთოდი“, ასევე მითითებულია თარიღი: 2015/10/13 და რიჩარდ როტშილდის სახელი. სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით სტატიაში ირწმუნებიან, რომ კორონავირუსის პანდემია გავრცელებამდე ჯერ კიდევ 4 წლით ადრე დაიგეგმა.

რეალურად, კორონავირუსი არა ერთი კონკრეტული ვირუსის, არამედ მსგავსი ტიპის ვირუსების ოჯახის სახელწოდებაა. რიჩარდ როტშილდმა 2015 წლის 13 ოქტომბერს ტესტირების პატენტის დროებითი განაცხადი კორონავირუსის ოჯახის ერთ-ერთი ვირუსისთვის შეიტანა. ამის შემდეგ რეგულარული, არასავალდებულო პატენტების განცხადებები გაკეთდა ბიომეტრიული მონაცემების სისტემის შესაქმნელად. აღნიშნული პატენტები COVID-19-ის წინამორბედებია და COVID-19 მათ მონაცემებს იზიარებს. თუმცა ტესტის პატენტი, რომელიც COVID-19-ის ბიომეტრიულ მონაცემებს შეიცავს 2020 წლის 17 მაისს დაარეგისტრირეს.

მტკიცება 2: World Integrated Trade Solution-მა (WITS) 2017-2018 წლებში მსოფლიოში COVID-19-ის ასობით მილიონი ტესტი გაავრცელა.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

World Integrated Trade Solution (WITS) არის მსოფლიო ბანკის მიერ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან (მათ შორის, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენცია (UNCTAD), საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი (ITC), გაეროს სტატისტიკური განყოფილება (UNSD) და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (WTO)) მჭიდრო თანამშრომლობითა და კონსულტაციით შემუშავებული პროგრამა. WITS მომხმარებლებს სხვადასხვა სავაჭრო ორგანიზაციის ვაჭრობისა და ტარიფების შესახებ ინფორმაციის მიღების საშუალებას აძლევს. WITS-ის ვებგვერდზე მონაცემთა ბაზა სხვადასხვა ქიმიური პრეპარატის შესახებ არის ხელმისაწვდომი.

მსოფლიო ბანკის განცხადებით, 2020 წლის აპრილში მათ ქიმიური პრეპარატების კატეგორიები გადაახარისხეს და მათთან დაკავშირებული 2017 და 2018 წლის მონაცემები განაახლეს, რათა COVID-19-თან საბრძოლველად განკუთვნილი საშუალებები ერთ კატეგორიაში დაეჯგუფებინათ. ამასთან ერთად, ზედმეტი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, მსოფლიო ბანკმა განახლებულ ბაზას განცხადება დაურთო, რომ „აქ მოცემული მონაცემები ბაზაში უკვე არსებულ ქიმიურ პრეპარატებს შეესაბამება, რომლებიც COVID-19-ის დაძლევისთვის შესაბამის პრეპარატებად ახლა არის კლასიფიცირებული“. შესაბამისად, მტკიცება, რომ WITS-მა 2017-2018 წლებში ასობით მილიონი ტესტი გაავრცელა, რეალური მონაცემების არასწორ ინტერპრეტაციას ემყარება და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

მტკიცება 3: კორონავირუსის აფეთქებამდე რამდენიმე თვით ადრე ბილ გეითსმა ორგანიზება გაუკეთა „ღონისძიება 201-ს“, რომელიც კორონავირუსის პანდემიის წინასწარშემუშავებულ გეგმას წარმოადგენს.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სინამდვილეში, „ღონისძიება 201“ 2019 წლის 18 ოქტომბერს ნიუ-იორკში, სასტუმრო პიერში (The Pierre hotel) გამართულ სიმულაციური, სცენარზე დაფუძნებული დისკუსიების სერიას წარმოადგენდა, რომელიც მიზნად შესაძლო გლობალურ გამოწვევებთან და მსოფლიო კრიზისებთან გასამკლავებლად გადაწყვეტილების მიმღები პირების ცნობიერების და მომზადების დონის გაზრდას ისახავდა. ჯონ ჰოპკინსის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრმა კითხვაზე - იყო, თუ - არა, აღნიშნული სიმულაცია მიმდინარე პანდემიის წინასწარმეტყველება, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მართალია, მათ შექმნეს პანდემიის გამოგონილი სცენარი, თუმცა ეს მოვლენების წინასწარი პროგნოზი არ იყო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ღონისძიება 201“ ჯონ ჰოპკინსის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრის მიერ ჩატარებულ პირველი სიმულაციური სწავლება არ არის. მსგავსი სახის ღონისძიებებს ცენტრი 2001 წლიდან ატარებს. მაგალითად, 2001 წელს ღონისძიება სახელწოდებით „Dark Winter“ გაიმართა, 2005 წელს - „Atlantic Storm“, 2018 წელს კი ცენტრმა პანდემიის სიმულაციური ღონისძიება სახელწოდებით „Clade X“ მოაწყო.

