დეზინფორმაცია: ადამიანები არა COVID-19-ით არამედ კოსმოსიდან მომავალი დასხივების გამო იღუპებიან
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
ანალიზი
Facebook-ში სოციალური ქსელის მომხმარებლის მიერ COVID-19-ის პანდემიის შესახებ შეთქმულების კიდევ ერთი თეორია ვრცელდება. მისი მიხედვით, მსოფლიოში ადამიანების ჯანმრთელობის შერყევისა და გარდაცვალების ძირითადი მიზეზი არა კორონავირუსი SARS-CoV-2 და მის მიერ გამოწვეული დაავადება COVID-19, არამედ დედამიწის მიმართ „კოსმოსიდან მომდინარე რადიაცია და დასხივებაა“.
შეთქმულების თეორიის მიხედვით, „გარკვეული ციკლის დროს კოსმოსი ატარებს თავის რესტარტს, ანუ განწმენდას“, ზუსტად ისე, როგორც კომპიუტერი. ამჟამად კი, „ვირუსული ობიექტი, რომლისგანაც კოსმოსი განიწმინდება პლანეტა დედამიწაა, რადგან აქ დიდი რაოდენობით ნეგატივი დაგროვდა“. შეთქმულების თეორიის მიხედვით, იმის გამო, რომ დედამიწა ადამიანების არასწორი ქმედებებით დაბინძურებულია, ატმოსფერული დამცავი შრეები, რაც დედამიწის გარშემოა, „კოსმოსის მიერ არის მოხსნილი“. ამდენად, დედამიწა კოლოსალური დასხივების ქვეშაა, რასაც ადამიანები ეწირებიან. ავტორი გამოსავლად ადამიანების მიერ საკუთარი თავის „განწმენდის ფუნქციის ჩართვას“ მიიჩნევს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შეთქმულების თეორიის ავტორი 5G-ის ანძებს პოზიტიურ კონტექსტში მოიხსენიებს. კერძოდ, ის 5G-ის ანძების შექმნას, დედამიწის რადიაციისგან დაცვას უკავშირებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია 5G ინტერნეტის შესახებ).
COVID-19-ის პანდემიის განმავლობაში ადამიანების ჯანმრთელობის შერყევისა და გარდაცვალების მიზეზად კოსმოსიდან მომდინარე რადიაციის დასახელება, აბსურდული მტკიცებაა, რაც ფაქტებით არ დასტურდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) მიხედვით, ამჟამად დედამიწაზე ახალი კორონავირუსით, SARS-CoV-2-ით გამოწვეული დაავადების, COVID-19-ის პანდემია მძვინვარებს. 2021 წლის 11 იანვრის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით, ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 90 მლნ-ს გადააჭარბა, 2 მილიონამდე ადამიანი კი გარდაიცვალა. საქართველოში, ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსის 240 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 2,796 ადამიანი.
კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამი პირველად 2019 წელს, ჩინეთში, ქალაქ უჰანში დაფიქსირდა და მთელ მსოფლიოში, სწრაფი ტემპით, გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ ჯერ კიდევ 30 იანვარს გამოაცხადა. 11 მარტს კი, მსოფლიოში ახალი ვირუსის გავრცელების მასშტაბებიდან და დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, პანდემია გამოცხადდა. პირველ ეტაპზე, კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად ქვეყნებმა მკაცრ ზომებს მიმართეს (საზღვრების ჩაკეტვა, საყოველთაო კარანტინი). ზაფხულის ბოლოდან მოყოლებული, მსოფლიო მასშტაბით ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულდება, რაც საზღვრების გახსნისა და მკაცრი შეზღუდვების გაუქმების შემდეგ მოსალოდნელიც იყო.
აღსანიშნავია, რომ COVID-19 უფრო გადამდებია, ვიდრე სეზონური გრიპი. კორონავირუსის ეს შტამი 2-2.5 ადამიანს აინფიცირებს, გრიპი კი - 1.3-ს. COVID-19 უფრო სწრაფად და მარტივად ვრცელდება. ამასთან, COVID-19-ის შემთხვევაში სიკვდილიანობის კოეფიციენტი გაცილებით მაღალია. COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი დაახლოებით 1%-ია, სეზონური გრიპის გარდაცვალების მაჩვენებელი კი დაახლოებით 0.1%-ია. თუმცა, ამ ეტაპზე, კორონავირუსის პანდემია აქტიურ ფაზაშია, შესაბამისად COVID-19-ის სიკვდილიანობის ზუსტი კოეფიციენტის განსაზღვრა რთულია და ეს პანდემიის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, COVID-19-ით სიკვდილიანობის ზუსტი კოეფიციენტი არ არის ცნობილი, მაგრამ სავარაუდოდ, იგი მნიშვნელოვნად მაღალია, (შესაძლოა, 10-ჯერ ან უფრო მეტადაც), ვიდრე გრიპის შტამების უმეტესობის შემთხვევაში.
დიდი ხნის განმავლობაში კი, სიტუაციას ის ფაქტიც ართულებდა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობდა - ვაქცინა სულ რამდენიმე ხნის წინ შეიქმნა. შესაბამისად, მოსახლეობის ახალი ვაქცინით აცრა, რომელმაც პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მოხსნა და ცხოვრების ნორმალური რიტმის დაბრუნება უნდა გახადოს შესაძლებელი, მსოფლიოს ყველა ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს.
--------------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.