იტვირთება

დეზინფორმაცია: B17 კიბოს უჯრედებს ამარცხებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი

ქართულ სოციალურ ქსელებში პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვიტამინი B17 კიბოს უჯრედებს ებრძვის და ნებისმიერ ავთვისებიან სიმსივნეს კურნავს. ამ მოსაზრების მიხედვით, კიბოს კონკრეტული ვიტამინის (B17) ნაკლებობა იწვევს. შესაბამისად, ვიტამინი B17, რომელიც მოიპოვება სხვადასხვა ხილის კურკებში, კიბოსგან განკურნების გასაღებს წარმოადგენს. მოსაზრების ავტორების მიხედვით, სამედიცინო ინდუსტრიის გიგანტი კომპანიები ამ მარტივი მეთოდის შესახებ ინფორმაციას საგულდაგულოდ მალავენ, რათა კიბოს მკურნალობისგან მიღებული ფინანსური სარგებელი შეინარჩუნონ.

რა არის ვიტამინი B17

ვიტამინი B17, იგივე ამიგდალინი (ბერძნულიდან ἀμυγδαλή „ამიგდალე“ - ნუში), მწარე ნუშის ფოთლებსა და თესლებში, აგრეთვე ატმის, ქლიავის, ვაშლის, გარგარის და ალუბლის თესლებში არსებული გლუკოზიდების კლასის ბუნებრივი ორგანული ნაერთია. აღსანიშნავია, რომ ამიგდალინი ბიოქიმიური თვალსაზრისით ვიტამინი არ არის და ის ბუნებრივად ადამიანის ორგანიზმშიც არ გვხვდება.

ამიგდალინი კლასიფიცირდება როგორც ციანოგენური გლიკოზიდი. ამიგდალინის თითოეული მოლეკულა ნიტრილების ჯგუფის ნაერთს შეიცავს, რომლებიც ორგანიზმში საკვები გზით მოხვედრისას, საჭმლის მომნელებელ სისტემაში არსებულ ფერმენტ ბეტა-გლუკოზიდთან ურთიერთქმედებისას სამ ნივთიერებად - წყალბადის ციანიდი, ბენზალდეჰიდი და პრუნაზინი, იშლება. აქედან, ჯანმრთელობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წყალბადის ციანიდია, რომელსაც ორგანიზმში უჯრედულ დონეზე ზემოქმედების უნარი გააჩნია და მისი გარკვეული ოდენობით მიღებას ორგანიზმის მოწამვლა და ლეტალური შედეგის გამოწვევაც კი შეუძლია.

ამიგდალინის ნახევრად სინთეზური ვარიაცია ლაეთრილია (laetrile), რომელიც 1952 წელს დოქტორმა ერნსტ კრებს უმცროსმა შექმნა. ლაეთრილი, ნივთიერება ლაევო-მანდელონიტრილის (laevo-mandelonitrile) გლუკოზიდის სრული დასახელების შეკვეცით მიღებული სახელია (laevo-დან lae და mandelonitrile-დან trile). ამიგდალინი და ლაეთრილი სხვადასხვა ქიმიური ნაერთებია, თუმცა მათ ხშირად ერთი და იმავე მნიშვნელობით ხმარობენ. გარკვეული ჯგუფების მიერ სწორედ ფარმაცევტული პროდუქტი, ლაეთრილი (კონცენტრირებული ამიგდალინი) მიიჩნევა კიბოს სამკურნალო საშუალებად.

ლაეთრილი განსაკუთრებით პოპულარული კიბოს სამკურნალო ალტერნატიული საშუალება 1960-70-იან წლებში იყო. უიმედო მდგომარეობაში მყოფი პაციენტები ხშირად მიმართავდნენ პრეპარატს, როგორც კიბოსთან ბრძოლის ალტერნატიულ საშუალებას. ლაეთრილის ირგვლივ არსებული მრავალი დაუსაბუთებელი მტკიცებისა და საეჭვო შედეგების გაქარწყლება 1980-იან წლებში მოხდა, როდესაც მისი ეფექტიანობის გასაზომად პირველი სერიოზული კლინიკური ცდები ჩატარდა. 1982 წელს კიბოთი დაავადებულ პაციენტებთან ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლაეთრილის მოქმედება არც კიბოს განვითარებას აფერხებს და ვერც პაციენტების სიცოცხლის გახანგრძლივებას უწყობს ხელს. კვლევებით ასევე დადგინდა პრეპარატის ზემოქმედებით გამოწვეული ძლიერი გვერდითი ეფექტები, რომლებიც ციანიდით მოწამვლის იდენტურია: გულისრევის შეგრძნება და ღებინება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კანის ლურჯი შეფერილობა (გამოწვეული სისხლში ჟანგბადის დონის ცვლილებით), ღვიძლის დაზიანება, დაბალი წნევა, მოდუნებული ზედა ქუთუთოები, სიარულის გართულება (დაზიანებული ნერვების გამო), სიცხე, დაბნეულობა (კონფუზია), კომა და სიკვდილი. ამიგდალინი განსაკუთრებით მომწამვლელია, როცა პრეპარატის მიღება ტაბლეტების ან მცენარეული ფორმით ხდება. პრეპარატის გამოყენება ამერიკის რამდენიმე შტატმა მალევე აკრძალა.

ლაეთრილის (ამიგდალინის) მომხრეებმა, 60-70-იან წლებში, პრეპარატის მოქმედების ეფექტიანობის დასამტკიცებლად ორგანიზმზე მისი ზემოქმედების სამედიცინო თეორიაც კი წამოაყენეს. ამ თეორიის მიხედვით, რადგან ამიგდალინი (ლაეთრილი) ორგანიზმში მოხვედრისას ბეტა-გლუკოზიდის ფერმენტებთან ურთიერთქმედებით წყალბადის ციანიდად იშლებოდა, მას უნარი შესწევს სიმსივნური უჯრედები გაანადგუროს. თეორია მტკიცებას ეფუძნებოდა, რომ მსგავს ფერმენტებს (ბეტა-გლუკოზიდები) სიმსივნური უჯრედები განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავენ. შესაბამისად, ამიგდალინი (ლაეთრილი) სამიზნეში სწორედ კიბოს უჯრედებს იღებს და მათ ისე ანადგურებს, რომ ჯანმრთელი ქსოვილები მინიმალურად ზიანდება.

თუმცა, ეს მოსაზრება 80-იან წლებში უარყვეს. ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ იმ ფერმენტების რაოდენობა, რომელიც ამიგდალინის (ლაეთრილის) წყალბადის ციანიდად დაშლას და შემდეგ უჯრედების განადგურებას იწვევს, გაცილებით მეტი ღვიძლში, თირკმელსა და ნაწლავებშია, ვიდრე სიმსივნურ უჯრედებში. შესაბამისად მტკიცება, რომ ამიგდალინს (ლაეთრილს) შესწევს უნარი, სიმსივნური უჯრედები სელექციურად სამიზნეში ამოიღოს, სიმართლეს არ შეესაბამება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცება, რომ ამიგდალინი (ლაეთრილი) კიბოს კურნავს ან მის წარმოქმნას ხელს უშლის, მეცნიერულად დაუსაბუთებელი და მცდარი მოსაზრებაა.

ძლიერი მომწამვლელი თვისებების და სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი ჩვენებების გამო პრეპარატის და განსაკუთრებით ამიგდალინის შემცველი მცენარეული საკვების (მწარე ნუშის ფოთლები და თესლები, აგრეთვე ატმის, ქლიავის, ვაშლის, გარგარის და ალუბლის თესლები) დიდი რაოდენობით თვითნებურად მიღება დაუშვებელია!

--------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3553 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
ყალბი ამბავი
7%

ყველაზე კითხვადი