ამდენად, სიმულაციური თამაშების ინტერპრეტაციით კორონავირუსის წინასწარ დაგეგმილ პანდემიად გამოცხადება, აბსურდულია. ყოველწლიურად ათასობით სხვადასხვა სიმულაცია ტარდება - მათ შორის საქართველოშიც და ყოველთვის არსებობს შანსი, რომ რაც სიმულაციაში ხდება, რეალობაშიც განმეორდეს. ვიდეოში გაჟღერებული გავრცელებული ინფორმაციაც ამგვარი სიმულაციების მანიპულაციურად ახსნაა და კონსპირაციული თეორიებით მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

მტკიცება 4: როკფელერის 2010 წლის დოკუმენტში - „მომავლის სცენარი“ კორონავირუსის მიმდინარე პანდემია ჯერ კიდევ 10 წლით ადრე იქნა ნაწინასწარმეტყველები.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

რეალურად, 2010 წლის მაისში როკფელერის ფონდისა და გლობალური ბიზნეს ქსელის (GBN) ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელშიც ტექნოლოგიების მომავლისა და საერთაშორისო განვითარების 4 შესაძლო სცენარია განხილული. სცენარები ჰიპოთეზების ერთობლიობას წარმოადგენს და ამა თუ იმ სახის გლობალური პრობლემის წამოჭრის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღებებს მეტი მზაობის შესაძლებლობას აძლევს. ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, 2012 წელს მსოფლიო პანდემიამ მოიცვა. გარეული ბატებისგან გავრცელებული მომაკვდინებელი ვირუსით 7 თვეში მსოფლიო მოსახლეობის 20% დაინფიცირდა და 8 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. მათ უმრავლესობას ჯანმრთელი ახალგაზრდები წარმოადგენდნენ. პანდემიის დარტყმა მაღალგანვითარებული ქვეყნების ეკონომიკისთვისაც მომაკვდინებელი აღმოჩნდა. ჩინეთმა ყველა საჭირო ზომა, სავალდებულო კარანტინიდან დაწყებული საზღვრების ჩაკეტვით და ქვეყნის იზოლაციით დამთავრებული, სწრაფად შეიმუშავა. სწორედ ამიტომ, ქვეყანამ პანდემია პირველმა გადალახა.

ფაქტია, რომ სცენარში გაცილებით დიდ მასშტაბებზეა საუბარი და ამავე დროს მოქმედება არა 2019-2020 წლებში, არამედ 2012 წელს ვითარდება. ასევე დოკუმენტის დასაწყისში ხაზგასმით და მკაფიოდაა აღნიშნული, რომ მოცემული სცენარები მომავლის პროგნოზი არ არის, ეს არის ჰიპოთეზების ერთობლიობა, რომელთა საშუალებითაც სხვადასხვა სფეროში (ეკონომიკა, პოლიტიკა, ეკოლოგია და ა.შ) არსებული ჩავარდნების შესახებ წარმოდგენა გვექმნება და ამა თუ იმ სახის გლობალური პრობლემის წამოჭრის შემთხვევაში მეტი მზაობის შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

მტკიცება 5: COVID-19-ის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინა ადამიანის დნმ-ის შეცვლას ისახავს მიზნად

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

დეზინფორმაცია, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ადამიანის დნმ-ს ცვლის ვაქცინაზე მუშაობის დაწყების პირველივე დღეებიდან აქტიურად ვრცელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა.

სავარაუდოდ, აღნიშნული მტკიცება ვაქცინის ერთ-ერთი ტიპის, დნმ-ის ვაქცინის არსებობას უკავშირდება. ზოგადად, ყველა ტიპის ვაქცინის საერთო ფუნქცია ორგანიზმში ანტისხეულების წარმოქმნაა. დნმ ვაქცინა არაინფიცირებულ პაციენტში იმუნური პასუხის სტიმულირებისთვის ვირუსის გენეტიკური კოდის მცირე ნაწილის (დნმ ან რნმ) შეყვანას გულისხმობს. ვაქცინებისა და გენეტიკური მოდიფიკაციის შესახებ კორნელის უნივერსიტეტის სამეცნიერო ალიანსის ჯგუფის მოწვეული მკვლევარი, მარკ ლინასი Reuters-თან საუბრობს. მისი თქმით, არც ერთი ტიპის ვაქცინას, მათ შორის დნმ-ის ვაქცინას, ადამიანის ორგანიზმის უჯრედის ბირთვთან შეხება არ აქვს და შესაბამისად, მასში ცვლილებებსაც არ იწვევს. გენეტიკური მოდიფიკაციისას კი სწორედ უჯრედის ბირთვში ხდება უცხო დნმ-ის შეყვანა. ვაქცინები კი ამ პრინციპით არ მოქმედებენ. შესაბამისად, ადამიანის ორგანიზმში მისი შეყვანა ადამიანის გენეტიკურ კოდზე გავლენას ვერ მოახდენს და მით უმეტეს, მას ვერ შეცვლის.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები: