დეზინფორმაცია: მუსლიმი მესხები ჯიჰადს გვიცხადებენ, თურქეთი კი სამცხე-ჯავახეთის მიტაცებას ცდილობს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

რეზიუმე: გვერდ www.tvalsazrisi.ge-ზე, 17 ნოემბერს შემდეგი სათაურის სტატია გამოქვეყნდა: „გამოფხიზლდით! ახისკა თურქების ბატალიონის მებრძოლი ჯიხადს გვიცხადებს! – შოთა აფხაიძე“. სტატია შოთა აფხაიძის მიერ, 17 ნოემბერს, საკუთარ Facebook-გვერდზე გავრცელებული პოსტის ანალოგია. სტატიაში ნახსენებია, რომ ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ, მუსლიმი მესხები (1) ღიად ჯიჰადს გვიცხადებენ: „აგერ უკვე, ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე ახისკა თურქების (2) ბატალიონის მებრძოლი ჯიხადს გვიცხადებს და ღიად წერს, რომ გზა მესხეთისკენ – შუშაზე გადის!“. შოთა აფხაიძე პოსტს მუსლიმი მესხების მსოფლიო ასოციაციის (Dünya Ahıska Türkleri Birliği – DATÜB-ის) ოფიციალურ Facebook-გვერდის ბმულს, შემდეგი წარწერით ურთავს: „აი მათი ოფიციალური გვერდიც თქვე სულგაყიდულო ხონთრის მონებო!“. ამასთან ერთად, შოთა აფხაიძე პოსტში საკუთარ სტატიაზე უთითებს, რომელიც ამტკიცებს, თითქოს, თურქეთი სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიის წართმევას ცდილობს. მისი მტკიცებები დეზინფორმაციული ხასიათისაა და ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს.

ანალიზი

მუსლიმი მესხები 1944 წელს, მესხეთის ტერიტორიიდან, საბჭოთა კავშირის ხელისუფლების მიერ, შუა აზიაში გადასახლებული მოსახლეობის შთამომავლებს წარმოადგენენ. დღეს, მუსლიმი მესხები ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქვეყანაში, თურქეთსა და აშშ-ში ცხოვრობენ.

ორგანიზაცია DATÜB მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მუსლიმი მესხების გამაერთიანებელი ორგანიზაციაა. DATÜB-ის ოფიციალურ Facebook გვერდზე ვკითხულობთ, რომ ასოციაცია ოფიციალურად რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომლის მიზანიც კოორდინაცია და მუსლიმი მესხების მიერ დაარსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაა. ორგანიზაცია მუსლიმი მესხების ინტერესების დაცვას ადამიანის უფლებების სფეროში და ხელოვნების, ლიტერატურისა და კულტურის მიმართულებით ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ორგანიზაცია მუსლიმ მესხთა შორის იდენტობის, ერთიანობისა და სოლიდარობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ამასთან ერთად, DATÜB მუსლიმი მესხების ენის, კულტურის, განათლებისა და ტრადიციების დაცვასა და განვითარებას ემსახურება. ორგანიზაცია მუსლიმ მესხებს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებისთვის საჭირო პროცესების წარმართვაში აქტიურად ეხმარება.

DATÜB-ის ოფიციალურ გვერდზე მართლაც ვხვდებით პოსტებს, რომლებშიც ყარაბაღის ომზეა საუბარი, თუმცა პოსტების შინაარსი რადიკალურად განსხვავდება შოთა აფხაიძის მტკიცებისგან, თითქოს მუსლიმი მესხების ბატალიონის მებრძოლი საქართველოს ჯიჰადს უცხადებს. პირველ რიგში, DATÜB, როგორც უკვე აღინიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციაა და ყარაბაღის ომში მონაწილე მუსლიმ მესხებს ან მუსლიმი მესხების ბატალიონს არ წარმოადგენს. პოსტებით დასტურდება მუსლიმი მესხების მონაწილეობა ყარაბაღის ომში აზერბაიჯანის მხარეს, ამასთან ერთად, ომში გარდაცვლილი მუსლიმი მესხებისა და აზერბაიჯანის მხარეს დაღუპული სხვა მებრძოლების გამო მწუხარებაა გამოთქმული. საქართველო ამ კონტექსტში ნახსენები არაა.

Facebook-გვერდზე ქალაქი შუშა რამდენჯერმეა ნახსენები, თუმცა მხოლოდ ყარაბაღის ომის კონტექსტში და შესაბამისად, არანაირი კავშირი საქართველოსთან ან საქართველოს წინააღმდეგ ჯიჰადის გამოცხადებასთან არ აღინიშნება.

აღსანიშნავია, რომ შოთა აფხაიძემ Facebook-პოსტის კომენტარში, სავარაუდოდ, საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად, თითქოს მუსლიმი მესხები ჯიჰადს გვიცხადებენ, DATÜB-ის გვერდზე გავრცელებული ვიდეოს ბმული მიუთითა. რეალურად, აღნიშნული ვიდეო DATÜB-ის აღმასრულებელი მდივნის 10-წუთიან სატელევიზიო ინტერვიუს წარმოადგენს, სადაც ის მხოლოდ, ზემოთ ნახსენებ, 1944 წელს, სტალინის ბრძანების შედეგად, მუსლიმი მესხების გადასახლების ისტორიას მიმოიხილავს.

აქვე, აღსანიშნავია ორგანიზაციის თანამშრომლური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რაც მათ პოსტებშიც გამოიხატება. 2020 წლის 14 ნოემბერს, თბილისში, DATÜB-ის მიერ ორგანიზებულ, გადასახლების 76 წლისადმი მიძღვნილ საღამოზე, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მოწვევის სურვილი, ცხადყოფს ორგანიზაციის თანამშრომლურ დამოკიდებულებას საქართველოსთან. პანდემიის გამო, ღონისძიებაზე მთავრობის წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ, თუმცა DATÜB-მა მთავრობას ოფიციალური წერილები გაუგზავნა.

შოთა აფხაიძე პოსტში საკუთარ სტატიაში გაჟღერებულ მტკიცებას იყენებს, თითქოს თურქულ სპეცსამსახურებს, საქართველოს ტერიტორიაზე მუსლიმი მესხების მასიური ჩამოსახლება და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიის მიტაცება სურდეთ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

საქართველომ მუსლიმი მესხების რეპატრიაციის ვალდებულება 1999 წელს, ევროპის საბჭოს გაწევრიანებისას აიღო. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს 2 წლის ვადაში, სტალინის მიერ დეპორტირებულ მუსლიმ მესხებთან მიმართებაში ლეგალური ჩარჩო (სამართლებრივი ბაზა) უნდა შეემუშავებინა, რომელიც მათ რეპატრიაციისა და ინტეგრაციისკენ იქნებოდა მიმართული, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეობის უფლების ჩათვლით. ლეგალური დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ კი 3 წლის ვადაში უნდა დაეწყო მუსლიმი მესხების რეპატრიაციისა და ინტეგრაციის პროცესი.

2007 წლის 11 ივლისს მიღებულ იქნა კანონი (№ 5261) „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ”. მას შემდეგ საქართველოს რეპატრიაციის თხოვნით 5 841-მა სრულწლოვანმა მუსლიმმა მესხმა მიმართა. 2014 წლის მონაცემებით, საქართველოს მთავრობის განცხადებით, მუსლიმი მესხებისთვის რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების თაობაზე განაცხადების მიღების ვადა 2010 წლის 1 იანვარს ამოიწურა. 2014 წელს რეპატრიანტის სტატუსი 1 533 პირს მიენიჭა, ხოლო 173-მა რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირმა მიიღო საქართველოს პირობადებული მოქალაქეობა. (3)

დღეის მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, პირობადებული მოქალაქეობა მიენიჭა 494 რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირს - ყველა იმ პირს, ვინც სახელმწიფოს მიმართა მოქალაქეობის მისაღებად.

აქვე აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 12 სექტემბერს მიღებულ იქნა ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფო სტრატეგია, რომლის მიზანს რეპატრიანტთა ღირსეული და ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.

შოთა აფხაიძე ასევე ცდილობს, თურქეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის სურვილში დაადანაშაულოს. სინამდვილეში, დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. თურქეთის რესპუბლიკა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, დღეს კი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, თურქეთს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მიმართ, პრეტენზია არ გამოუხატავს. მეტიც, დღეს თურქეთი, საქართველოს სახმელეთო მეზობელ ქვეყნებს შორის, ერთადერთია, რომელთანაც მთლიანი სასაზღვრო ზოლი, „საქართველოს რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ“ 1992 წლის 30 ივლისს დადებული ხელშეკრულებით დემარკირებულია.

(1) სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა სახელწოდებაზე დებატები კვლავ მიმდინარეობს, თუმცა საქართველოს მთავრობის ოფიციალურ დოკუმენტებში (ბმული 1; ბმული 2) ტერმინი „მუსლიმი მესხები“ იხმარება.

(2) აჰიცხა თურქი (აქ. ახისკა თურქი) იგივე „თურქი მესხების“ თურქული ვერსიაა (Türk Ahıska).

(3) პირობადებული მოქალაქეობის თანახმად, რეპატრიანტი საქართველოს მოქალაქე ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის უარს იტყვის იმ ქვეყნის მოქალაქეობაზე, საიდანაც საქართველოში უნდა გადმოსახლდეს.

----------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5669 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია