მიხეილ სააკაშვილი: როდესაც მე გავხდი პრეზიდენტი, მშპ ერთ სულზე იყო 980 დოლარი, როდესაც დავამთავრე პრეზიდენტობა იყო 4000 დოლარი ერთ სულ მოსახლეზე. ივანიშვილის [ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის] განმავლობაში ეკონომიკა გაიზარდა 0% დოლარებში. ჩვენ დროს 4-ჯერ, მის დროს 0%-ით
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება
რეზიუმე: ცალკეული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტენდენციის შეფასების ფართოდ მიღებული ობიექტური საზომი ეროვნულ ვალუტაში დათვლილი რეალური მთლიანი შიდა პროდუქტია, რომელიც ფასების ზრდის გავლენას ითვალისწინებს და ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე ობიექტურ წარმოდგენას ქმნის. ბუნებრივია ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაცია, მშპ-ს დინამიკას სწორედ აღნიშნული მაჩვენებლით აფასებს.
მცდარია მტკიცება, თითქოს 2012-2019 წლებში ნულოვანი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდებოდა. აღნიშნულ პერიოდში, რეალური მშპ ერთ სულზე დაახლოებით 32.7%-ით გაიზარდა. 2012-2019 წლებში, არცერთ წელს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი/მშპ ერთ სულზე ქვეყანაში არ შემცირებულა და შედარებით დაბალი ტემპით, მაგრამ მაინც იზრდებოდა. უშუალოდ 2003-2012 წლებში, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე 81%-ით გაიზარდა, ანუ 1.81-ჯერ და არა 4-ჯერ. ოთხჯერ მხოლოდ ნომინალური მშპ ერთ სულზე (დოლარი) გაიზარდა, 1009 დოლარიდან 4249 დოლარამდე, თუმცა ამ მაჩვენებლით ხელმძღვანელობა სხვადასხვა დროის ეკონომიკური მდგომარეობის შესადარებლად არასწორია.
განცხადებაში გამოყენებულია მონაცემები, რომლებიც ფაქტობრივად სწორია, თუმცა მონაცემების არასწორად ინტერპრეტირების/არასწორი მიზნით გამოყენების შედეგად ეკონომიკური განვითარების რეალური სურათი დამახინჯებულია. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის განცხადება ფაქტებით მანიპულირებას წარმოადგენს.
ანალიზი:
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, TV პირველის ეთერში განაცხადა: „როდესაც მე გავხდი პრეზიდენტი, მშპ ერთ სულზე იყო 980 დოლარი, როდესაც დავამთავრე პრეზიდენტობა იყო 4000 დოლარი ერთ სულ მოსახლეზე. ივანიშვილის განმავლობაში ეკონომიკა გაიზარდა 0% დოლარებში. ჩვენ დროს 4-ჯერ, მის დროს 0%-ით“.
მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) დროის გარკვეულ პერიოდში ქვეყნის შიგნით საბოლოო მოხმარებისთვის წარმოებული საქონლისა და მომსახურების მოცულობას აჩვენებს, რაც ქვეყნის ეკონომიკის ზომისა და მასშტაბების საზომია. მშპ-ს მოცულობის განსაზღვრა არაერთი მაჩვენებლით არის შესაძლებელი (ნომინალური მშპ, რეალური მშპ, სხვა ვალუტაში გადაყვანილი მშპ და ა.შ), თუმცა მათი უნარი, ტენდენცია აღწეროს, უნივერსალური არ არის.
ცალკეული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტენდენციის შეფასების ფართოდ მიღებული ობიექტური საზომი ეროვნულ ვალუტაში დათვლილი რეალური მთლიანი შიდა პროდუქტია, რომელიც ფასების ზრდის გავლენას ითვალისწინებს და ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე ობიექტურ წარმოდგენას ქმნის. ბუნებრივია, ყველა ავტორიტეტული ორგანიზაცია, მშპ-ს დინამიკას სწორედ აღნიშნული მაჩვენებლით აფასებს. ანალიზისთვის არარელევანტური ერთეულის შერჩევას მცდარ დასკვნამდე მივყავართ. მაგალითად - ნომინალური მშპ ინფლაციური პროცესების გავლენისაგან თავისუფალი არ არის და მისი გამოყენება დროში ანალიზისთვის (სხვადასხვა წლის მონაცემის ერთმანეთთან შედარება) არასწორია. კიდევ უფრო არასწორია ნომინალური მშპ-ს დოლარში კონვერტირებული მაჩვენებელი, რომელიც გარდა ინფლაციისა, დამატებით სავალუტო რყევების გავლენას მოიცავს და რეალურ ტენდენციას ამახინჯებს. მოცემულ შემთხვევაში სწორედ ეს მაჩვენებელი გამოიყენება ანალიზისთვის, რომელიც არსებულ ალტერნატივებს შორის ყველაზე მცდარ სურათს აჩვენებს.
ცხრილი 1. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე 2012-2019 წლებში (რეალური მშპ მოცემულია 2015 წლის ფასებში)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2012-2019 წლებში, რეალური (2015 წლის ფასებში) მშპ ერთ სულზე 32.7%-ით გაიზარდა, 8.1 ათასი ლარიდან 10.8 ათას ლარამდე. მეორე მხრივ, ნომინალური მშპ ერთ სულზე, გამოსახული დოლარში გაიზარდა 6.2%-ით, 4422 აშშ დოლარიდან 4696 აშშ დოლარამდე, ხოლო რეალური, დოლარში გამოსახული მშპ ერთ სულზე 22.3%-ით შემცირდა, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, დასახელებული მაჩვენებლების გამოყენება ეკონომიკური ზრდის დინამიკის შეფასებისთვის, მართებული არ არის. რა თქმა უნდა, ეროვნული ვალუტის კურსის შემცირებას მთელი რიგი უარყოფითი შედეგები აქვს. მათ შორის, სესხის მომსახურების წნეხი იმ პირთათვის იმატებს, ვისაც შემოსავალი ლარში, ხოლო ვალდებულები უცხოურ ვალუტაში აქვს, იმპორტის ნაწილს, მოგზაურობას უცხოეთში და ა.შ. აძვირებს. თუმცა, ამის მიუხედავად, მოსახლეობის შემოსავლების დინამიკის განხილვისას დოლარში კონვერტაცია არასწორია, ვინაიდან საქართველოში ანგარიშსწორების ერთეულს ლარი წარმოადგენს, მოსახლეობის ხარჯებიც ძირითადად ლარშია გამოსახული. თავის მხრივ საკურსო ცვლილების გავლენას მსყიდველუნარიანობაზე ინფლაციის მაჩვენებელი საკუთარ თავში მოიცავს და ლარში გამოსახული რეალური მშპ-ს გამოყენებისას ეს ეფექტი სწორად არის გათვალისწინებული. შესაბამისად, არასწორია მიდგომა, რომ საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ნულოვანია (იხ. გრაფიკი 1). სინამდვილეში, 2012-2019 წლებში, არცერთ წელს მთლიანი შიდა პროდუქტი ქვეყანაში არ შემცირებულა [1] და შედარებით დაბალი ტემპით, მაგრამ იზრდებოდა. შესაბამისად, კრიტიკა მშპ-ს ზრდის ტემპის ვარდნაზე უნდა იყოს მიმართული და არა - მშპ-ს შემცირებაზე.
გრაფიკი 1: რეალური მშპ-ს ცვლილების დინამიკა 2012-2019 წლებში (მლნ ლარი, რეალური % ზრდა)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
დამატებით განმარტებას საჭიროებს ფაქტი, რომ რომ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალი მეთოდოლოგიის დამკვიდრების შედეგად მიღებული მთლიანი შიდა პროდუქტის ახალი მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რამაც საქართველოს მშპ-ს მაჩვენებლის ზრდა გამოიწვია. სხვადასხვა წლებში ზრდა განსხვავებულია. შესწორებებს მშპ-ს მონაცემები 2010 წლის შემდგომ დაექვემდებარა, შესაბამისად, 2003-2012 წლების შედარებისთვის გამოყენებულია ძველი მეთოდოლოგიით დათვლილი მონაცემები, რაც მშპ-ს დინამიკის გამოთვლის ვალიდურ წყაროს წარმოადგენს (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
ეას 1993 მეთოდოლოგიით, 2003-2012 წლებში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე, ანუ რეალური ეკონომიკა ეროვნულ ვალუტაში გაიზარდა 81%-ით, ანუ 1.81-ჯერ და არა 4-ჯერ, როგორც ექს-პრეზიდენტმა განაცხადა. 4-ჯერ, ანუ 300%-ით ზრდა, ფიქსირდება მხოლოდ ერთ სულზე დოლარში დათვლილი ნომინალური მშპ-ს შემთხვევაში, რა მაჩვენებლითაც სხვადასხვა დროში არსებული ეკონომიკური ვითარების შეფასება არასწორია, ვინაიდან ეს მაჩვენებელი არ არის თავისუფალი მშპ-ს მაჩვენებელზე სავალუტო რყევებისა და ინფლაციის გავლენისაგან. შესაბამისად, ეს სიდიდე დროში ეკონომიკის ცვლილების შესაფასებლად განმცხადებელმა მანიპულაციურად გამოიყენა.
ცხრილი 2: მშპ ერთ სულზე 2003-2012 წლებში (რეალური მშპ მოცემულია 2010 წლის ფასებში)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
დოლარში კონვერტირებული მშპ-ს ანალიზისათვის გამოყენების სპეკულაციურობის ხაზგასასმელად შესაძლებელია, ცალკეული მაგალითების განხილვა. ასეთ მაგალითად, შეგვიძლია, მოვიყვანოთ ნორვეგიის შემთხვევა, სადაც ნორვეგიული კრონის დოლართან გაუფასურების შედეგად, 2015 წელს, დოლარში გამოსახული ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე 23 ათასი აშშ დოლარით შემცირდა და 74 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2014 წელს ის 97 ათას აშშ დოლარს შეადგენდა. სინამდვილეში ნორვეგიის ეკონომიკის რეალური მოცულობა არ შემცირებულა და არასწორი მონაცემის აღებას შეცდომაში შევყავართ. მსგავსი კლება სხვა რიგი ქვეყნების შემთხვევაშიც აღინიშნა, რადგან 2014 წლის მეორე ნახევარში დოლარი მსოფლიო მასშტაბით გამყარდა.
გრაფიკი 2: მშპ-ს აგრეგატების მერყეობა რეალურ (2015 წლის ფასებში) მშპ-თან შედარებით, (მლნ ლარი, მლნ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
საქართველოს მაგალითზე, განსხვავებული მონაცემების მერყეობის დინამიკა გამოსახულია გრაფიკ 2-ზე. წლების განმავლობაში, მონაცემებს შორის აცდენა საკმაოდ მნიშვნელოვანია, ფასების დონისა და ვალუტის კურსის მერყეობის გამო, შესაბამისად, სხვადასხვა მიზნებიდან გამომდინარე, დინამიკის შეფასებისას, ერთ-ერთი მათგანის არჩევა მანიპულირების საშუალებას იძლევა. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, მათ შორის მშპ-ს დინამიკას ყველაზე ზუსტად რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი ასახავს, რომელიც წითელ უწყვეტ მრუდზეა გამოსახული.
[1] პანდემიის პირობებში 2020 წელი იქნება პირველი პერიოდი 2009 წლის შემდგომ როცა ქვეყანაში მშპ მართლაც შემცირდება.